ხაშური
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ხაშური | |||||
ჯაბა ლაბაძის ფოტო | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
მხარე | შიდა ქართლის მხარე | ||||
მუნიციპალიტეტი | ხაშურის მუნიციპალიტეტი | ||||
კოორდინატები | 41°59′51″ ჩ. გ. 43°35′55″ ა. გ. / 41.99750° ჩ. გ. 43.59861° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1872 | ||||
პირველი ხსენება | 1693 | ||||
ადრეული სახელები |
მიხაილოვო (1872-1918) სტალინისი (1931-1934) | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1921 | ||||
ცენტრის სიმაღლე | 700 მ | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა | 26 135[1] კაცი (2014) | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,1 % სომხები 0,9 % ოსები 0,5 %[2] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +995 368[3] | ||||
საფოსტო ინდექსი | 5700[4] | ||||
ოფიციალური საიტი | https://khashuri.gov.ge/ | ||||
ხაშური — ქალაქი საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, შიდა ქართლის მხარეში, ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. იგი მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე სურამულას ნაპირზე, ზღვის დონიდან 700 მ. სიმაღლეზე. XIX საუკუნეში ფოთი-თბილისის სარკინიგზო მაგისტრალის გაყვანის შემდეგ ხაშური თანდათან მსხვილი სატრანსპორტო კვანძი გახდა. აქედან სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები მიემართება ბორჯომისა და ახალციხის მიმართულებით. ამ ისტორიული თავისებურებებიდან გამომდინარე ხაშური ჩამოყალიბდა როგორც სარკინიგზო ქალაქი და მისი რაიონულ, შემდეგ მუნიციპალურ ცენტრად გარდაქმნა საქართველოში რკინიგზის განვითარებასთან იყო დაკავშირებული. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ქალაქის მნიშვნელობა საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, თუ კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ცვლილებები განიცადა ხაშურის ტოპონიმიკამაც, რაც რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ-იდეოლოგიურ ცვლილებებთან იყო დაკავშირებული. 1872-1917 წლებში მას მიხაილოვო ერქვა, 1918-1931 — ხაშური, 1931-1934 წლებში — სტალინისი.
მოსახლეობისა და შესაბამისად ტერიტორიის ზრდის გამო 1921 წელს ხაშური ქალაქად გამოცხადდა. მოსახლეობის ბოლო აღწერით საკუთრივ ქალაქ ხაშურის მოსახლეობა 26 135 ადამიანს (2014 წ.) შეადგენს. აქ არის ხაშურის სარკინიგზო ტრანსპორტის, შუშის ტარის, კვების მრეწველობის საწარმოები, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (სახალხო თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სხვადასხვა ეპოქის ღირსშესანიშნაობები). შემორჩენილია XVIII საუკუნის კოშკი, იოანე ნათლისმცემლისა და წმ. მარინეს ეკლესიები. ხაშურში მდებარეობს სურამისა და ხაშურის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სულხან-საბა ორბელიანი თავის ლექსიკონში წერს:
„ხაშური - მლაშე წყლის მარილი. გინა რაც წყალსა და ტბისაგან მარილილს მსგავსი რამ გამოვა: შაბი, ბავრუკი, გვარჯილა და მისთანანი.“
|
