ნესტან კირთაძე
ნესტან კირთაძე | |
საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1995 – 1999 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1992 – 1995 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
დაბადებული | 8 ივნისი, 1959 ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ეროვნულ-დემოკრატიული პარტია საქართველოს მოქალაქეთა კავშირი საქართველოს ლეიბორისტული პარტია |
მეუღლე | ზურაბ რეხვიაშვილი |
შვილები | ანნა რეხვიაშვილი |
განათლება | ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი |
საქმიანობა | ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მწერალი, პოლიტიკოსი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
ნესტან (ელისაბედ) კირთაძე (დ. 8 ივნისი, 1959, ქუთაისი) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მწერალი და პოლიტიკოსი. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და წმიდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ისტორიის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტბზე პროფესორის პოზიციაზე. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან, 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, პარტია „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ პოლიტიკური მდივანი. 2004-2011 წლებში იყო საქართველოს ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი და სოციალისტური ინტერნაციონალის (Socialist International) მიწვეული წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნესტან ელისაბედ კირთაძე დაიბადა 1959 წლის 8 ივნისს, ქუთაისში. 1981 წელს დაამთავრა ალექსანდრე წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. 1990 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, 1996 წელს European Institute of Public Administration - EIPA (მაასტრიხტი).[1][2]
ნესტან კირთაძე არის ისტორიის მეცნიერებათა დიქტორი, პროფესორი, მწერალი. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე: „საქართველოს დამოუკიდებლობა და ევროპა“, ხოლო სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი ბრძოლის ისტორია“, რის შედეგადაც ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.[2]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნესტან ელისაბედ კირთაძე 1987-2006 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე ასისტენტობიდან პროფესორობამდე. 2006 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დატოვა ხმაურიანი საპროტესტო განცხადებით უნივერსიტეტის საქმიანობაში ხელისუფლების აქტიური ჩარევის მიმართ პროტესტის გამო.[1][2]
საპარლამენტო საქმიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან (უპარტიო).[3] იყო საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი და დიდ ბრიტანეთთან საქართველოს ურთიერთობების საპარლამენტო ჯგუფის ხელმღვანელი.1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, პარტია „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ პოლიტიკური მდივანი.[1][3] საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. საქართველოს სახელმწიფო მეთაურთან ერთად მონაწილეობდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრთან სახელმწიფოთა შორის გამართულ მოლაპარარაკებებში და ოფიციალურ სადილზე ლონდონში, Downing Street 10. ნესტან კირთაძემ, სახელმწიფო მეთაურთან, ედუარდ შევარდნაძესთან ერთად, განახორციელა პირველი ვიზიტი ბრიუსელში და ა.შ. არის საქართველოს კონსტიტუციის ( 1995) შემუშავებისა და მიღების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე.[3][2][4]
პოლიტიკური აქტიურობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2004-2011 წლებში იყო საქართველოს ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი და სოციალისტური ინტერნაციონალის (Socialist International) მიწვეული წევრი.[2]
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი 2013 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში. ამ რანგში იგი ოფიციალური ვიზიტებით იმყოფებოდა კიევში, ბრიუსელსა და აშშ-ში,[5] სადაც შეხვედრები გამართა: სახელმწიფო დეპარტამენტში, NDI, IRI ვაშინგტონის ოფისებში და სხვა ინსტიტუტებში. აგრეთვე, გაეროში, კოლუმბიის უნივერსიტეტში და სხვ.[5][2]
სამეცნიერო საქმიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯერ კიდევ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი ნესტან კირთაძე, როგორც აქტივისტი შეუერთდა 1988 წლის ნოემბრიდან დაწყებულ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობას და ამავე დროიდან დაიწყო პუბლიცისტური და აქტიური სამეცნიერო მუშაობა საქართველოში და ქართულ ემიგრაციაში.[2]
დოქტორი ნესტან კირთაძე ათეულობით პუბლიკაციის და მონოგრაფიის ავტორია. მათ შორისაა: „საქართველოს დამოუკიდებლობა და ევროპა“, „1924 წლის აჯანყება საქართველოში“, „კაენ, სად არის ძმა შენი“ და სხვ. თანაავტორი წიგნისა - „საქართველოს ეროვნული იდოლოგიის ორიენტირები“ (პოფესორ დიმიტრი შველიძესთან ერთად), თანაავტორი სახელმძღვანელო წიგნისა „საქართველოს ისტორია“ (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის მეცნიერებთან ერთად).[1]
დოქტორ ნესტან კირთაძეს საერთაშორისო აღიარება მოუტანა აკადემიურმა გამოცემამ - „ნათელი ქრისტესი. საქართველო“,[6] რომელიც ბოლო 17 წლის მანძილზე მსოფლიო დედაქალაქებში, სხვადასხვა საგამოფენო დარბაზებსა და სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში: პარიზში, მოსკოვში, ნიუ იორკში, ტოკიოში, იერუსალიმში, ფრანკფურტში, სახელმწიფოთა მეთაურების, პოლიტიკური ლიდერების, დიპლომატების, ისტორიკოსების, ფილოლოგების, ენათმეცნიერების, კულტუროლოგების, კალიგრაფისტების, თეოლოგების, ქართველოლოგების, ექსპერტების, საქმიანი წრეების, მედიის, აკადემიური და ფართო სპექტრის საზოგადოების წინაშე წარადგენს ქრისტიანული ცივილიზაციის ქვეყანას - საქართველოს. წიგნი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ათონის ივერთა მონასტერს პირადად გადასცა. ის აგრეთვე ინახება მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტეტის რარიტეტულ გამოცემებს შორის. აგრეთვე პარიზში, იუნესკოს შტაბ-ბინაში.[2]
პოლიტიკიდან წასვლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოში პარტიული და პოლიტიკური საქმიანობის შემდეგ ნესტან კირთაძემ საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტის რანგში განაგრძო საქმიანობა ბრიუსელში. განავითარა საერთაშორისო ქსელური კავშირები და განახორციელა სხვადასხვა მიმართულების საერთაშორისო პროექტები და პრეზენტაციები, მათ შორის, შექმნა ალტერნატიული სამშვიდობო პლატფორმა და პროექტი „მუდმივი მშვიდობისათვის“ და გააცნო მსოფლიოს პოლიტიკურ, დემოკრატიულ, დიპლომატიურ და სამშვიდობო ინსტიტუტებს ბრიუსელში (ევროკომისია, ევროპარლამენტი), პარიზში (IFRI), სტრასბურგში (ევროსაბჭო, ევროპარლამენტი), ბერლინში (გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო), ვაშინგტონში (სახელმწიფო დეპარტამენტი), ნიუ იორკში(გაერო), მოსკოვში (პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, მედიას), კიევში, ერევანში და სხვ.
