შინაარსზე გადასვლა

ოსმალეთის სასულთნოს გაუქმება

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეჰმედ VI გამოდის დოლმაბაჰჩეს სასახლის უკანა კარიდან.

ოსმალეთის სასულთნოს გაუქმება (თურქ.: Saltanatın kaldırılması) —1922 წლის 1 ნოემბერს თურქეთის დიდი ეროვნული კრების მიერ ოსმალეთის სასულთნოს გაუქმებით დასრულდა 1299 წელს დაარსებული ოსმალეთის იმპერიის არსებობა. 1922 წლის 11 ნოემბერს ლოზანაში გამართულ კონფერენციაზე აღიარეს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის სუვერენიტეტი თურქეთის ტერიტორიაზე მთავრობით ანკარაში. ბოლო სულთანმა მეჰმედ VI-მ დატოვა ოსმალეთის დედაქალაქი სტამბოლი 1922 წლის 17 ნოემბერს. იურიდიული პოზიციები გამყარდა 1923 წლის 24 ივლისს ლოზანის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ.

ოსმალეთის იმპერია პირველ მსოფლიო ომში ცენტრალურ ძალებთან ერთად  1914 წლის 11 ნოემბერს ჩაერთო. პირველი მსოფლიო ომის ბრძოლები ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე დასრულდა მუდროსის დროებითი ზავით 1918 წლის 30 ოქტომბერს. კონსტანტინოპოლის ოკუპაცია ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის ჯარების მიერ  1918 წლის 13 ნოემბერს მოხდა.

სულეიმან შეფიკ ფაშა, სახალიფოს არმიის მეთაური

ოსმალეთის იმპერიის დაყოფა დაიწყო ლონდონის პაქტის (1915) ხელმოწერით და გაგრძელდა რამდენიმე შეთანხმებით ანტანტის წევრებს შორის. ბრიტანულმა ჯარებმა სამხედრო მმართველობის დამყარების შემდეგ დაიწყეს საიმპერატორო შენობების ოკუპაცია და ნაციონალისტების დაპატიმრება, 1920 წლის 15 მარტის ღამეს. 1920 წლის 18 მარტს ოსმალეთის პარლამენტმა მოკავშირეებს პროტესტი გაუგზავნა  მისი ხუთი წევრის დაპატიმრების გამო.  ეს გახლდათ პარლამენტის  უკანასკნელი შეკრება, რაც ოსმალეთის პოლიტიკური სისტემის დასასრულს ნიშნავდა. სულთანმა მეჰმედ VI-მ 1920 წლის 11 აპრილს დაშალა ოსმალეთის გენერალური კრება. კონსტანტინოპოლის მთავრობა, ბიუროკრატიულ აპარატთან ერთად , მაგრამ პარლამენტის გარეშე, კვლავ აქტიური რჩებოდა სულთანის მეთაურობით.

1920 წლის 10 აგვისტოს სევრის ხელშეკრულებამ დაასრულა იმპერიის დაყოფა.[1] იმ დროს მალტაში ეტაპობრივად გადაასახლეს დაახლოებით 150 პოლიტიკოსი. თურქეთის ნაციონალურმა მოძრაობამ მუსტაფა ქემალის მეთაურობით 1920 წლის 23 აპრილს  ანკარაში დააარსა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა.

თურქეთის დიდმა ეროვნულმა კრებამ კონსტანტინოპოლის მონარქიული მთავრობის წინააღმდეგ, რომლის ხალიფა იყო მეჰმედ VI,  დაიწყო ომი თურქეთის დამოუკიდებლობისათვის (ქემალისტური რევოლუცია). კონსტანტინოპოლის მთავრობამ  ( პარლამენტის გარეშე) ჩამოაყალიბა არმია Kuva-yi Inzibatiye, რომელიც ცნობილი იყო "სახალიფოს არმიის" სახელწოდებით, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის არმიის Kuva-yi Milliye-ს წინააღმდეგ.[2]

სახალიფოს არმია

ომის დროს, რომელიც თურქეთის დამოუკიდებლობისთვის მიმდონარეობდა,  აჯანყებებთან ერთად კონფლიქტები მოხდა ბოლუში, დუზჯეში, ჰენდეკში, ადაფაზარში. სახალიფოს ჯარები ახლოს იყვნენ ისლამის იდეებთან, აქედან მომდინარეობდა სახელწოდებაც. დიდი ბრიტანეთი სახალიფოს არმიას იარაღით ამარაგებდა. სახალიფოს არმიის, ისევე როგორც ბრიტანელების სტრატეგიული ამოცანა გახლდათ აღეკვეთათ ეროვნული ძალების  წინსვლა სრუტეებისკენ. Kuva-yi Milliye-მ დაამარცხა სახალიფოს არმია. არარეგულარული საომარი მოქმედებები მალევე შეწყდა. საბერძნეთის ომის დაწყებამდე Kuva-yi Milliye გახდა ორგანიზებული არმიის საფუძველი, რომელიც მოგვიანებით გადაკეთდა თურქეთის შეიარაღებულ ძალებად.[3]

