ქუთაისის მაზრა
ქუთაისის მაზრა — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში. შეიქმნა 1841 წელს იმერეთის ოლქის ბაზაზე, 1846 წელს ჩამოყალიბდა საბოლოო სახით და იარსება 1928 წლამდე. ადმინისტრაციული ცენტრი — ქუთაისი. არსებობის განმავლობაში ძირითადად შედიოდა ქუთაისის გუბერნიის დაქვემდებარებაში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XVIII-XIX ს-თა მიჯნაზე, სანამ რუსეთის იმპერია თავის მმართველობის ადმინისტრაციულ რეფორმას ჩაატარებდა, იმერეთის სამეფო, გარდა ნახევრადდამოუკიდებელი სამთავროებისა, ადმინისტრაციული თვალსაზრისით იყოფოდა ვაკის, ოკრიბა-ლეჩხუმის, რაჭის და არგვეთის სადროშოებად. 1810 წელს რუსეთის იმპერიამ გააუქმა იმერეთის სამეფო, რითაც დაასრულა საქართველოს დაპყრობა. რუსეთის იმპერიის თავდაპირველი ტერიტორიული მოწყობა დიდად არ განსხვავდებოდა არსებული მოწყობისგან: აქ შეიქმნა იმერეთის სამხედრო ოლქი, რომელიც ქუთაისის, შორაპნის, ვაკის, რაჭის, ჩხარის, საჩხერის ოკრუგებად იყოფოდა. თუმცა, 1814 წლისათვის გაუქმდა ჩხერისა და საჩხერის ოკრუგები და იმერეთი 4 ოკრუგად დაიყო.
1840 წლის 10 აპრილს სენატორ პავლე განის პროექტის საფუძველზე შეიქმნა საქართველო-იმერეთის გუბერნია, რომელშიც მთელი ამიერკავკასიის ქრისტიანი მოსახლეობა გააერთიანეს. საქართველო-იმერეთის გუბერნიაში გაერთიანდა იმერეთის სამხედრო ოლქიც და ეწოდა ქუთაისის მაზრა. მაზრა თავის მხრივ მოიცავდა — ვაკის, ქუთაისის, საჩხერის, რაჭის, საბუკის, შორაპნის საპოლიციო უბნებს.
1844 წლიდან კავკასიის რეგიონის მმართველად მეფისნაცვალი დაინიშნა. 1846 წელს კი ახალი ადმინისტრაციული რეფორმა განხორციელდა. სამეფისნაცვლო 4 გუბერნიად დაიყო, მათ შორის ერთ-ერთი იყო ქუთაისის გუბერნია, რომელშიც შევიდა ქუთაისის მაზრაც, თუმცა გამოეყო რაჭის და შორაპნის მაზრები.
1886 წლისათვის ქუთაისის მაზრა იყოფოდა ქუთაისის, ტყიბულის, ბაღდადის, სამტრედიისა და ხონის საპოლიციო უბნებად. მსგავსი დაყოფა შენარჩუნებული იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში ყოფნისას და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში გაერთიანების პირველ წლებშიც.
1928 წელს ქუთაისის მაზრამ არსებობა შეწყვიტა, ის გაერთიანდა რაჭა-ლეჩხუმისა და შორაპნის მაზრებთან და გარდაიქმნა მსხვილ ადმინისტრაციულ ერთეულად — ქუთაისის ოლქად, სტატუსით გაუთანაბრდა ავტონომიურ ერთეულებს, ხოლო დაყოფა მოხდა რაიონების მიხედვით. 1940 წელს ქუთაისის ოლქს დაქვემდებარებაში შევიდა საქართველოს სსრ-ის მთელი დასავლეთ ნაწილი გარდა აფხაზეთის და აჭარის ავტონომიებისა. 1953 წელს ქუთაისის ოლქი გაუქმდა, შემავალი რაიონები პირდაპირ დაუქვემდებარდა ცენტრალურ ხელისუფლებას.
ადმინისტრაციული მოწყობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიუბუა დე მონპერეს ცნობით ქუთაისის მაზრაში ცხოვრობდა 29500 ადამიანი. 1913 წლის მონაცემებით ქუთაისის მაზრაში იყო 36 თემი.[1] 1926 წლისთვის ქუთაისის მაზრაში იყო სამი ქალაქი და 45 თემი, რომელშიც 262 სოფელი იყო გაერთიანებული. მაზრის მოსახლეობა შეადგენდა 300512 ადამიანს (აქედან 231935 იყო სოფლის მოსახლეობა), მაზრის ფართობი იყო 3495 კმ.2
ქალაქი/თემი | მოსახლეობა | ფართობი კვ.კმ. | სოფელი |
---|---|---|---|
ქუთაისი | 45754 | 25,0 | 0 |
სამტრედია | 13913 | 33,2 | 0 |
ხონი | 9010 | 24,4 | 0 |
ამაღლება | 4992 | 33,2 | 3 |
ბაღდათი | 11409 | 319,2 | 13 |
ბაში | 2924 | 35,5 | 3 |
გამოჩინებული | 6744 | 59,0 | 14 |
გოდოგანი | 3336 | 48,8 | 4 |
გომი | 6342 | 62,4 | 14 |
გორა | 8896 | 72,7 | 8 |
გორდი | 4867 | 50 | 6 |
გუბი | 1969 | 34,6 | 4 |
გურნა | 4717 | 130,1 | 7 |
დვალიშვილები | 4306 | 123,4 | 3 |
დიდი ჯიხაიში | 8281 | 33,2 | 1 |
ეწერი | 2438 | 26,4 | 5 |
ვანი | 10762 | 65,7 | 12 |
ზედა სიმონეთი | 5032 | 46,8 | 4 |
ზეკარი | 2160 | 354,9 | 5 |
იანეთი | 2308 | 23,8 | 1 |
კინჩხა | 2624 | 94,9 | 5 |
კულაში | 11434 | 32,3 | 4 |
კუხი | 3204 | 26,1 | 3 |
მაღლაკი | 5138 | 63,9 | 1 |
მუხიანი | 2448 | 28,4 | 3 |
ნახახულევი | 8101 | 82,9 | 7 |
��ბჩა | 4031 | 36,8 | 1 |
ორპირი | 5173 | 115,2 | 21 |
ოფურჩხეთი | 3685 | 85,7 | 7 |
პატრიკეთი | 5588 | 58,6 | 3 |
რიონი | 3597 | 68,8 | 6 |
როდინაული | 2184 | 69,7 | 4 |
საკრაულა | 3564 | 122 | 5 |
საპაიჭაო | 2683 | 67,6 | 10 |
საყულია | 3884 | 59,0 | 2 |
საჩხერე | 8103 | 142,9 | 15 |
სვირი | 9096 | 68,8 | 2 |
ტობანიერი | 7380 | 74,1 | 13 |
უხუთი | 3852 | 73,7 | 3 |
ფარცხანაყანევი | 5600 | 45,7 | 1 |
ქვედა სიმონეთი | 6001 | 33,1 | 3 |
ქვიტირი | 4964 | 58,8 | 6 |
ღანირ-ქუტირი | 3367 | 36,4 | 3 |
ღანირ-ჭაგანი | 3949 | 35,2 | 3 |
ცხუნკური | 6856 | 93,6 | 7 |
წითელხევი | 3182 | 62,6 | 4 |
წყალტუბო | 7528 | 104,3 | 9 |
ჭოგნარი | 3237 | 55,5 | 4 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ცინცაძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 572.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქუთაისის მაზრის ადმინისტრაციული რუკა[მკვდარი ბმული] საქართველოს ეროვნული არქივი