შინაარსზე გადასვლა

მოსე ჯანაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსე ჯანაშვილი

გიორგი ქართველიშვილი და მოსე ჯანაშვილი ოჯახებით. ა. როინაშვილის ფოტო
დაბადების სახელი მოსე ჯანაშვილი
დაბადების თარიღი 19 მარტი/31 მარტი 1855
კახი, ზაქათალის ოკრუგი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 19 აპრილი 1934
თბილისი, საქართველოს სსრ
ეროვნება ქართველი
პროფესია ისტორია
გეოგრაფია
ენათმეცნიერება
ეთნოგრაფია
პედაგოგიკა

მოსე გიორგის ძე ჯანაშვილი (დ. 31 მარტი [ძვ. სტ. 19 მარტი] 1855, სოფელი კახი, რუსეთის იმპერია — გ. 19 აპრილი, 1934, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ისტორიკოსი, ენათმეცნიერი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. 1875-1920 წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ქუთაისსა და თბილისში, სადაც ასწავლიდა ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიას. 1920 წლიდან მოღვაწეობდა უმაღლეს სასწავლებელში. იყო შრომის გმირი (1927), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიძველეთმცოდნეობის დამსახურებული პროფესორი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფ��ო და ქართული საენათმეცნიერო საზოგადოებების საპატიო წევრი (1930).

მოსე ჯანაშვილი დაიბადა 1855 წლის 19 მარტს დაიბადა აღმოსავლეთ კახეთის (ჰერეთის) სოფელ კახში. ჰერეთის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია 1851 წელი, როდესაც კახში მღვდელმსახურება აღდგა. 1865 წელს ახალგაზრდა მოსე ჯანაშვილმა იქ დაიწყო სწავლა ახალ სკოლაში. 1896 წლის 7 თებერვალს „ივერიაში“ გამოქვეყნებულ მართა კონჭოშვილისადმი მიძღვნილ ნეკროლოგში მოსე ჯანაშვილი იხსენებს, რომ მისი პირველი მასწავლებლები იყვნენ მართა მახვილაძე, მისი მეუღლე პეტრე კონჭოშვილი, შემდეგში თბილისის დედათა ინსტიტუტის პედაგოგი. 1865 წლიდან სწავლობდა კახის სამრევლო სკოლაში. 1868 წელს მოსე ჯანაშვილმა სწავლა განაგრძო ზაქათალის სამაზრო სასწავლებელში, რომელიც დაასრულა 1872 წელს. შემდეგ სწავლას აგრძელებს თბილისის სასულიერო სემინარიაში.

1875 წელს იგი გადავიდა ქუთაისში. მოსე ჯანაშვილმა ქუთაისის გიმნაზიაში გამოცდები ჩააბარა და მასწავლებლის მოწმობა მიიღო. აკადემიაში სწავლის გაგრძელებაზე ამის შემდეგ აღარ უფიქრია. ცნობილ ქართველ მოღვაწეებთან (აკაკი წერეთელი, სერგეი მესხი, ივანე მაჩაბელი, დიმიტრი ბაქრაძე, ილია ჭავჭავაძე და სხვა) ურთიერთობამ გავლენა მოახდინა მოსე ჯანაშვილის მსოფლმხედველობაზე. მოსე ჯანაშვილმა იმოგზაურა ქუთაისის შემოგარენში, ლეჩხუმში, რაჭაში, ფოთში. აკვირდებოდა თანამედროვეთა ყოფაცხოვრებას, დიალექტებს, ლეგენდებსა თუ თქმულებებში ჩაქსოვილ ზეპირ საისტორიო აზროვნებას. ახალგაზრდა სწავლულს ასეთი ძიება არც თბილისში დაბრუნების (1877 წ.) შემდეგ შეუწყვეტია და პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად საინტერესო სტატიებს აქვეყნებდა. წერდა ქართულ და რუსულ პერიოდულ გამოცემებში. გახდა კრებული „ნაშრომის“ რედაქტორი; სცადა ჟურნალ „მწიგნობრის“ დაარსება.

მოსე ჯანაშვილმა დიდი ღვაწლი დასდო ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კოლექციაში დაცული ძვირფასი ძეგლების დამუშავებით. ასეთმა საქმიანობამ მას თანდათან მოუხვეჭა ავტორიტეტი. 1898 წელს მოსე ჯანაშვილი საეკლესიო მუზეუმის გამგედ აირჩიეს. მან მუზეუმის პირველ აღწერილობაში შეიტანა 484 წიგნის ანოტაცია, 334 დოკუმენტი. მალე გამოიცა ხელნაწერთა აღწერილობის მეორე ტომი. ამის შემდეგ მან თ. ჟორდანიას დაწყებული აღწერილობაც დაასრულა. ამავე დროს მოსე ჯანაშვილი სხვა გამოცემებზეც მუშაობდა. დაინტერესებული იყო ქალაქების ისტორიით. დიდ ყურადღებას უთმობდა როგორც განაპირა, ისე სამშობლოს შიდა მხარეთა წარსულს.

