შინაარსზე გადასვლა

ჯრუჭის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯრუჭის მონასტერი


ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საჩხერის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ცხომარეთი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი გუმბათოვანი ეკლესია
თარიღდება XI საუკუნე

ჯრუჭის მონასტერი — XI საუკუნის ქართული მონასტერი. მდებარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტში, მდინარე ყვირილის მარჯვენა შენაკადის — ჯრუჭულას სათავეში, სოფელ ცხომარეთის მიდამოებში.

სამონასტრო კომპლექსში შედის XI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია (გადაკეთებულია XIX საუკუნეში), რომლის კედლებზე ლაპიდარული წარწერებია. მომდევნო ხანებში მონასტერი მოიშალა. განახლდა XVI-XVII საუკუნეებში. XVII საუკუნის დასასრულს ჯრუჭულის ხეობა რაჭის ერისთავებისა და წერეთელთა სატავადო სახლის საცილობელ ტერიტორიად იქცა, რის გამოც იგი უკვე ციხესიმაგრის დანიშნულებას ასრულებდა. XVIII საუკუნის 60-იან წლებში სოლომონ I-მა ჯრუჭის მონასტე���ი აღადგინა, ხოლო შემდეგ წერეთლების საგვარეულოს მისცა აქ დასაფლავების ნება. 1810 მონასტერი უკვე დიდძალ ყმა-მამულს ფლობდა ზემო იმერეთსა და რაჭაში. იმერეთის სამეფოს გაუქმების (1810) შემდეგ ჯრუჭის მონასტერი წერეთლების საგვარეულო საკუთრებად იქცა. მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილი განვითარებული შუა საუკუნეების სხვა ნაგებობების ნაშთებიც.

ამჟამად იმას, რომ ოდესღაც ჯრუჭის მონასტერი არსებობდა, მასთან მიახლოებისას მთის მწვერვალზე ამოზრდილი ორი მაღალი კვიპაროზი მოწმობს. საქმე ისაა, რომ ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული შედევრი და უდიდესი კულტურული ცენტრი 1991 წლის მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა. შემორჩენილია მხოლოდ ორი კედელი და ორივე მათგანი კატასტროფულ მდგომარეობაშია. შემორჩენილია მონასტრის ეზოში შესასვლელი კარიბჭის კედლებიც.

ჯრუჭის მონასტერს დიდი კვალი აქვს დატოვებული ქართულ კულტურაში. ის X საუკუნეშია დაარსებული და ერთ-ერთ გამორჩეულ კულტურულ და საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. საყოველთაოდაა ცნობილი ჯრუჭის სახარება (ოთხთავი), რომელიც ქართული კალიგრაფიის უბრწყინვალეს ნიმუშს წარმოადგენს და დაცულია საქართველოს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა სახელმწიფო ინსტიტუტში. იმას, რომ ჯრუჭი ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენდა, მოწმობს ეზოში დაყრილი ჩუქურთმები და სვეტთა ნაწილები, რომლებიც ერთ დროს ტაძრის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდნენ. ერთ-ერთ კედელზე დღესაც შემორჩენილი წმინდა გიორგის ბარეილიეფი, რომელზეც ორი წმინდა გიორგია გამოსახული, პირით ერთმანეთისაკენ. ერთ-ერთი მათგანი ებრძვის გველეშაპს ხოლო მეორე ბიზანტიის იმპერატორ დიოკლეტიანეს. ეს ბარელიეფი უნიკალურია თავისი შინაარსით და მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მ��იშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].