შინაარსზე გადასვლა

ფინიკია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფინიკია

ფინიკია (ბერძ. φοινως, ფოინიკე, „მეწამულის ქვეყანა“) — უძველესი ქვეყანა, რომელიც ქანაანის რეგიონში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ (ე.წ. ლევანტის) სანაპიროზე მდებარეობდა, მოიცავდა თანამედროვე ლიბანს და ნაწილობრივ სირიისა და ისრაელის ტერიტორიებს.

ფინიკიელებმა მძლავრი ცივილიზაცია შექმნეს სხვადასხვა განვითარებული დარგით — საზღვაო ვაჭრობა იქნებოდა თუ მაღალი კულტურა. ფინიკიური დამწერლობა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია დაფიქსირებული მარცვლოვანი სისტემის მქონე დამწერლობის ნიმუშებს შორის. ფინიკიური ცივილიზაციის თვალსაჩინო განვითარება ძვ. წ. 1200—800 წლებზე მოდის. ძვ. წ. VI საუკუნეში ფინიკია სპარსებმა დაიპყრეს, ხოლო ძვ. წ. 332 წელს ალექსანდრე მაკედონელმა.

ფინიკიის უმთავრესი ქალაქებია: აკო, აჰზივი, ტვიროსი (თანამედროვე სური), ცარაათი (სარეპტა), სიდონი (თანამედროვე საიდა), ბერუთა (თანამედროვე ბეირუთი), ბიბლოსი (გებალი), ტრიპოლი და არვადი. ხანდახან ფინიკიური ქალაქთა რიცხვს მოშორებით მდებარე ქალაქ უგარითსაც მიაკუთვნებენ (თანამედროვე რას-შარმა).

ფინიკიის ძველებრაული დასახელება „לבנון“ (ლებანონი ან ლევანონი) მომდინარეობს სიტყვიდან „ლავანი“ — თეთრი, ანუ სითეთრის ქვეყანა მთაგრეხილზე უდნობი თოვლის საფარის გამო, რომელიც ქვეყნის ცენტრში მდებარეობდა. ფინიკიელთა ენა ქანაანურ-ებრაული ენა იყო, რომელსაც სამეცნიერო ტერმინოლოგიაში დღესდღეობით ჩვეულებრივ ფინიკიურ ენას უწოდებენ. სიტყვით ლებანონი (Lebanon) უცხო ენებში სახელმწიფო ლიბანს გამოხატავენ.

სახელწოდება „ფინიკია“, როგორც ჩანს, ბერძნული φοινως-დან უნდა მომდინარეობდეს — „მეწამული“, რაც მოლუსკების განსაკუთრებული სახეობისგან მუქწითელი ფერის საღებავის დამზადებას უნდა უკავშირდებოდეს. საღებავების დამზადება ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის ერთ-ერთ წამყვან დარგად მიიჩნეოდა.

სხვა ახსნით ბერძნული Φοϊνιξ — მზის მეწამული ღვთაების, აღმოსავლეთიდან მოვლენილი ფენიქსის ქვეყანაა.

ასევე არსებობს მოსაზრება, რომ სახელწოდება ეგვიპტური სიტყვა „ფენეჰუდან“ მოდის, რაც „გემთა მშენებელს“ აღნიშნავს, რამდენადაც, ფინიკიელები მეზღვაურობითა და გემთმშენებლობით მართლაც იყვნენ დაკავებულნი.

პირველად ეს სახელწოდება ჰომეროსთან გვხვდება და შემდეგ არაერთ ბერძენ ავტორთან მოიხსენიება. ჰომეროსთან „ფინიკიელები“ იგივეა, რაც „სიდონიელები“. ეტყობა, ფინიკია ქანაანის ბერძნული ექვივალენტია. უფრო მოგვიანო პერიოდებში დასახელება „ქანაანს“ სეპტუაგინტაში ხშირად „ფინიკიად“ თარგმნიდნენ.

