დიდი საბერძნეთი
დიდი საბერძნეთი (ლათ. Magna Graecia, ბერძ. Μεγάλη Ελλάς) — სამხრეთ იტალიაში მდებარე ძველბერძნული ქალაქების ჯგუფი. მათი აქ დაარსება დაიწყო ძვ. წ. VIII საუკუნეში (იხ. ბერძნული კოლონიზაცია), უძველესი ქალაქი იყო კუმე, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ტარენტმა, სიბარისმა, კროტონმა, რეგიუმმა, პოსიდონიამ, ნეაპოლმა. სამხრეთ იტალიის შიდა ნაწილი დასახლებული იყო იტალიური ტომებით, რომლებთანაც ახალმოსახლე ბერძნებს მალევე მოუვიდათ სამხედრო კონფლიქტები, ამას დაემატა ცალკეულ ქალაქთა შორის ომები. კოლონიები თავდაპირველად დაარსდა როგორც მიწათმოქმედების დასახლებები, მაგრამ მალევე მათი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა სავაჭრო საქმე გახდა. მას შემდეგ, რაც კროტონმა ძვ. წ. 510 წელს გაანადგურა მდიდარი და მასთან კონკურენციაში მყოფი სიბარისი, დაიწყო საერთო დაკნინება, რომელიც არ შეეხო მხოლოდ სიცილიას.[1]
ძვ. წ. 474 წელს სირაკუზის ტირანმა ჰიერონ I-მა ეტრუსკები კუმეს ბრძოლაში დაამარცხა. კართაგენელები დაამარცხეს 480 წელს ჰიმერის ბრძოლაში. ამ თავდაცვითი ომების წარმოებით, სირაკუზა თავისი ტირანების მმართველობის დროს დასავლეთ საბერძნეთის წამყვანი მებრძოლი ძალა გახდა. კართაგენელებთან მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შედეგად სიცილიაზე მრავალი ქალაქი გაუკაცრიელდა. კონტინენტზე კი ერთი მეორის მიყოლებით დაიპყრო რომმა.[1]
ყველაზე ბოლოს, მედგარი ბრძოლის შემდეგ (282–272) დაეცა ტარენტი. დიდ საბერძნეთში ბერძნული ელემენტი იმპერიის ეპოქამდე შემორჩა. ადგილობრივი კულტურის მაღალ დონეზე მიუთითებს, მაგალითად, ელეისა და პითაგორეიზმის სკოლები. ძალიან ძლიერი იყო ბერძნული გავლენა რომზე. ბიზანტიურ ეპოქაში დიდი საბერძნეთის ბერძნული მოსახლეობა კვლავ გაიზარდა, მისი ნაშთები სამხრეთ იტალიაში ახლაცაა შემორჩენილი.[1]
ციტატა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„...სანამ მიწა იტალიის გახდებოდა, იყო დიდი საბერძნეთი.“
| |