ზოდი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
ზოდი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ზოდი |
კოორდინატები | 42°20′35″ ჩ. გ. 43°18′16″ ა. გ. / 42.34306° ჩ. გ. 43.30444° ა. გ. |
პირველი ხსენება | XV საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 630 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1483[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,4 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ზოდი — სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: დარკვეთი, ზედუბანი, მოხოროთუბანი). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, ზღვის დონიდან 630 მეტრი, ჭიათურიდან 13 კილომეტრი, ქუთაისიდან – 80 კმ., თბილისიდან – 187 კმ. ზოდი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XV საუკუნეში. სოფელში არის მინერალური წყლები, საბავშვო ბაღი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზოდი პირველად დამოწმებულია ქუცნა ამირეჯიბის ულუმბის მონასტრისადმი შეწირულობის სიგელში, რომელიც საუკუნის დასაწყისით თარიღდება. გვხვდება აგრეთვე XVII-XVIII საუკუნეების რამდენიმე დოკუმენტში. 1639 წელს იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ს ზოდში მცხოვრები ორი კომლი ყმა-გლეხი წინამძღვარ ფილიპე წერეთლისადმი უბოძებია, ხოლო 1771 წელს დავით ბატონიშვილს ერთი კომლი ყმა-გლეხი ამ სოფლიდან ჯრუჭის მონასტრისადმი შეუწირავს. ზოდი და იქ მდებარე აზნაურის ციხე-დარბაზი ასევე დატანილია ვახუშტი ბატონიშვილის რუკებზე. სოფელი მოხსენიებული ჰყავს იოჰან გიულდენშტედტსაც. გვიანდელი შუა საუკუნეების დაყოფის მიხედვით ზოდი იმერეთის სამეფოს II ანუ „ზემო მხრის“ სადროშოში შედიოდა. XIX საუკუნის რუსული ადმინისტრაციული დაყოფით ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრის წირქვალის სასოფლო საზოგადოებას ეკუთვნოდა. 1930 წელს, მაზრების გაუქმების შემდეგ ჭიათურის რაიონს გადაეცა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1483 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 2126 | 1049 | 1077 |
2014[1] | 1483 | 735 | 748 |
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს ყაველაშვილების ანუ ზედუბნის ციხის ნანგრევები, აქვე გვხვდება ძველი ეკლესიის ნანგრევები. სოფელში მდებარეობს ბრეგვაძეებისკლდის, ხვედელიძეებისკლდის, ჯრუჭულის, თაროკლდის (რაჭველების) კარსტული მღვიმეები, გოგირდოვანი წყლის აბანო. სოფელშია ასევე რამდენიმე არქეოლოგიური ძეგლი აღმოჩენილი, რომელთა შორის აღსანიშნავია: სამგლე კლდე, სამელე კლდე და სამერცხლე კლდე.
სამგლე კლდე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამგლე კლდე, პალეოლითური ხანის კარსტული მღვიმე მდინარე ჯრუჭულის კანიონისებური ხეობის მარჯვენა ნაპირზე, სამერცხლე კლდისა და ჯრუჭულის მღვიმეებს შორის, აღმოაჩინეს 1962 წელს და გათხარეს 1963-67 წლებში. სამგლე კლდის ქვედა ფენა შუა პალეოლითის ხანისაა. აღმოჩენილია მღვიმის დათვის, ბიზონის, შვლის, კეთილშობილი ირმის, ჯიხვისა და გიგანტური ირმის ძვლები. მღვიმე ნეანდერტალური ადამიანის დროებით ნასახლარს წარმოადგენდა. მასალა შუა მუსტიეს ხანას განეკუთვნება[3].
სამელე კლდე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამელე კლდე მდებარეობს მდინარე ჯრუჭულის მარჯვენა ნაპირას. ის ნეოლითისა და ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ძეგლია. გათხრები მიმდინარეობს 1959 წლიდან. სამელე კლდე ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურული ძეგლია[4].
სამერცხლე კლდე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამერცხლე კლდე ზოდსა და სოფელ დარკვეთს შორის, მდინარე ჯრუჭულის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 600 მ. მდებარეობს. მღვიმე კარსტული წარმოშობისაა. გათხარეს 1963-66 წლებში. ფიქსირებულია 3 კულტურული ფენა[5].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 374.
- დვალაშვილი გ., ხანდოლიშვილი ლ. და სხვები, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, თბ., 2017, გვ. 37
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ თუშაბრამიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 710.
- ↑ ჯავახიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 717.
- ↑ თუშაბრამიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 717.
|