შინაარსზე გადასვლა

რომულუსი და რემუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომულუსი
Romulus

მგელი, რომელმაც ჩვილი რომულუსი და რემუსი გამოკვება
რომის მეფე
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 753
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 717
წინამორბედი: არავინ
მემკვიდრე: ნუმა პომპილიუსი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ძვ. წ. 771
დაბ. ადგილი: ალბა-ლონგა
გარდ. თარიღი: ძვ. წ. 717
გარდ. ადგილი: რომი
მამა: მარსი

რომულუსი (ლათ. Romulus) (დ. ძვ. წ. 771 — გ. ძვ. წ. 717) — რომის ლეგენდარული დამაარსებელი მის ტყუპისცალ ძმასთან — რემუსთან (დაახ. ძვ. წ. 771ძვ. წ. 753) ერთად, რომლებიც ომის ღმერთის, მარსის, შვილები იყვნენ. გადმოცემით, რომელიც პლუტარქესა და ტიტუს ლივიუსის ცნობებს ეყრდნობა, რომულუსი რომის პირველი მეფე იყო.

რომულუსმა რემუსი მოკლა უთანხმოების გამო იმაზე, თუ ვის უჭერდა მხარს ღმერთი, როგორც ახალი ქალაქის მმართველს, და ვისი სახელი უნდა რქმეოდა ამ ქალაქს. ქალაქს მათ რომი დაარქვეს. თქმულების მიხედვით რომულუსი ერთ ბორცვზე იდგა, რემუსი კი მეორეზე, როდესაც ჩიტების ჯგუფმა რომულუსს კამარა შემოარტყა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის მეფე უნდა გამხდარიყო. ქალაქის დაფუძნების შემდეგ, რომულუსმა ლეგიონებისა და სენატის დაარსებასთან ერთად, მას ახალი მოქალაქეებიც შემატა მეზობელი საბინების ტომებისგან ქალების მოტაცებით, რამაც საბინებისა და რომაელების ერთ ხალხში აღრევა გამოიწვია. წარმატებული დაპყრობითი ომების წყალობით რომულუსმა დროთა განმავლობაში სამეფოს ვრცელი ტერიტორია და დიდი რაოდენობით ხალხი შემოუერთა.

გარდაცვალების შემდეგ რომულუსს ღმერთი ქირინუსის სტატუსი მიანიჭეს და ის რომაელი ხალხის ღვთიური განსახიერება გახდა. დღეს მას მითოლოგიურ ფიგურად მიიჩნევენ, ხოლო მისი სახელი ქალაქი რომისგან წარმოებული უნდა იყოს, რომელიც თავის მხრივ სიტყვისგან „მდინარე“ უნდა მომდინარეობდეს.

რომის დაარსების შესახებ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომის სახელის ზუსტი ეტიმოლოგია უცნობია. ერთ-ერთი მოსაზრებით, ქალაქი პელასგებმა დააარსეს და თავისი იარაღის სიძლიერის აღსანიშნავად დაარქვეს ქალაქს ეს სახელი (Rhōmē ბერძნულად ნიშნავს ძალას). სხვა მოსაზრებით ტროას დაცემის შემდეგ ვინც გადარჩა და მოახერხა გემებზე დაჯდომა, გასცურეს ერუტრიისკენ. ქალები ძალიან ცუდად იტანდნენ ცხოვრებას გემებში და ერთ-ერთმა მათგანმა, ვინმე რომამ, სხვა ქალები დაარწმუნა დაეწვათ გემები. ქმრები იძულებულნი გახდნენ ერთ ადგილას დასახლებულიყვნენ, ეს ადგილი პალატინუსი იყო. ახალ ადგილს ტროელი ლტოლვილები კარგად მოერგნენ, რომა მათ პატივით შეამკეს და მისი სახელი დაარქვეს ახლად დაარსებულ ქალაქს.

არსებობს კიდევ მრავალი მოსაზრება, მაგრამ ანტიკური ავტორები და, მათ შორის, პლუტარქეც მიიჩნევდნენ რომ რომის დამაარსებელი რომულუსი იყო. რომულუსის წარმომავლობაზეც მრავალი მოსაზრება არსებობს. ზოგი მიიჩნევს რომ იგი ენეოსის ვაჟი იყო და ძმასთან ერთად იტალიაში მოხვდა როდესაც პატარა ბავშვი იყო. სხვა მოსაზრებით იგი ენეოსის ქალიშვილის ვაჟი იყო, ხოლო მამამისი ომის ღმერთი მარსი იყო. ამის გარდა რომულუსის და რემუსის დაბადების შესახებ კიდევ არაერთი ლეგენდა მოგვითხრობს.