ძვ. წ. XIII საუკუნეში ფინიკიამ ზღვის ხალხების შემოსევები განიცადა. ერთი მხრივ, რიგი ქალაქებისა დაეცა და გაპარტახდა, თუმცა, ზღვის ხალხებმა დაასუსტეს ეგვიპტე, რამაც ფინიკიას დამოუკიდებლობა და აღმავლობა მოუტანა. აქ მთავარ როლს უკვე ტირი ასრულებდა. ფინიკიელებმა უფრო მოზრდილი (30 მეტრამდე სიგრძის) კილის ხომალდების აგება დაიწყეს ურნალითა და სწორი იალქნით. თუმცა, გემთმშენებლობამ ლიბანში კედრების განადგურება გამოიწვია. სწორედ იმხანად გამოიგონეს ფინიკიელებმა საკუთარი დამწერლობა. უკვე ძვ. წ. XII საუკუნეში ათვისებული იყო კოლონიები კადისი (ესპანეთი) და უტიკა (ტუნისი). ამის შემდგომ მალტისა და სარდინიის კოლონიზება დაიწყო. სიცილიაზე ფინიკიელებმა ქალაქი პალერმო დააარსეს.

ძვ. წ. VIII საუკუნეში ფინიკია ასურეთმა დაიპრყო.

ფინიკია სპარსეთის უღელქვეშ ძვ. წ. 538 წელს აღმოჩნდა. შედეგად, ხმელთაშუაზღვის ფინიკიურმა კოლონიებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს და კართაგენის წინამძღოლობით დაირაზმნენ.

ჰეროდოტეს მიხედვით ფინიკია გადაჭიმული იყო პოსიდიიდან პალესტინამდე. სელევკიდებისას მას ორფოსიიდან (ნარ-ბერიდის შესართავი) ნარ-ზერკის შესართავამდე მიიჩნევდნენ. უფრო მოგვიანო გეოგრაფები (სტრაბონი) ფინიკიად მთელ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთს მიიჩნევდა პელუსიმდე, სხვები მის სამხრეთ საზღვრებს კესარიამდე და ქარმილამდე ავლებდნენ. მხოლოდ რომის პროვინციული დაყოფით მოხდა ფინიკიის მთელი ტერიტორიისთვის დარქმევა დამასკომდე, შემდგომ კი ზღვისპირა ფინიკიასა და ლიბანის ფინიკიას განარჩევდნენ. იუსტინიანეს დროს პალმირაც კი ფინიკიის ნაწილად მიიჩნეოდა.

ფინიკიელთათვის ბიბლიაში კრებითი სახელი არ გვხვდება. როგორც ქანაანის შთამომავალთ, მათ „ქანაანელები“ ეწოდებათ, ანდაც მათივე უმთავრესი ქალაქის სიდონის მიხედვით მოიხსენიებიან. ფინიკიელების მემკვიდრედ ბიბლიაში ქანანი და ქამი სახელდებიან.

ფინიკიური ქალაქების სანაპიროებზე განლაგება ვაჭრობის განვითარებას უწყობდა ხელს. დადასტურებულია, რომ უკვე ძვ. წ. II ათასწლეულში ფინიკიასა და ეგვიპტეს შორის მჭიდრო სავაჭრო კავშირები არსებობდა. ფინიკიური ვაჭრობის აღმავლობა ძვ. წ. 1200 წელს უკავშირდება, როდესაც პალესტინის შიდა ნაწილები ებრაელებმა დაიკავეს, სირიისა კი არამეელებმა.

