ფარსმან I
ფარსმან I | |
---|---|
ფარსმან I, ჟან-ჯოზეფ ტაიასოს პორტრეტიდან „რადამისტი და ზენობია“, 1806. | |
იბერიის მეფე | |
მმართ. წლები: | 35–70[1] |
წინამორბედი: | მითრიდატე II[2] |
მემკვიდრე: | მითრიდატე II |
მეუღლე: | იამასასპი[3] |
შვილები: |
რადამისტი მითრიდატე II |
დინასტია: | ფარნავაზიანი |
მამა: | მითრიდატე I |
რელიგია: | ქართული წარმართობა |
ფარსმან I — იბერიის მეფე 35-70 წლებში. მისი მეფობის დროს იბერია ძალიან გაძლიერდა და გაბატონდა სომხეთსა და კავკასიის ალბანეთზე.[4]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამეფდა 35 წელს. ძმის, მითრიდატეს გამეფების მიზნით, რომის მხარდაჭერით სომხეთში ილაშქრა, ხელთ იგდო სომხეთის დედაქალაქი არტაშატი. ამის საპასუხოდ პართიის მეფე არტაბან III-ემ უფლისწული ოროდე გაგზავნა ლაშქრით იბერიელების წინააღმდეგ. ფარსმანმა თავსი ჯარი გააძლიერა დაქირავებული ალბანელებითა და სარმატებით, დაამარცხა პართიელები და მითრიდატე გაამეფა სომხეთში.[5] გაიუს კალიგულას მმართველობის დროს რომაელებმა მითრიდატეს სომხეთის სამეფო ტახტი ჩამოართვეს; იმპერატორმა კლავდიუსმა 47 წელს სომხეთი კვლავ დაუბრუნა მითრიდატეს. სომხეთში მის ხელმეორედ გამეფებაში რომაელებთან ერთად იბერიის ჯარიც იღებდა მონაწილეობას. ფარსმანის ვაჟი რადამისტი ცნობილი იყო მისი ამბიციურობით და ხშირად გამოდიოდა მამის წინააღმდეგ, ამიტომ ფარსმანმა გადაწყვიტა, თავმოყვარე ვაჟი როგორმე თავიდან მოეშორებინა და სომხეთში გაემეფებინა.[6] 51 წელს რომაელთა ინტერესების საწინააღმდეგოდ, ფარსმან I-მა ალყა შემოარტყა გარნისის ციხეში შემწყვდეულ მითრიდატეს და რომაელთა გარნიზონს და ხელთ იგდო გარნისი. ფარსმან I-მა მითრიდატე თავის ძეს რადამისტს მოაკვლევინა და სომხეთში რადამისტი გაამეფა. 52 წელს პართელთა შემოჭრის გამო რადამისტმა სომხეთში ფეხი ვერ მოიკიდა. იბერიელებმა უბრძოლველად მიატოვეს არტაშატი და ტიგრანაკერტი. მკაცრი ზამთრის გამო პართიელები გავიდნენ სომხეთიდან. ფარსმან I-მა სომხეთის დასაპყრობად კვლავ გაგზავნა რადამისტი. დროებითი წარმატების შემდეგ რადამისტი იძულებული გახდა დაეტოვებინა სომხეთი. საბოლოოდ 55 წელს ფარსმან I შეურიგდა პართიის გაბატონებას სომხეთში. სომხეთის დაკარგვის შემდეგ, 59 წელს, ანტირომაული მოღვაწეობის საბაბით ფარსმანმა მოაკვლევინა რადამისტი, რომელიც მას იბერიის სამეფო ტახტს ეცილებოდა. ამის შემდეგ ფარსმანის შესახებ არაფერია ცნობილი. 75 წელს ფარსმანი უკვე ცოცხალი აღარ იყო, რადგან იბერიის მეფედ იხსენიება მისი შვილი მითრიდატე II.
ფარსმან I არც ლეონტი მროველთან და არც „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს ფარნავაზიან წარმართ მეფეთა სიაში შესული არ არის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 233.
- მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი (2007). საქართველოს მეფეები. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, წიგნსაცავის განყოფილება, K 281.358/3, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, გვ. 25. ISBN 99928-58-36-2.
- გორგაძე ს., წერილები საქართველოს ისტორიიდან // ძველი საქართველო / თაყაიშვილი ე., ტ. II, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1913. — გვ. 2-11.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გორგაძე ს. „საქართველოს ისტორია“. გვ. 72. II. არმაზ-მცხეთის მეფეები.
- ↑ გორგაძე ს. „საქართველოს ისტორია“. გვ. 48. III. საქართველოს ცხოვრება და თავგადასავალი 1–3 საუკუნეში ქრ. შემდეგ.
- ↑ გორგაძე ს. „საქართველოს ისტორია“. გვ. 53.
- ↑ Rayfield, Donald (2013). Edge of Empires: A History of Georgia. Reaktion Books, p. 29.
- ↑ ჯავახიშვილი., ი. ქართველი ერის ისტორია, წიგნი პირველი, თბ., 1979. — თავი IV, გვ.3.
- ↑ ჯავახიშვილი., ი. ქართველი ერის ისტორია, წიგნი პირველი, თბ., 1979. — თავი IV, გვ.4.