რომულუსის დაბადება და სიყმაწვილე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჩვილი რომულუსი და რემუსი

პლუტარქე რომულუსის დაბადების შემდეგ მონათხრობს მიიჩნევს სანდოდ: ალბა ლონგაში მეფობდნენ ენეოსის ჩამომავლები ნუმიტორი და ამულიუსი. ამულიუსმა ხელში ჩაიგდო ძმის ტახტხი და რათა მის ძმისშვილს არ ჰყოლოდა შვილები, დანიშნა იგი ქალღმერთ ვესტას ქურუმად. რამდენიმე ხნის შემდეგ გაირკვა, რომ იგი ფეხმძიმედ იყო. ეს ვესტას ქურუმების წესის უხეში დარღვევა იყო. ამისთვის ქალი დაამწყვდიეს და მასთან არავის უშვებდნენ.

მან გააჩინა ორი ვაჟი, ლამაზები და ძლიერები. ამან აღაშფოთა ამულიუსი და უბრძანა მსახურს, ბავშვები ტყეში წაეყვანა და იქ დაეტოვებინა. მსახურმა ბავშვები კალათაში ჩასვა და მდინარის პირას დატოვა. მდინარე ადიდდა, აიტაცა კალათა და გაიტანა მდელოზე. აქ ისინი ძუ მგელმა იპოვა და გამოკვება. ბავშვების დაცვაში მას კოდალა ეხმარებოდა. კოდალა და მგელი მარსის ღვთაებრივი ცხოველები არიან.

ჩვილები ამულიუსის მწყემსმა ფაუსტულმა იპოვა და გაზარდა. ნუმიტორის მომხრეებმა იზრუნეს მათ განათლებაზე. ბიჭები ლამაზები, ღონივრები და გულადები გაიზარდნენ, მაგრამ რომულუსი მაინც უფრო ჭკვიანი და საზრიანი იყო, ყველა ხედავდა რომ იგი ძალაუფლებისთვის იყო დაბადებული.

ძმებმა თავის გარშემო ათასგვარი ხალხი შეკრიბეს, მათ შორის იყვნენ მონები, ღატაკები და ათასგვარი ავანტიურისტები. მათთან ასევე ამულეუსის ტირანიით უკმაყოფილონი იკრიბებოდნენ, ალბათ ამან უბიძგა ძმებს მეფის წინააღმდეგ აჯანყება მოეწყოთ. ამულიუსი შეიპყრეს და მოკლეს.

ალბ–ლონგაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ძმებმა არ მოისურვეს ქალაქში დარჩენა და დამოუკიდებლად ქალაქის დაარსება განიზრახეს. ამ ნაბიჯისკენ მათ იმ ფაქტმაც უბიძგა, რომ მათ გარშემო შეკრებილ გაქცეულ მონებთან ქალაქის მოქალაქეებს ურთიერთობის სურვილი არ ჰქონდათ. ვერ მოასწრეს ძმებმა ქალაქის მშენებლობის დაწყება, როდესაც ადგილის არჩევის გამო წაიჩხუბეს. რომულუსმა პალატინის ბორცვი აარჩია, ხოლო რემუსს სურდა ქალაქის რემორიასთან დაარსება. ძმებმა გადაწყვიტეს ფრინველებზე მკითხაობით გადაეწყვიტათ ეს საკითხი, რომულუსის მხრიდან ექვსი ძერა გამოფრინდა ხოლო რემუსის მხრიდან ორჯერ მეტი. ზოგი ამბობს, რომ რომულუსმა მოიტყუა და რემუსი რომ მივიდა ფრინველები მხოლოდ მაშინ გამოფრინდნენ.

რემუსი ამის გამო ძალიან გაბრაზდა და როდესაც რომულუსმა კედლის გარშემო თხრილის თხრა დაიწყო, რემუსი მას დასცინოდა და საქმეს უფუჭებდა. ერთხელაც გადაახტა თხრილს და მკვდარი დაეცა. ზოგი ამბობს რომ იგი რომულუსმა მოკლა, ხოლო სხვები ამბობენ, რომ რომულუსის მეგობარმა ცელერუსმა.