ალტერნატიული სამშვიდობო პლატფორმის ახალი ინიციატივები ნესტან კირთაძემ, წერილობით გაუგზავნა, აგრეთვე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პირველ პირებს ალექსანდრე ანქვაბს და ლეონიდ თიბილოვს. აფხაზური მხარის მიწევით მზადდებოდა ნესტან კირთაძის ვიზიტი სოხუმში. საქართველოს ხელისუფლებამ ნესტან კირთაძეს არ მისცა სოხუმში გამგავზრების ოფიციალური დასტური.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნესტან კირთაძე დაჯილდოვებულია მედიაჯილდო ოქროს პერგამენტით. დაჯილდოვებულია წიგნისათვის „ნათელი ქრისტესი. საქართველო“. მიღებული აქვს საერთაშორისო ჯილდო - „World Woman“ (სამშვიდობო, სამეცნიერო, პოლიტიკური და დიპლომატიური მოღვაწეობისათვის), რომელიც . ჯილდო მიანიჭა EuroWoman Global Business Forum 2014-ზე.
საინტერესო ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნესტან კირთაძე იყო პირველი პოლიტიკოსი, რომელმაც პარლამენტის ტრიბუნიდან მოითხოვა არაფორმალური შეიარაღებული ორგანიზაციების განიარაღება და მათი სახელმწიფოებრივ - სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა. აფხაზეთში ომის მიმდინარეობის დროს ხშირად იყო სოხუმში, ეხმარებოდა მშვიდობიან მოსახლეობას სურსათით უზრუნელსაყოფად, სახელმწიფო მეთაურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად ახორციელებდა უცხოელი ჟურნალისტებისა და დიპლომატების ჩაყვანას აფხაზეთში. კირთაძემ სოხუმი, დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე, პარლამენტის წევრთან, ზურაბ ჟვანიასთან ერთად დატოვა.[2]
ამერიკელი ქართველი და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის არქივის კომისიის წევრო, გივი ზალდასტანი საგანგებოდ დაუკავშირდა ნესტან კირთაძეს, რომელმაც გამოსაცემად ჩამოუტანა ცნობილი ქართველი ემიგრანტის გივი გაბლიანის ხელნაწერები ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე.
ნესტან კირთაძემ შემოქმედებით ჯგუფთან და მწერალ როსტომ ჩხეიძესთან ერთად გამოსცა გივი გაბლიანის ხელნაწერები ორ ტომად და ამ ფორმით საქართველოში დააბრუნა საბჭოთა რეჟიმის მიერ აკრძალული გივი გაბლიანი, ხოლო ორტომეულმა დიდი როლი შეასრულა მეორე მსოფლიო ომის ისტორიის ხელახლა გააზრებაში და კვლევაში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნესტან კირთაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ნესტან კირთაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მესამე მოწვევა)
- ნესტან კირთაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მეოთხე მოწვევა)
- ინტერვიუ
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 ნესტან კირთაძე ბიოგრაფია. www.nplg.gov.ge (21 დეკემბერი, 2020).
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 2.8 ნესტან კირთაძე: პოლიტიკას სქესი არ აქვს. sputnik-georgia.com. 23 მარტი, 2016 (21 დეკემბერი, 2020).
- ↑ 3.0 3.1 3.2 ნესტან კირთაძე - საქართველოს პარლამენტი. www.parliament.ge (21 დეკემბერი, 2020).
- ↑ Nestan Kirtadze - civil.ge. civil.ge (21 დეკემბერი, 2020). ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2013.
- ↑ 5.0 5.1 ნესტან კირთაძე ნიუ იორკში ამომრჩევლებს შეხვდა. www.amerikiskhma.com (21 დეკემბერი, 2020). ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი, 2013.
- ↑ “ნათელი ქრისტესი საქართველოს” სამტომეული. netgazeti.ge. 14 ივნისი, 2018 (21 დეკემბერი, 2020). ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი, 2013.
|