ოსმალეთის იმპერიის დასასრული

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სულთანი მეჰმედ VI , 1920

ოსმალეთის იმპერიამ სუვერენიტეტი მოიპოვა ოსმან I -ის მეფობის დროს, რომელიც  მისი დამაარსებელი იყო. მისი ოჯახი და შთამომავლები უწყვეტად მართავდნენ იმპერიას 1299 წლიდან მთელი მისი ისტორიის განმავლობაში. ოსმალეთის დინასტიას, რომელსაც წარმოადგენდა სულთანი, ჰქონდა უმაღლესი ძალაუფლება ყველა პოლიტიკურ ერთეულზე. სულთანი გახლდათ ერთადერთი და აბსოლუტური რეგენტი, სახელმწიფოს მეთაური და იმპერიის მთავრობის მეთაური. დიდი ვეზირები და ოსმალეთის კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური სისტემა სულთნის ბრძანებით მოქმედებდნენ.

ლოზანის კონფერენციაზე   მოკავშირეებმა მოწვევა გაუგზავნეს როგორც კონსტანტინოპოლის, ისე ანკარის მთავრობას. მუსტაფა ქემალი დარწმუნებული იყო, რომ კონფერენციაში მონაწილეობა მხოლოდ ანკარის მთავრობას უნდა მიეღო. 1922 წლის 1 ნოემბერს დიდმა ეროვნულმა კრებამ კონსტანტინოპოლში სასულთნოს მთავრობა უკანონოდ გამოაცხადა. დიდმა ეროვნულმა კრებამ ასევე გადაწყვიტა, რომ კონსტანტინოპოლმა, როგორც დედაქალაქმა, მოკავშირეების მიერ მისი ოკუპაციის მომენტიდან შეწყვიტა ფუნქციონირება. გარდა ამისა, მათ განაცხადეს, რომ სასულთნო გაუქმდა. სასულთნოს გაუქმებით დასრულდა ოსმალეთის იმპერია. რეზოლუციის წაკითხვის შემდეგ მეჰმედ VI-მ 17 ნოემბერს ბრიტანულ საბრძოლო ხომალდ მალაიას შეაფარა თავი.

მეჰმედ VI-ის გაქცევის შემდეგ, მისი მთავრობის დანარჩენი მინისტრები ახალი პოლიტიკური რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ. არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც გამოცხადებულია ოსმალეთის სახელმწიფოს ან სულთნის კაპიტულაცია. ლოზანის კონფერენციამ, 1922 წლის 11 ნოემბერს, აღიარა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის, როგორც ოსმალეთის იმპერიის შემცვლელის სუვერენიტეტი,  ბოლო სულთანმა მეჰმედ VI-მ კონსტანტინოპოლი დატოვა 1922 წლის 17 ნოემბერს.[4]

ლოზანაში გამართულ კონფერენციაზე 600 პირის სია  წარადგინეს. სიაში მყოფები პერსონა ნონ გრატად უნდა გამოცხადებულიყვნენ. სია მიზნად ისახავდა ოსმალეთის იმპერიის მმართველი ელიტის ჩამოცილებას. ლოზანის მოლაპარაკებების დროს  სია 150-მდე შეამცირდა. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 1923 წლის 24 ივლისს.

ბერძენმა, ბულგარელმა და სერბმა ქვეშევრდომებმა იმპერია დატოვეს 1828-1908 წლებში ოსმალეთის იმპერიის დაცემის და მოდერნიზაციის დროს, ალბანელმა და სომეხმა (სომხური ეროვნული მოძრაობისა და სომხეთის პირველი რესპუბლიკის) ქვეშევრდომებმა  იმპერია დატოვეს ან  დარბევების დროს დაიღუპნენ ოსმალეთის იმპერიის დაშლის (1908-1922) წლებში. ძირძველი სომეხი და ბერძენი მოსახლეობა ოსმალებმა (ახალგაზრდა თურქებმა) და ქემალისტებმა 1915-1922 წლებში გაანადგურეს ან განდევნეს. 1922 წლისთვის თურქეთში დარჩენილი მაცხოვრებლების უმეტესობა თურქი ან ქურთი ეროვნების მუსლიმი იყო. თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა თურქეთის რესპუბლიკად გამოაცხადა 1923 წლის 29 ოქტომბერს.[5]

  1. Finkel 2007, p. 545
  2. "Mehmed VI | Ottoman sultan". Encyclopædia Britannica. Retrieved 22 May 2017.
  3. Turkish War of Independence. All About Turkey. Retrieved on 2013-08-12.
  4. Who's Who – Sultan Mehmed VI. First World War.com (2009-08-22). Retrieved on 2013-08-12.
  5. D. K. Fieldhouse (2008), War and Partition of Ottoman Empire, 1914–1922 – Oxford Scholarship, Oxford Scholarship Online, doi:10.1093/acprof:oso/9780199540839.003.0002, ISBN 978-0-19-954083-9