ტაძარი ოვერში
ტაძარი ოვერში | |
---|---|
L'église d'Auvers-sur-Oise, vue du chevet | |
ავტორი | ვინსენტ ვან გოგი |
წელი | 1890 |
კატალოგი | F789 და JH2006 |
ტიპი | ზეთის საღებავები, ტილო |
სიმაღლე | 74 სმ |
სიგანე | 94 სმ |
ქალაქი | პარიზი |
მუზეუმი | ორსეის მუზეუმი |
ტაძარი ოვერში — ჰოლანდიელი პოსტ-იმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი. შესრულებული 1890 წელს, ზეთის საღებავებით, ტილოზე. ნამუშევარი ინახება ორსეის მუზეუმში, პარიზში.
ტაძარი მდებარეობს ოვერ-სიურ-უაზში, საფრანგეთში, პარიზიდან ჩრდილო-დასავლეთით 27 კილომეტრში
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოვერ-სიურ-უაზში გატარებული სამოცდაცხრამეტი დღის მანძილზე ვან გოგმა დაახლოებით ოთხმოცი სურათი დახატა. იგი ელვის სისწრაფით მუშაობდა, რაც ძალ ღონეს აცლიდა. ძმისადმი მიწერილ უკანასკნელ წერილში, რომელიც თვითმკვლელობის შემდეგ ჯიბეში უპოვეს, იგი წერდა:
„ჩემს სამუშაოზე რა გითხრა, სასწორზე მაქვს შედგმული ჩემი სიცოცხლე და ნახევრად დაბინდული გონება...“
|
ვინსენტ ვან გოგი ისტორიული ძეგლების დახატვას ერიდებოდა. არლში ჩასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ ის ძმას სწერს:
. ვან გოგს შეეძლო ისტორიული ძეგლების მშვენიერების დაფასება, მაგრამ შთაგონების წყაროდ ისინი არასოდეს გაუხდია.
სამაგიეროდ სრულიად განსაკუთრებულია ტილო, რომელზეც ოვერის ეკლესიაა დახატული. დის, ვილჰელმინასადმი მიწერილ წერილში ვან გოგი მას ასე აღწერს:
„ახლა სოფლის ეკლესიის მოზრდილი სურათი დავხატე, სადაც სუფთა კობალტის ღრმა ლურჯი ცის ფონზე შენობა იისფერი გეგონება, ვიტრაჟები ზღვისფერი ლურჯის ლაქებს წააგავს. წინა პლანზე აყვავებული მწვანე მდელო და ვარდისფერი ქვიშაა. ეს სურათი თითქმის იმ ეტიუდების მსგავსია, ნიუენენის სასაფლაოს და ძველი კოშკისთვის რომ ვხატავდი, მაგრამ აქ ფერები უფრო ექსპრესიული და ძლიერია...“
|
სტილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნახატში ფერები მართლაც განსხვავებულია, მაგრამ კონტრასტი ამით არ ამოიწურება - ფერების ცალკეული ზონები აგებულია სწრაფი, მომრგვალებული და რიტმული შტრიხების მეშვეობით და მიწაც და ეკლესიაც თითქოს მოძრაობს. ვან გოგის ამ ერთ-ერთ უკანასკნელი ტილოს კომპოზიცია და განცდები ვიბრაციის მეშვეობით უფროა გადმოცემული, ვიდრე ფერით, რასაც მისი შემოქმედების პროვანსულ პერიოდში წამყვანი ადგილი ეკავა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დიდი მხატვრები, ვან გოგი, გამომცემლობა პალიტრა L, თბ., 2010