შეისწავლა: აფხაზეთი, კახეთი, გურია, ქართლი, ჭანეთი, ტაო-კლარჯეთი. სამაგიდო წიგნი „საინგილო“ მოსე ჯანაშვილმა ექვთიმე თაყაიშვილის თანადგომით გამოსცა.

სამეცნიერო მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსე ჯანაშვილმა წერილები მიუძღვნა: ანდრია პირველწოდებულს, წმიდა ნინოს საგანმანათლებლო მოღვაწეობას, ქრისტიანობის გავრცელებას საქართველოში, ივერიის ღვთისმშობლის ხატს, აღმოსავლეთ კახეთის ტაძრებს, თომა მოციქულის მოწაფის ელისეს მისვლას გიშს, კათალიკოს ექვთიმეს (XIV ს-ის I ნახევარში) მიერ ნუხის, ჩაჩნეთის, დაღესტნის ნაწილებს, იქ არსებულ ქართული სულიერების კერების მოხილვას. რუსულად ითარგმნა მოსე ჯანაშვილის ქართული ეკლესიის სახელმძღვანელო. მკვლევარს საისტორიო ძიებათა შედეგები შეჯამებული აქვს საქართველოს ისტორიის სასწავლო წიგნში, რომლის იდეაა ქართველთა ერთობა, მისი გამტკიცებისათვის ბრძოლა.

მოსე ჯანაშვილი დროულად ითვალისწინებდა ევროპული აღმოსავლეთმცოდნეობის მიღწევებს, თანამშრომლობდა ზოგ ორიენტალისტთან. მკვლევარი ენერგიულად სწავლობდა ქართველთა დიასპორას, წმიდა მიწასა და სხვა მხარეებში არსებულ ქართული კულტურის ძეგლებს, ქართველ მოღვაწეთა ნააზრევს. აღსანიშნავია საჩაჩნოს ქრისტიანული ტაძრებისადმი მიძღვნილი მისი ნაშრომი, გამოკვლევა „ქართული ენა და ქართველობა კავკასიაში“. მკვლევარს დაუფასდა „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების“ გამოვლენა და გამოცემა, „ქართლის ცხოვრების“ თავისებური ხელნაწერის მი��ნება, რომელსაც ჯანაშვილისეული ნუსხა ეწოდა.

მეცნიერმა წვლილი შეიტანა ლიტურგიკის კვლევაში. გამოიკვლია იაკობ მოციქულის „ჟამის წირვა“. მან ასევე წარუვალი კვალი აღბეჭდა აგიოგრაფიაში. მოსე ჯანაშვილმა დიდი შრომა შეალია კლასიკური საერო ძეგლების შესწავლას („ვეფხისტყაოსანს“, სახოტბო პოეზიას, ისტორიკოსთა თხზულებებს), ქართული კულტურის კვლევას. რუსულად თარგმნა და გამოსცა ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს გეოგრაფია“. მისი გეოგრაფიული ნაშრომებიდან აღსანიშნავია თბილისის, გორის, მცხეთისა და მისი მიდამოების, არაგვის ხეობის აღწერილობა.

მოსე ჯანაშვილმა ღვაწლი დასდო ქართული ენის სალექსიკონო წყაროთა მოძიებას, ენის თავისებურებათა დადგენას. ასეთი ძიების ზოგი შედეგი შეჯამებულია მის „ქართულ გრამატიკაში“, რომელიც 1906 წელს გამოიცა. მანვე მრავალი წელი შეალია ქართული განმარტებითი ლექსიკონის შედგენასა და სხვ. მოსე ჯანაშვილი რამდენიმე სამეცნიერო საზოგადოების წევრი და წევრ-კორესპონდენტი იყო.

მოსე ჯანაშვილი გარდაიცვალა 1934 წელს ქალაქ თბილისში. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

  • სიდამონიძე უ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 536.
  • ბარამიძე ა., მოსე ჯანაშვილი «მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1980, №2;
  • მეგრელიძე ი., რუსთველოლოგები, თბ., 1970;
  • მოსე ჯანაშვილი. ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 1956;
  • ჩიქობავა ა., იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია, თბ., 1965.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]