შინაარსზე გადასვლა

ლიკა ქავჟარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიკა ქავჟარაძე

ლიკა ქავჟარაძე მარიტას როლში, ფილმიდან „ნატვრის ხე“
დაბადების თარიღი 26 ოქტომბერი, 1959
თბილისი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 11 ოქტომბერი, 2017 (57 წლის)
თბილისი, საქართველო
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1973–2012

ლიკა ქავჟარაძე (დ. 26 ოქტომბერი, 1959, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 11 ოქტომბერი, 2017, თბილისი) — ქართველი კინომსახიობი. ცნობილია მთავარი როლით თენგიზ აბულაძის ფილმიდან „ნატვრის ხე“.

ლიკა ქავჟარაძე წლინახევრის იყო, როდესაც მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, ამიტომ მამა ბუნდოვნად ახსოვდა. როგორც თავად იხსენებდა, დედის გარდაცვალების შემდეგ ხატვა აქტიურად დაიწყო და ცდილობდა ამაზე გადაეტანა ყურადღება. ამასთან, დედასთან რთული ურთიერთობა ჰქონდა - ძირითადად იმ მიზეზით, რომ უკანასკნელი, როგორც თავად ლიკა აღწერდა, მუდამ აკონტროლებდა.

ხუთი წლიდან მუსიკას ეუფლებოდა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა ფორტეპიანოს განხრით.

12 წლიდან დაიწყო კინოკარიერა — 1972 წელს მიიწვიეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. ამავე ასაკში მოკლემეტრაჟიან ფილმ „შადრევანში“ გადაიღეს. შემდეგ იყო „როცა აყვავდა ნუში“, „მშვენიერი კოსტიუმი“ და სხვა ფილმები.

კინოში განსახიერებულ ოცდაათამდე როლის მიუხედავად, განსაკუთრებული აღიარება მას თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხეში“ შესრულებულმა მარიტას როლმა მოუტანა. თავად ამბობდა: „მარიტამ მართლაც რომ წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო ჩემს კარიერაში, არამედ, ზოგადად, ცხოვრებაში. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ბევრ ფილმში ვითამაშე, „ნატვრის ხე“ მაინც სხვა იყო. დღემდე სწორედ ამ ფილმით მიხსენებენ. მარიტას როლი ცხოვრების ბოლომდე გამყვება“.

მიუხედავად აქტიური გადაღებებისა, მსახიობმა ბედი პოდიუმზეც სცადა. როგორც მოდების სალონ „ირიდას“ დამფუძნებელი იხსენებდა, „ლიკას სილამაზე დანარჩენ მოდელებს იმდენად აკომპლექსებდა, რომ მის გვერდით გამოსვლა უჭირდათ“.

უკანასკნელ წლებში გამოჩნდა შოთა კალანდაძის ეროტიკულ ფილმში „მედუზა გორგონა“. თავად მას აღწერდა, „როგორც ესთეტიკურად გადაღებულ სასიყვა��ულო სცენებს“.

პირადი ცხოვრება და ჯანმრთელობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედა შვილის ადრეულ ასაკში დაქორწინების წინააღმდეგი იყო, როდესაც ლიკას, ჩოგბურთზე მიმავალს სანდრო თაქთაქიშვილი — მომავალი მეუღლე შეხვდა. მათ მაინც იქორწინეს და ეყოლათ შვილი, ლევანი. 1993-1994 წლებში ოჯახი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც სანდრო მუშაობდა, მაგრამ მსახიობმა იქ ხანგრძლივი პერიოდით დარჩენა ვერ შეძლო და უკან დაბრუნდა. მეორედ ლიკამ იქორწინა ლევან შანიძესთან, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა დაშორების შემდეგ შეინარჩუნა.

2014 წელს გადაცემა „სხვა რაკურსში“ საკუთარ ფსიქიკურ პრობლემებზე ისაუბრა. მსახიობმა ფსიქიკური პრობლემების მიზეზად ბევრი გადაღებები და გადაღლილობა დაასახელა. ფსიქიკური პრობლემები მას 24 წლის ასაკში დაეწყო და შესაბამისი მკურნალობა დასჭირდა. გარდა ამისა, პრობლემების მიზეზად მსახიობი ასახელებდა ექიმების მიერ ნავარაუდევ მშობიარობის სტრესს: „ზოგი ამბობს, რომ ეს არის არაბედნიერი ცხოვრების გამო. ზოგიერთი ამბო­ბს, რომ გაციებული ვიყავი და მენი­ნგიტის შედეგად გავხდი ცუდად“.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მარტო ცხოვრობდა. გარდაიცვალა 2017 წლის 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში.[1]

ჰყავს ვაჟი — ლევან თაქთაქიშვილი (პირველი ქორწინებიდან).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]