ხაშურის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს ე. წ. ღარიბა-ღელე, სადაც ამოდის მლაშე, მარილიანი წყალი, რომელსაც მოსახლეობა სამკურნალოდ იყენებს, სავარაუდოდ სახელწოდება ხაშური ამ მლაშე წყლისაგან მოდის და თავდაპირველად არა დასახლებული პუნქტის, არამედ უბრალოდ ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი იყო.[5]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი ისტორიული დოკუმენტი, რომელშიც მოხსენიებულია ქალაქი ხაშური, ეკუთვნის 1693 წელს, ესაა სიგელი, რომელიც შედგენილია ზაალ აბაზაძის სახელზე, ეკუთვნის ერეკლე I ნაზარალიხანის (1688-1703 წ.) დედას - დედოფალ ელენეს. სიგელის მიხედვით ვგებულობთ, რომ ელენე დედოფალს ზაალ აბაზაძისათვის განუახლებია ის სიგელები და წყალობა, რომელიც ადრე მიუღიათ მის წინაპრებს სამეფო კარისადმი ერთგული სამსახურისათვის.[6]
ხაშურის გეოგრაფიული მდებარეობის დაკონკრეტების შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის ქართველი გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი შრომაში აღწერა სამეფოსა საქართველოსა, როცა იგი აღწერს სურამის წყალს წერს:
„ოსიაურს ზეით, ხაშურს, ერთვის სურამის წყალს ქემერტის წყალი, აღმოსავლიდამ.[7]“
|
ხაშური მოხსენიებულია იოანე ბატონიშვილი ქართლ-კახეთის აღწერაში, რომელშიც იგი აღწერს სურამის წყალს და მის ხეობაზე არსებულ სოფლებს. ხაშური იხსენიება, როგორც მოსახლე სოფელი.[8]
ამავე პერიოდში ხაშურის შესახებ მნიშვნელოვან ცნობას გვაწვდის კვლავ იოანე ბატონიშვილი თავის ენციკლოპედიურ თხზულებაში „კალმასობა“, რომელიც შედგენილია 1813-1828 წწ.[9]
ქალაქის შემდგომი განვითარება დაკავშირებულია თბილისი-ფოთის სარკინიგზო ხაზის მშენებლობასთან. 1872-1918 წლებში ქალაქს ეწოდებოდა მიხაილოვო მეფისნაცვალ მიხეილ რომანოვის (1862-1882) პატივისცემის ნიშნად. 1921 წლიდან აქვს ქალაქის სტატუსი.
1921 წელს ხაშურთან ახლოს, რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში გაიმართა მძაფრი ბრძოლა. 4 მარტს წითელ არმიასა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ძალებს შორის მიმდინარე ბრძოლის პერიოდში წითელი არმიის ავანგარდული ნაწილი (3-4 ათასი კაცი) მიუახლოვდა სადგურ მიხაილოვოს, 5 მარტს კი წამოიწყო ქართული არმიის პოზიციების შტურმი. შეტევა მოიგერიეს, საღამოს კი მიხაილოვოს დამცველები კონტრშეტევაზე გადავიდნენ, რის შედეგადაც უკან დაიხია წითელი არმიის ქვეითთა სამმა ბრიგადამ და კავალერიის პოლკმა. დემოკრატიული რესპუბლიკის ძალების აღნიშნულმა წარმატებამ თბილისში საბჭოთა არმიის მთავარსარდლობას მშვიდობიან მოლაპარაკებებზე წასვლა გადააწყვეტინა, მაგრამ 6 მარტს ღამით გენერალმა ა. კონიაშვილმა აუხსნელი მიზეზების გამო დატოვა პოზიციები და დასავლეთის მიმართულებით დაიხია.
გენერალი გიორგი კვინიტაძე იძულებული იყო დაეწყო უკან დახევა. 6 მარტს გაძლიერებულმა წითელი არმიის დაჯგუფებამ დაიკავა მიხაილოვო, შემდეგ კი სურამის გვირაბი.[10] 1921-1930 წლებში იყო გორის მაზრის ხაშურის რაიონის ცენტრი.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1922 | 7018 | ||
1926 | 7776 | ||
1939 | 15 516 | ||
1959 | 18 646 | ||
1970 | 24 469 | ||
1979 | 28 638 | ||
1989 | 32 639 | ||
2002 | 28 560 | ||
2014 | 26 135 | ||
2020[11] | 25 015 |
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქში 9 საჯარო და 1 კერძო სკოლაა.