ფინიკიის ცალკეული ქალაქები ქალაქ-სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ. თავდაპირველად მთავარ როლს სიდონი ასრულებდა, მოგვიანებით იგი ტვიროსმა შეცვალა. ფინიკიური ქალაქები კონტინენტზე განლაგებული სახელმწიფოებისთვის ხარკის გადახდაზე უფრო თანახმანი იყვნენ, ოღონდ ამ უკანასკნელთ მათთვის ვაჭრობაში ხელი არ შეეშალათ, ვიდრე დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე. იაფი ნედლეულის ძიებისას ფინიკიელები მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთს სერავდნენ, მიდიოდნენ არა მხოლოდ ატლანტის ოკეანემდე და ესპანეთამდე, არამედ ბრიტანეთის კუნძულებამდეც კი აღწევდნენ, საიდანაც კალას ეზიდებოდნენ. მათი საყრდენი პუნქტები ესპანეთში, სიცილიაზე, სარდინიასა და კორსიკაზე იყო განლაგებული. თუმცა, უდიდესი მნიშვნელობა შეიძინეს ჩრდილოეთ აფრიკაში დაარსებულმა კოლონიებმა, პირველ ყოვლისა, რომის უსაშიშროესმა მოწინააღმდეგე კართაგენმა. ფარაონ ნეჰოს მიერ გაგზავნილმა ფინიკიურმა ფლოტმა აფრიკას ცურვით შემოუარა. ფინიკიური ვაჭრობის დაწვრილებითი აღწერა ეზეკიელის წიგნშია მოცემული.

რეგიონის სხვა ხალხებთან ურთიერთობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფინიკიელების სავაჭრო გზები.

ფინიკიელთაგან ბერძნებმა მინის დამზადების ცოდნა მიიღეს და ანბანი გადაიღეს.

წინასწარმეტყველთა ცნობები ტიროსის განადგურების შესახებ თითქოს ახდაო, როდესაც სპარსეთის ბატონობის პერიოდში ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო ქალაქი და მიწასთან გაასწორა. თუმცა, მოკლე დროშივე ტიროსი აღადგინეს. ფინიკიური ვაჭრობისთვის მძიმე დარტყმა აღმოჩნდა კართაგენის დაცემა. რომის ეპოქაში ფინიკია პროვინცია სირიაში შევიდა.

ფინიკიისა და ისრაელის ურთიერთობას ეპიზოდური ხასიათი ჰქონდა. დავითისა და სოლომინის დროს ფინიკია ისრაელს მატერიალურ დახმარებას უწევდა, საკუთარ ოსტატებს ჰგზავნიდა ებრაული ფლოტის შესაქმნელად. აქაბისა და, სიდონის მეფის ქალიშვილის, იეზაბელის ქორწინებას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ ისრაელის რელიგიაზე დამღუპველი გავლენა იქონია. შესაქმეში ფინიკია იერუსალიმიდან ანტიოქიამდე გზაზე მდებარე ქვეყნად მოიხსენიება. ელია წინასწარმეტყველისა და იესო ქრისტესათვის ფინიკია ისრაელის საზღვრებს გარეთ ის ადგილი იყო, სადაც პერიოდულად მიდიოდნენ საფიქრალად და სალოცავად.

ანტიკური ავტორებისგან (უპირველეს ყოვლისა ფილონ ალექსანდრიელისგან) ცნობილია ფინიკიური მითოლოგიაც.

ხმელთაშუა ზღვის რეგიონში არის ქალაქები რომელთა სახელებიც მომდინარეობს ფინიკიური ენიდან. მათ შორის არიან:

  • კადისი (ესპანეთი), მომდინარეოგს ფინიკიური „გადირი–დან“.
  • მალტა (მალტა), მომდინარეობს სიტყვა „მალატი–დან“, რაც თავშესაფარს ნიშნავს.
  • კართაგენი (ტუნისი), მომდიანრეობს „ქართ ჰადაშტ–დან“, რაც ახალ ქალაქს ნიშნავს.
  • კარტახენა, კართაგენის კოლონია.
  • Boardman, J. 1964. The Greeks Overseas. London: Thames and Hudson Limited
  • Bondi, S. F. 1988. "The Course of History." In The Phoenicians, edited by Sabatino Moscati, 38–45. Milan: Gruppo Editoriale Fabbri.
  • Cunliffe, B. 2008. Europe Between the Oceans; 9000 BC-AD 1000. New Haven: Yale University Press.
  • Elayi, J. 2013. Histoire de la Phénicie. Paris: Perrin
  • Gordon, C. H. 1966. Ugarit and Minoan Crete. New York: W.W. Norton & Company
  • Habel, N.C. 1964. Yahweh Versus Baal: A Conflict of Religious Cultures. New York: Bookman Associates

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: