შინაარსზე გადასვლა

ჰილოტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰილოტები[1] (ბერძ. εἵλωτες) — ძველ საბერძნეთში სპარტის მიერ დაპყრობილი ლაკონიკისა და მესენიის დამოკიდებული მოსახლეობის კატეგორია. თესალიელი პენესტებისა და კრეტის კლაროტების მსგავსად, მიმაგრებული იყვნენ მიწის ნაკვეთებზე[1] (კლერებზე), რომლებიც სპარტის სახელმწიფომ თავის მოქალაქეებს (სპარტიატებს) დაუნაწილა.[2] ჰილოტები მიწის მფლობელებს უხდიდნენ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ნატურალურ ღალას – აპოფორას, რომელიც ჩვეულებრივ, მოსავლის ნახევარს შეადგენდა.[1] სპარტიატებს არ შეეძლოთ თვითნებურად გაეზარდათ ამ ღალის ზომა, გაეთავისუფლებინათ ან გაეყიდათ თავისი ჰილოტები. მონებისაგან განსხვავებით, ჰილოტებს ჰქონდათ გარკვეული ქონება, სამუშაო ინვენტარი, შეეძლოთ დაქორწინება. რადგანაც ისინი რაოდენობით აღემატებოდნენ სპარტიატებს და მზად იყვნენ ნებისმიერ მომენტში გამოსულიყვნენ საკუთარი ბატონის წინააღმდეგ, არსებობდა მათი მორჩილებაში ყოფნის აუცილებლობა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სპარტის განსაკუთრებული, გასამხედროებული ტიპის სახელმწიფოს შექმნაში.[2] ხშირად აწყობდნენ აჯანყებებს (იხ. მესენიელთა ომები).[1] ჰილოტების აჯანყებების თავიდან ასაცილებლად სპარტიატები იყენებდნენ კრიპტიებს — პერიოდულ სადამსჯელო ექსპ��დიციებს.[2]

დიდწილად მსგავსი სტატუსი ჰქონდათ პენესტებს თესალიაში, კილირიებს სირაკუზაში, მარიანდინებს პონტოს ჰერაკლეაში.[2]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ჰილოტები // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 660.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Стрелков А. В. Илоты // Большая российская энциклопедия. т. 11. — М., 2008. — стр. 112.