კულტურა და ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბიბლიოთეკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა
- ხაშურის საბავშვო ბიბლიოთეკა
- ცხრამუხის ბიბლიოთეკა
- ხცისის ბიბლიოთეკა
- მინისტარის დასახლების ბიბლიოთეკა
- ჩორჩანის ბიბლიოთეკა
თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კინო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკლესია-მონასტრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხაშურის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
- ხაშურის წმინდა ბარბარეს ეკლესია
- ხაშურის წმინდა ელიას ეკლესია
- ხაშურის წმინდა მარინეს ეკლესია
- ხაშურის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია
- გორათის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია
სხვა ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზემოსერის პარკი და თანამედროვეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზემოსერის პარკი და მასში არსებული ხაშურის საბავშვო რკინიგზა მდებარეობდა ქალაქ ხაშურში, ზემო სერის ტყე-პარკში. ხაშურის საბავშვო რკინიგზა იყო დაახლოებით 1,7 კმ სიგრძის წრიული ვიწროლიანდაგიანი საბავშვო რკინიგზა. მუშაობდა 1984 წლის 1 სექტემბრიდან 1989 წლამდე, შემდეგ კი მისი დემონტაჟი მოხდა.
ხაზის მშენებლობა 1982 წელს დაიწყო. მასში ქალაქ ხაშურიდან და მისი შემოგარენიდან არაერთი მოღვაწე მონაწილეობდა. ხაზის მშენებლობა თითქმის ორ წელს გაგრძელდა.[12] სარკინიგზო ხაზი 1984 წლის 1 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა. გახსნისას სამიდან არც ერთ სადგურს სახელი არ ერქვა. სადგურთა სახელები რკინიგზის ახალგაზრდა თანამშრომლებს სპეციალური კონკურსის ფარგლებში უნდა შეერჩიათ. მსოფლიოს სხვა საბავშვო რკინიგზებისაგან განსხვავებით, პირველი მატარებლის მემანქანე გახსნის დღეს იყო არა ბავშვი, არამედ უფროსი მემანქანე ორმოცწლიანი სამუშაო გამოცდილებით, სამხრეთკავკასიური რკინიგზის ვეტერანი.[13]
ხაშურის საბავშვო რკინიგზა სულ მცირე 1989 წლამდე მუშაობდა. 1991 წლის სამხედრო გადატრიალებისა და სამოქალაქო ომის პირობებში სარკინიგზო ხაზი განადგურდა და მას შემდეგ აღარ ამუშავებულა.[14]
საბჭოთა მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მედია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტელევიზია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქ ხაშურში პირველი დამოუკიდებელი ადგილობრივი ტელეკომპანია „დია“ 1990 წელს დაარსდა და ჯერ ქალაქ ხაშურში, შემდეგ ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაუწყებლობდა. ტელეკომპანია რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მხოლოდ ხაშურის მუნიციპალიტეტის ამბებს აშუქებდა და ამავე ტერიტორიაზე გადაიცემოდა. მისი მთავარი საინფორმაციო გამოშვება იყო „დრო“, რომელიც ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს იყო ეთერში. ასევე მზადდებოდა ახალგაზრდულ-შემეცნებითი გადაცემა „შესანიშნავი შვიდეული“ და საყმაწვილო - შემეცნებითი გადაცემა „ბარიერი“. 2012 წლიდან ტელეკომპანია „დია“ შიდა ქართლს მოიცავს. ამჟამად იგი ეროვნული მაუწყებელია.[15]
პრესა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბეჭდური მედიის დაარსება ქალაქ ხაშურში საბჭოთა იდეოლოგიასთანაა დაკავშირებული. „სტალინისის საყვირი“ ერქვა გაზეთს, რომელიც საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) სტალინისის (ხაშურის) რაიკომის, რაიაღმასკომის და პეოფსაბჭოს ორგანო იყო. გამოცემა იყო ხუთდღიური გაზეთი და 1931-1934 წლებში გამოდიოდა.[16] იმ წლებში ხაშურის მუნიციპალიტეტს სტალინისის რაიონი ერქვა. რაიონის სახელის ცვლილებასთან ერთად გაზეთსაც შეეცვალა სახელი და 1934 წლიდან მას „ბოლშევიკური სიტყვა“ ეწოდა.[17]
„ბოლშევიკური სიტყვა“ 1934-1953 წლებში გამოდიოდა. იბეჭდებოდა ქალაქ ხაშურში და მისი რედაქტორი აკაკი ლომიძე იყო. გაზეთი ექვს დღეში ერთხელ გამოიცემოდა. 1953 წელს მისი გამოცემა სხვა სახელწოდებით - „გამარჯვების გზით“ გაგრძელდა.[18]
საქართველოს კომპარტიის ხაშურის რაიკომისა და ხაშურის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს ორგანო „გამარჯვების გზით“ 1952-1962 წლებში, კვირაში სამჯერ გამოდიოდა. 1962 წელს იგი გაერთიანდა გაზეთთან „გამარჯვება“,[19] თუმცა 1966 წლიდან კვლავ დამოუკიდებლად განაგრძო არსებობა უკვე ახალი სახელწოდებით - „გამარჯვების გზა“. ის იყო საქართველოს კომპარტიის ხაშურის რაიკომისა და რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს ორგანო, რომელიც 1966-1990 წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობამდე ყოველდღიურად გამოიცემოდა.[20]
დამოუკიდებელი საქართველოს ქალაქ ხაშურში და ხაშურის მუნიციპალიტეტში ხაშურის რაიონის დამოუკიდებელი საზოგადოებრივ–პოლიტიკური გაზეთი „ალიონი“ 1990 წელს დაარსდა. გამოდიოდა კვირაში სამჯერ და მისი რედაქტორი რობერტ სუხიაშვილი იყო. გაზეთმა 1992 წლამდე იარსებდა.[21]
1993 წლიდან დღემდე, ჯერ ხაშურის რაიონის, შემდეგ ხაშურის მუნიციპალიტეტის ოფიციალური გამოცემაა „ხაშურის მოამბე“. მისი მთავარი რედაქტორია რობერტ სუხიაშვილი, ხოლო დირექტორი გოგი გოგოლაძე. გაზეთი კვირაში ერთხელ გამოდის.[22] 2015 წლიდან გაზეთში ჩართულია ყოველთვიური ლიტერატურული ჩანართი „ლიტერატურული ხაშური“ ეკა ბაქრაძის რედაქტორობით. ამჯერად გაზეთი იბეჭდება თბილისში.[23]
ონლაინ-მედია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წლის სექტემბერიდან ქალაქ ხაშურში არასამთავრობო ორგანიზაცია „ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობის“ ბაზაზე საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „ხაშური News“ შეიქმნა. საინფომაციო სააგენტო მხოლოდ ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებული სიახლეების გაშუქებაზეა ორიენტირებული.[24]
„ხაშური News“ - ის გარდა შიდა ქართლის, მათ შორის ხაშურის სიახლეებს აშუქებს საინფორმაციო სააგენტო საინფორმაციო ცენტრი qartli.ge, რომელიც 2011 წელს დაარსდა.[25]
სამოქალაქო აქტივიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქ ხაშურში არასამთავრობო სექტორის განვითარება 1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო. ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც ადგილობრივ სამოქალაქო აქტივიზმზე დიდი ზეგავლენა იქონია იყო დავით წიქარიშვილის მიერ 1996 წელს დაფუძნებული ორგანიზაცია ჯერ „შიდა ქართლის“, ხოლო 2001 წლის 12 ივლისიდან „სასწავლო საინფორმაციო ცენტრი „ქართლი XXI“-ის სახელწოდებით.
ორგანიზაციის მიზანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის გაუმჯობესებით, ინფორმაციისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით, განათლებისა და განვითარების გზით ხაშურში სამოქალაქო საზოგადოება განვითარებულიყო.[26]
2000-იანი წლებიდან დღემდე არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობდა და მუშაობს ქალაქ ხაშურის და ხაშურის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო აქტივიზმის განვითარებისთვის. ერთ-ერთი ასეთი განსაკუთრებით აქტიური ორგანიზაცია 2012 წლის 22 ნოემბერს, სამოქალაქო ჩართულობის განვითარების ცენტრი თანამონაწილეს სახელწოდებით შეიქმნა და ქალაქ ხაშურში ლიეტუვის საელჩოს დაფინანსებით რამდენიმე დიდი პროექტი განახორციელა.[27][28]
2014 წელს ხაშურში დაფუძნდა „ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობა“, რომელმა ხაშურში კულტურული მემკვიდრეობის პრობლემატიკაზე რამდენიმე სოციალური კამპანია განახორციელა. ესენი იყო: „დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ინგრევა“, „დავუბრუნოთ ხაშურს ივერიის სტადიონი“ და „ვეზირიშვილების სასახლე“. ორგანიზაციამ ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით, სამოქალაქო აქტივიზმის გასავითარებლად არაერთი სხვა მასშტაბური პროექტი განახორციელა.
2015 წლის მაისში პირველად და შემდეგ 2016, 2017 წლებში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, პროგრამა „საქართველოს მოხალისე“ განხორციელდა, რომელსაც საფუძვლად საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი ედო და მთელს საქართველოში, მათ შორის ხაშურში მოხალისეობის განვითარებისკენ იყო მიმართული. ამ მიმართულებით ხაშურში არაერთი ახალგაზრდული პროექტი ჩატარდა.[29]
ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხაშურში, როგორც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში, ბორჯომის ქუჩაზე აშენდა ხაშურის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ამ დროის მონაცემებით არ არის ამუშავებული. პროექტის განხორციელება 2019 წლის ნოემბერში დაიწყო.
სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საინტერესო ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქ ხაშურთანაა დაკავშირებული ცნობილი ქართველი პრიმიტივისტი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის სახელი. იგი ხაშურში (იმ დროს მიხაილოვოში) ცხოვრობდა და მუშაობდა. ნიკალა რკინიგზის თანამშრომელი 1888 წლიდან იყო. ჯერ - დარაჯად, ხოლო 1890 წლიდან ფიროსმანი სადგურ მიხაილოვოს მემუხრუჭე კონდუქტორი გახდა. იმავე წლის ოქტომბრიდან კი განჯაში, ელისავეტპოლში გადაიყვანეს. მხატვარს განჯის ნესტიანი ჰავა არ მოუხდა, დაავადდა და ციებ-ცხელება დაემართა. რკინიგზაზე ის 1894 წლის იანვრამდე მუშაობდა.[30]
ერთხანს ხაშურში ცხოვრობდა და მუშაობდა ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, მკვლევარი, კათოლიკე სასულიერო პირი, შემდგომში რომში მოღვაწე პატრი მიხეილ თამარაშვილი. 14 წლის მიხეილი, როდესაც მამა გარდაეცვალა გაჭირვებული ოჯახის დასახმარებლად მან სწავლას თავი მიანება და ხარაზს მიებარა ხელობის შესასწავლად. 1874 წელს მიხეილი საცხოვრებლად ქუთაისში, თავის ძმასთან, სოლომონთან გადავიდა, სადაც მის დუქანში წუღებს კერავდა. თავისუფალ დროს ქუთაისის კათოლიკეთა ეკლესიაში დადიოდა და ასომთავრულ და ხუცურ დამწერლობას სწავლობდა. 1876 წელს ძმები ქუთაისიდან ხაშურში გადავიდნენ საცხოვრებლად და იქ ფეხსაცმლის სახელოსნო გახსნეს, მაგრამ მალევე გაკოტრდნენ, სახელოსნო დახურეს და მშობლიურ ახალციხეში დაბრუნდნენ.[31]
ხაშურში, ხაშურის რაიონის საზოგადოებრივი კვების ორგანიზაციაში ინსტრუქტორად მუშაობდა ცნობილი ქართველი მსახიობი იპოლიტე ხვიჩია. სამრეწველო ეკონომიკურ ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ იგი ხაშურში დასაქმდა. შემდეგ კი ხარაგაულის რაიონის სოფელ ძირულაში გადავიდა სამუშაოდ.[32]