რემუსის დაკრძალვის შემდეგ რომულუსმა დაასრულა ქალაქის მშენებლობა. მან ერუტრიიდან მოიწვია ქურუმები ქალაქის საკურთხევლად. გავრცელებული აზრის მიხედვით რომი დაარსდა მაისის კალენდებამდე 11 დღით ადრე, მეექვსე ოლიმპიადიდან მესამე წელს (ძვ. წ. 753 წლის 21 აპრილი).

ქალაქის დაარსების შემდეგ რომულუსმა დაყო სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ხალხი რააზმებად. ყოველი რაზმი შედგებოდა 3000 ქვეითისგან და 300 ცხენოსნისგან და ეწოდებოდა ლეგიონი. ასი საუკეთესო მოქალაქისგან რომულუსმა სენატი ჩამოაყალიბა, რაც უხუცესთა საბჭოს ნიშნავს. სენატორებს ეწოდათ პატრიციუსები ან იმიტომ რომ ისინი კანონიერი შვილების მამები იყვნენ, ან იმიტომ რომ მათ საკუთარი მამების დასახელება შეეძლოთ, მათ შორის ვინც რომის დაარსებისას ჩამოვიდნენ ქალაქში, ამის გაკეთება ბევრს არ შეეძლო. სხვა მოსაზრებით კი რომულუსს უნდოდა ძლიერთა და სუსტთა შორის მამაშვილური დამოკიდებულების ჩამოყალიბება და ამიტომ უწოდა ძლიერთ მამები, პატრონები ანუ მფარველები.

ამან გამოიწვია პატრონების და კლიენტების ინსტიტუტების ჩამოყალიბება. პატრონი კლიენტს იცავდა სასამართლოებში, ეხმარებოდა რჩევებით, უხსნიდა კანონებს, ხოლო კლიენტი ემსახურებოდა პატრონის ინტერესებს. სასამართლოში კლიენტებს და პატრონებს ერთმანეთის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის უფლება არ ჰქონდათ.

საბინელებთან ომი

ქალაქის დაარსებიდან ოთხი თვის შემდეგ ქალაქში უკვე ბევრი ხალხი იყო დასახლებული, მათ შორის ცოლიანები უმცირესობას წარმოადგენდნენ, ბევრი ჩამოსახლებული კი საკმაოდ საეჭვო პირი იყო, ნებაყოფლობით ქალები წესიერი ოჯახებიდან მათ ცოლად არ გაჰყვებოდნენ. რომულუსმა ჩათვალა, რომ ამ ხალხისგან ახალი ქალაქის მოქალაქეების ჩამოსაყალიბებლად და ასევე საბინელებთან დასაახლოვებლად სჭირდებოდა ნათესაური კავშირების შექმნა.

რომულუსმა ჭორი გაავრცელა, თითქოს აღმოაჩინა ღმერთ კონსუსის საკურთხეველი, რომელიც დიდ ცირკში მოათავსეს და რომულუსმა დიდი მსხვერპლშეწირვები მოაწყო. დღესასწაულზე უამრავი ხალხი შეიკრიბა, რომულუსი კი სენატორებთან ერთად წითელ მოსასხამში გამოწყობილი იჯდა. მან ანიშნა რომაელებს დაეწყოთ თავდასხმა. რომაელებმა იშიშვლეს ხმლები და საბინელების ქალიშვილებს ეცნენ. მამებს არ შეუშალეს ხელი გაქცეულიყვნენ. მოიტაცეს მხოლოდ ქალიშვილები, არც ერთი გათხოვილი ქალი არ დაუკავებიათ. ეს ამბავი 18 აგვისტოს მოხდა.

