შინაარსზე გადასვლა

თალესი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თალეს მილეთელი

თალეს მილეტელი (ძვ. ბერძნ. Θαλῆς ὁ Μιλήσιος; დ. ≈ ძვ. წ. 624 — გ. ≈ 546), ასევე თალეს მილესელისოკრატემდელი ბერძენი ფილოსოფოსი და შვიდ ბერძენ ბრძენთაგან ერთ-ერთი. მრავალი მეცნიერი მას ბერძნული ტრადიციის პირველ ფილოსოფოსად და ასევე მეცნიერების მამად მიიჩნევს.

თალესის დაბადების ზუსტი წელი ცნობილი არ არის. ერთადერთი მოვლენა მისი ცხოვრებიდან, რომელიც დანამდვილებითაა დათარიღებული ძვ. წ. 585 წლის მზის დაბნელებაა და სწორედ ეს წელია ტრადიციულად მიჩნეული დასავლური ფილოსოფიის საწყისად. აპოლოდორე ათენელის მიხედვით თალესი ძვ. წ. 624-625 წელს დაიბადა მილეტში (დღევანდელი თურქეთი). ცნობა დიოგენე ლაერტელს აქვს შემონახული. ნაწერში ძვ. წ. 640 წელია ნახსენები, თუმცა მიჩნეულია, რომ ნაწერში შეცდომაა და იგულისხმება ძვ. წ. 624 წელი (ზოგი წყაროს მიხედვით ძვ. წ. 625). აპოლოდორე ათენელს ჩვეოდა დაშვების გაკეთება, რომ ადამიანი თავისი მოღვაწეობის ზენიტში ყოფნისას 40 წლის იყო და სავარაუდოდ სწორედ აქედან მომდინარეობს ეს თარიღი.[1][2]

დიოგენე ლაერტელის მიხედვით თალესის მშობლები იყვნენ ექსამიესი და კლეობულინე, ფინიკიური წარმოშობის დიდებულები კადმუსისა და აგენორის ხაზიდან, რომელიც ფინიკიიდან მილეტში გადაიხვეწა. დიოგენეს სხვებთან ერთად ერთ-ერთ წყაროდ ჰეროდოტე მოჰყავს, თუმცა ამ უკანასკნელს თალესის წარმოშობაზე ბევრი არ უწერია, მას მილეტელ კაცს, შორეული წარმოშობით ფინიკიელს უწოდებს.[3]

თანამედროვე რეპუტაციით თალესი თეორეტიკოსი ფილოსოფოსია, თუმცა ძველ საბერძნეთში ის, როგორც ჩანს, საკმაოდ შთამბეჭდავ პიროვნებად ითვლებოდა. არისტოფანე თავის ერთ-ერთ პიესაში მის სახელს გენიოსის სინონიმად იყენებს, ახასიათებს რა ქალაქის მგეგმავს. ჰეროდოტეს ისტორიაშიც რამდენიმე ეპიზოდია შემონახული, რომელიც თალესს პოლიტიკოსად და სამხედრო ინჟინრად წარმოაჩენს. მაგალითად, ჰეროდოტეს მიხედვით თალესმა მოახერხა ლიდიის მეფის კრესეს არმიის მდინარე ჰალისიზე გადაყვანა კალაპოტის ორად გახლეჩით, რის შემდეგაც მდინარის ორივე ნაწილი გასავალი გახდა.[3]

თალესი იყო პირველი ბერძენი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი. ის იყო ბერძნული ფილოსოფიის დამფუძნებელი. სავარაუდოდ ის ანაქსიმანდრეს მასწავლებელი იყო. ის თვლიდა, რომ საწყისი ელემენტი, რისგანაც შეიქმნა მსოფლიო იყო წყალი. ასევე მან მნიშვნელოვანი ცლილება მოახდინა, როდესაც თქვა, რომ ყველაფერს საფუძვლად უდევს უბრალო ფიზიკური წესები. მან ასევე წამოაყენა აზრი რომ ვარსკვლავები იყო სხვა მსოფლიოები. თალესმა ამით ბიძგი მისცა სხვა ფილოსოფოსებს, რაციონალიზმის პოზიციიდან ემსჯელათ ციური სხეულების ბუნებაზე. ამან გამოიწვია სწრაფი ზრდა აზრისა სხვა სამყაროების არსებობაზე. თალესმა ასევე იწინასწარმეტყველა მზის დაბნელება ძვ. წ. 585 წელს. თალესის არც ერთ ხელნაწერს ჩვენამდე არ მოუღწევია, რის გამოც ჩვენ ვეყრდნობით იმას რაც სხვებმა დაწერეს მასზე და მის ნაშრომებზე. პროკულუსი წერს რომ თალესი ახალგაზრდობაში წავიდა ეგვიპტეში და რაც ისწავლა ყველაფერი შეიტანა ბერძნულ მათემატიკაში და ფილოსოფიაში. გარდაიცვალა ძვ. წ. 546 წელს მილეტშივე.

აპოლოდორე „ქრონიკებში“ აღნიშნავს, რომ თალესი ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა, 78 წლის ასაკში, ფიზიკური ვარჯიშის დროს. თანამემამულეებს დიდად დაუფასებიათ მისი ღვაწლი და შვიდ ბრძენთა შორის დაასახელეს.[4]

  • 5 თეორემა ელემენტარული გეომეტრიიდან.
  • ვერტიკალური კუთხეები ტოლია;
  • ტოლფერდა სამკუთხედში ფუძესთან მდებარე კუთხეები ტოლია;
  • ორი სამკუთხედი ტოლია თუ მათი ორი კუთხე და ერთი გვერდი ტოლია;
  • წრეწირში ჩახაზული კუთხე, რომელიც დიამეტრს ეყრდნობა, მართია;
  • წრე დიამეტრით ორ ტოლ ნაწილად იყოფა;
  • მზისა და მთვარის სიდიდის გამოანგარიშება;
  • მცირე დათვის თანავარსკვლავედის აღმოჩენა;
  • მას პირველს უთქვამს: „მთვარე განათებულია მზის შუქით“;
  • იწინასწარმეტყველა 585 წლის 28 მაისის მზის დაბნელება;
  • ეგვიპტის პირამიდების სიმაღლის გაზომვა მათი ჩრდილების მეშვეობით;

თალესის თეორემა:

  • თუ კუთხის გვერდების გადამკვეთი პარალელური წრფეები მის ერთ გვერდზე ტოლ მონაკვეთებს მოკვეთს, მაშინ ეს წრფეები მეორე გვერდზეც ტოლ მონაკვეთებს მოკვეთს.

გამოყენებული ლიტერატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Kirk, G.S., J.E. Raven, and M. Schofield. "Anaximenes of Miletus." The Presocratic Philosophers. Cambridge: Cambridge University Press, 1984.
  • S. Marc Cohen, Patricia Curd, C.D.C. Reeve - Readings in Ancient Greek Philosophy: From Thales to Aristotle, Cambridge, 2011.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. კირკი, გვ. 74
  2. კოჰენი, გვ. 10
  3. 3.0 3.1 კირკი, გვ. 75
  4. კუკავა თ., იონელების ფილოსოფია // ბერძნული ფილოსოფიის ისტორია, წგნ. I, თბ.: განათლება, 1972.