ცნობილი ხაშურელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელი | სურათი | მოღვაწეობის წლები | საქმიანობა | თანამდებობა |
---|---|---|---|---|
გრიგოლ კიკნაძე | 1909–1974 | ლიტერატურათმცოდნე | თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი | |
ალექსანდრე ციმაკურიძე | 1882–1954 | მხატვარ-პეიზაჟისტი | სამხატვრო აკადემიის პროფესორი | |
ილარიონი (მეუფე) | 1957 | სასულიერო პირი | მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მმართველი | |
მელქისედეკი (ხაჩიძე) | 1975 | სასულიერო პირი | მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მმართველი | |
ჰენრი კუპრაშვილი | 1946 | ისტორიკოსი, ჟურნალისტი, პოლიტოლოგი, მოცურავე. მსოფლიო ჩემპიონი ბიატლსა და ტრიატლში | საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი | |
ჯაბა იოსელიანი | 1926-2003 | პოლიტიკოსი, მწერალი | „საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს“ წევრი, „მხედრიონი“-ის დამაარსებელი | |
მიხეილ ბითაძე | 1903-1983 | მშენებელ-ინჟინერი | ||
ლერი აბაშიძე | 1935-1994 | სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი | მთავარი სამხედრო მრჩეველი | |
გიორგი კიკნაძე | 1902-1963 | ეკონომისტი, პროფესორი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 1937-1938 წლებში | |
ნინო გვენეტაძე | 1964 | იურისტი, პროფესორი | საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 2015–2018 წლებში, 2019 წლიდან თსუ-ს რექტორის მოადგილე |
- ხათუნა გოგა��აძე — გარემოს დაცვის მინისტრი 2012–2014 წლებში.
- გია სირბილაძე — თვითნასწავლი მხატვარი.
- ვლადიმერ ბარბაქაძე — მეცნიერი.
- მურად მთვარელიძე — მწერალი, ლიტერატურათმცოდნე.
- ვაჟა შუბითიძე — ისტორიკოსი, პოლიტოლოგი.
- ქეთევან ჯაფარიძე — მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი.
- ლევან ცუცქირიძე — ფერმწერი, გრაფიკოსი, პროფესორი.
- გივი იმერლიშვილი — ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი.
- თენგიზ კუბლაშვილი — ფსიქოლოგი, პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი.
- ჯემალ იონათამიშვილი — ინჟინერი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი.
- გოჩა ბარნოვი — თეოლოგიის დოქტორი;
- ლიანა ტატიშვილი — კომპოზიტორი, მუსიკოსი, პედაგოგი.
- ვალერი გელაშვილი — ბიზნესმენი, პოლიტიკოსი
- კახა კოჟორიძე — იურისტი, პოლიტიკოსი
- ზაალ დუგლაძე — ბიზნესმენი, პოლიტიკოსი.
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხაშურის დაძმობილებული ქალაქები არიან:[33]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხაშურის საპატიო მოქალაქეები — წოდება დაწესდა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 სექტემბრის დადგენილებით.[34]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა
-
ხაშურის წმინდა ელიას სახელობის ტაძარი
ჯაბა ლაბაძის ფოტო -
ხაშურის ერთ-ერთი უბანი
ჯაბა ლაბაძის ფოტო -
ხაშურის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია
-
ხაშურის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია
-
ხაშური ღამით
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თამაზ ლაცაბიძე. თეატრალური ხაშური - 125. თბილისი, გამომცემლობა ,,ცის ნამი”, 2003 წელი.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 444.
- ხაშურის რაიონის წარსულიდან, ხაშური, 1981
- ქართლის ცხოვრება, ტ. IV, თბ., 1973
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
- ↑ Ethnic composition of Georgia 2014
- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-07-26.