გამარჯვებული რომულუსი

საბინელებმა რომულუსთან ელჩობა გააგზავნეს და სთხოვეს მოტაცებული ქალების დაბრუნება, ზარალის ანაზღაურება და კანონიერი გზებით დანათესავება. რომულუსმა ქალები არ დააბრუნა და მოუწოდა საბინელებს ეცნოთ ქორწინებები. საბინელთა მეფემ მიიჩნია რომ რომულუსის თავხედობა ყველა ზღვარს სცილდება და იგი ძალიან საშიშია და გაილაშქრა რომზე. როდესაც ორი ლაშქარი ერთმანეთს შეხვდა, რომულუსი პირადად შეებრძოლა და დაამარცხა საბინელთა მხედართმთავარი. მან ასევე აიღო საბინელთა ქალაქი და უბრძანა მოსახლეობას დაენგრიათ სახლები და რომში გადმოსახლებულიყვნენ. ამის შემდეგ სხვა ქალაქებმაც გაილაშქრეს რომის წინააღმდეგ, მაგრამ ყველა დამარცხდა. რომაელები ანგრევდნენ საბინელთა ქალაქებს და მოსახლეობას აიძულებდნენ რომში გადმოსახლებულიყვნენ, მათ მიწებს კი რომაელები იყოფდნენ, მხოლოდ მოტაცებული ქალების მამების მიწებს არ ახლეს ხელი.

საბინელებმა კიდევ შეკრიბეს ჯარი და გაემართნენ რომისკენ. ქალაქის ერთ-ერთი მცველის ქალიშვილმა ტაპიამ გაუღო საბინელებს ჭიშკარი, რადგან საბინელთა ოქროს სამაჯურები მოეწონა. ქალაქში შესვლის შემდეგ საბინელებმა მოიხსნეს სამაჯურები და ფარები და ესროლეს მოღალატეს, ისე რომ ტაპია ფარების სიმძიმის ქვეშ დაიღუპა.

ქალაქში ცხარე ბრძოლა გაიმართა, რომული დაჭრეს, უპირატესობას ვერცერთი მხარე ვერ აღწევდა, დანაკარგი კი ორივეს დიდი ჰქონდა. ამ დროს გამოჩნდნენ მოტაცებული საბინელი ქალები და შეევედრნენ ორივე მხარის მეომრებს შეეწყვიტათ ბრძოლა. მათ დააწმუნეს საბინელები რომ რომაელი ქმრები მათ პატივს სცემენ და უყვართ და ახლა, როდესაც ისინი ცოლები და დედები გახდნენ გვიანია მათი უკან დაბრუნება. ასე დასრულდა ბრძოლა და დაიწყო მოლაპარაკებები, ქალებმა კი დაჭრილებს უპატრონეს და ანახეს საბინელებს რომ ქმრები მათ პატივისცემით და სიყვარულით ეპყრობიან.

საბინელებთან გაერთიანება და სხვა მეზობლებთან ომი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხარეები შეთანხმდნენ დაეტოვებინათ ქალები ვი��ც დარჩენას მოისურვებდა, ყველანი დასახლებულიყვნენ რომში და რომულუსთან ერთად ემეფა საბინელ მეფესაც.

ამგვარად რომის მოსახლეობა გაორმაგდა, ძველ პატრიციუსებს ახალი 100 პატრიციუსი დაემატა საბინელებისგან. ლეგიონებშიც უკვე 6 ათასი ქვეითი იყო და 600 ცხენოსანი. ხალხიც სამ ნაწილად გაყვეს, პირველს უწოდეს „რამნენსუსი“ რომულის პატივსაცემად, „ტატნესუსი“ ტატიუსის პატივსაცემად და „ლუკერსუსი“ კორომის პატივსაცემად, სადაც ბევრი თავს აფარებდა. ამ დანაყოფს ტრიბი ეწოდა, ხოლო ტრიბებს სათავეში ტრიბუნები ედგნენ. ყოველი ტრიბი შედგებოდა ათი კურიისგან.

რომაელებმა და საბინებმა ბევრი რამე გადაიღეს ერთმანეთისგან, სამხედრო აღჭურვილობა, კალენდარი, დღესასწაულები, რელიგია. რომულუსი რელიგიურ რიტუალების გულმოდგინედ იცავდა, ბევრი კულტის წარმოშობას სწორედ მის სახელს უკავშირებენ.