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ ხაშურის რაიონის წარსულიდან, ხაშური, 1981 წ. გვ. 3
- ↑ ხაშურის რაიონის წარსულიდან, ხაშური, 1981 წ. გვ. 3-4
- ↑ ქართლის ცხოვრება, ტ. IV, თბ., 1973, გვ. 377
- ↑ ხაშურის რაიონის წარსულიდან, ხაშური, 1981 წ. გვ. 4
- ↑ ხაშურის რაიონის წარსულიდან, ხაშური, 1981 წ. გვ. 5
- ↑ Soviet-Georgian War and Sovietization of Georgia, II-III. 1921
- ↑ ქალაქების და დაბების მოსახლეობის რიცხოვნობა
- ↑ ხაშურის საბავშვო რკინიგზა
- ↑ ხაშურის საბავშვო რკინიგზა
- ↑ ხაშურის საბავშვო რკინიგზა
- ↑ ტელეკომპანია დიას შესახებ. www.economists.ge. მაისი, 2010. ციტირების თარიღი: 2021-03-5.
- ↑ სტალინისის საყვირი - ხაშური. www.nplg.gov.ge. ციტირების თარიღი: 2021-03-5.
- ↑ ბოლშევიკური სიტყვა - ხაშური. www.nplg.gov.ge. ციტირების თარიღი: 2021-03-5.
- ↑ გამარჯვების გზით - ხაშური. www.nplg.gov.ge. ციტირების თარიღი: 2021-03-5.
- ↑ გამარჯვება - ხაშური. www.nplg.gov.ge. ციტირების თარიღი: 2021-03-5.
- ↑ გამარჯვების გზა - ხაშური. www.nplg.gov.ge. ციტირების თარიღი: 2021-03-5.
- ↑ ალიონი - ხაშური. www.nplg.gov.ge. ციტირების თარიღი: 2021-03-5.
- ↑ ხაშურის მოამბე- ხაშური. www.nplg.gov.ge. ციტირების თარიღი: 2021-03-5.
- ↑ ლიტერატურული ხაშური - ხაშური. www.nplg.gov.ge. 26 იანვარი, 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-27. ციტირების თარიღი: 2021-03-5.
- ↑ Khashuri News. khashurinews.ge. სექტემბერი, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-06. ციტირების თარიღი: 2021-03-5.
- ↑ საინფორმაციო ცენტრი qartli.ge. www.qartli.ge. სექტემბერი, 2011. ციტირების თარიღი: 2021-03-5.
- ↑ Education Information Centre “Kartli XXI”. www.cipdd.org. ციტირების თარიღი: 2021-03-5.
- ↑ სამოქალაქო ჩართულობის განვითარების ცენტრი ,,თანამონაწილე“. egi.ge. 24 ნოემბერი, 2016. ციტირების თარიღი: 2021-03-5.
- ↑ სამოქალაქო ჩართულობის განვითარების ცენტრი ,,თანამონაწილე“. egi.ge. 24 ნოემბერი, 2016. ციტირების თარიღი: 2021-03-5.
- ↑ დაარქივებული ასლი. kartlosi.org.ge. მაისი, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-01-28. ციტირების თარიღი: 2021-03-5.
- ↑ ასეთი იყო მემუხრუჭე-კონდუქტორად მომუშავე ფიროსმანი. artinfo.ge (2021, 21 მარტი). ციტირების თარიღი: 2019-11-21.
- ↑ ჩემს წინაპართა მსგავსად ვეომები ურწმუნოთ. axaliganatleba.ge (2021, 21 მარტი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-18. ციტირების თარიღი: 2011-10-31.
- ↑ ჩემს წინაპართა მსგავსად ვეომები ურწმუნოთ. old.tbiliselebi.ge (2021, 21 მარტი). ციტირების თარიღი: 2019-11-21.
- ↑ ხაშურთან დამეგობრებული ქალაქები. www.newposts.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-20. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2019.
- ↑ [1] დაარქივებული 2020-10-28 საიტზე Wayback Machine. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადეგნილება - 2011 წლის 20 სექტემბერი
|
|