ტატიუსის მმართველობის მეხუთე წელს, მისმა ნათესავებმა შენიშნეს ლავრენტიუმიდან მომავალი ელჩები და სცადეს მათთვის ფულის წართმევა, ელჩებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და ნათესავებმა ისინი მოკლეს. როდესაც რომულუსმა შეიტყო ეს ამბავი, იგი განრისხდა და ბრძანა სიკვდილით დაესაჯა, ხოლო ტატიუსი ყოველგვარად ცდილობდა შეეცვლევინებინა რომულუსისთვის გადაწყვეტილება, მათ შორის ეს ერთადერთი ღია დაპირისპირება იყო. ელჩების ნათესავებმა რადგან ტატიუსის მიზეზით ვერ მიიღეს სამართალი, თავს დაესხნენ მას და მოკლეს, ხოლო რომულუსს თაყვანი სცეს მისი სამართლიანობის გამო. რომულუსმა ტატიუსი პატივით დაკრძალა, მაგრამ მისი მკვლელების დასჯა საჭიროდ არ ჩათვალა.

რომულუსმა დაიპყრო ბევრი მეზობელი ქალაქი, ზოგის მოსახლეობა რომში გადმოასახლა და დაანგრია, ხოლო ზოგ ქალაქში რომაელები ჩაასახლა.

რომის სიძლიერე დღითიდღე მატულობდა, ეტრუსკები მათ გაძლიერებას შიშით უყურებდნენ. ქალაქ ვიიმ პირველმა გამოუცხადა ომი რომს. ბრძოლაში რომაელებმა და რომულუსმა არნახული მამაცობა გამოაჩინეს. როდესაც მტრის ჯარი დამარცხდა, რომულუსმა დაიკავა ქალაქი. ვიის მოქალაქეებმა სამშვიდობო ზავი დადეს რომაელებთან, ზავის პირობებით, მათ გადასცეს ნაწილი ტერიტორიები რომს და მძევლებად 50 ყველაზე პატივცემული მოქალაქე გაატანეს. ოქტომბრის იდებში რომულუსი ტრიუმფით დაბრუნდა რომში.

რომულუსის პატივსაცემი წარწერა

მმართველობა და გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს რომულუსის უკანასკნელი ომი იყო. როდესაც მისი ბაბუა ნუმიტორი გარდაიცვალა, იგი უნდა გამხდარიყო ალბა ლონგას მეფე, მაგრამ მან ალბას მოქალაქეებს უფლება მისცა თვითონ ემართათ ქალაქი და მხოლოდ მმართველი დაუნიშნა. ამან რომაელებს უბიძგა ისეთი სახელმწიფოს შექმნის სურვილისკენ, სადაც არ იქნებოდა მეფე, ვინაიდან, ამ დროისთვის რომულუსი ერთპიროვნული მმართველი გახდა და პატრიციებს მხოლოდ ადათის დაცვის მიზნით კრებდა და არა მათი რჩევების მოსასმენად.

რომულუსი იქამდე მივიდა რომ ვიიდან წამოყვანილი მძევლები სენატის აზრის კითხვის გარეშე დააბრუნა, ამით მან სენატორები ძალიან შეურაცხყო. მალე, ივლისის ნონებში რომულუსი გაქრა. მის გარდაცვალებაზე ამ თარიღის გარდა სხვა სანდო ცნობები არ არსებობს. ზოგი მიიჩნევს რომ სენატორები მას ვულკანის ტაძარში დაესხნენ თავს, მოკლეს, სხეული აკუწეს და გადამალეს. სხვა მოსაზრებით რომულუსი გაქრა რომის გარეთ, ეგრეთ წოდებულ თხის ჭაობებთან. კიდევ სხვა მოსაზრებით, მან ფორუმზე შეკრიბა ხალხი, ამ დროს მზის დაბნელება მოხდა, ატყდა ქალიშხალი, ხოლო როდესაც გამოიდარა მეფე ვერსად ვერ იპოვეს, სენატორებმა გამოაცხადეს რომ იგი ღმერთებთან ავიდა და აკრძალეს მასზე ცნობების მოგროვება. ზოგმა დაიჯერა ეს, სხვებმა კი პატრიციებს მეფის მკვლელობა დააბრალეს.

ითვლება რომ რომულუსი 54 წლის ასაკში, მეფობის 38-ე წელს გაქრა.

  • სტატია დაწერილია პლუტარქეს შედარებითი ბიოგრაფიების რომულუსის ბიოგრაფიის და ტიტუს ლივიუსის „რომის ისტორია დასაბამიდან“ მიხედვით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წინამორბედი:
-
რომის მეფე
ძვ. წ. 753–ძვ. წ. 717
შემდეგი:
ნუმა პომპილიუსი