დავით საღირაშვილი
დავით (დათიკო) ალექსის ძე საღირაშვილი (დ. 15 იანვარი, 1887, თბილისი, — გ. 1962, ვაშინგტონი, დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი, პუბლიცისტი. 1922 წლიდან პოლიტიკური ემიგრანტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახალგაზრდობიდანვე ჩაბმული იყო მუშათა მოძრაობაში. მოხალისედ მონაწილეობდა 1909-1910 წლების ირანის რევოლუციაში. რევოლუციური საქმიანობისთვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. 1913 წელს პატიმრობიდან განთავისუფლებული დაბრუნდა თბილისში და კვლავ ჩაება პოლიტიკურ საქმიანობაში. ვლ. ახმეტელთან და ლ. დარჩიაშვილთან ერთად დააარსა სოციალ–დემოკრატიული მიმართულების გაზეთი „ფიქრი“ (1913–1914). 1914 წელს კვლავ დააპატიმრეს და მალევე პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ გადაასახლეს ხარკოვში, სადაც შევიდა უნივერსიტეტში ეკონომიკურ ფაკულტეტზე. 1915 წელს სტუდენტთა მღელვარებაში მონაწილეობის გამო ისევ დააპატიმრეს და გაასახლეს ჯერ ბელგოროდში, შემდეგ ცარიცინში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ აირჩიეს ცარიცინის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარედ. 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში. არჩეული იყო სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად (მეთაურის მოადგილე). 1920 წელს, გრიგოლ ურატაძესთან ერთად, მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც 7 მაისის მოსკოვის ხელშეკრულების ხელმოწერით დასრულდა.
1921 წელს საქართველოს ძალადობრივი გასაბჭოების შემდეგ საღირაშვილი ემიგრაციაში არ წასულა. საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა და მეტეხის ციხეში 16-თვიანი პატიმრობის შემდეგ, 1922 წელს, 61 სხვა პატიმართან ერთად უცხოეთში გაასახლა. ცხოვრობდა გერმანიაში. 1927 წლიდან უპარტიო იყო. ემიგრაციაში ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას. წერდა ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. იყო 1923 წელს ბერლინში გამოცემულ ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ ტექნიკური რედაქტორი. II მსოფლიო ომის შემდეგ ერთხანს ცხოვრობდა ავსტრიაში, იტალიასა და ესპანეთში. 1957-1958 წლებში მიუნხენში არჩილ მეტრეველთან ერთად გამოსცემდა გაზეთს „სამშობლოს განთავისუფლებისათვის“. სიცოცხლის ბოლო წლები ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა. ცოლად ჰყავდა წარმოშობით ფინელი ალმა საირანენი. მათი შთამომავლები ვაშინგტონსა და მიუნხენში ცხოვრობენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შარაძე, გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. ტ. 1. - თბ., 2001. - გვ. 630–632.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დავით საღირაშვილი. „ქართველები უცხოეთში. ბიოგრაფიები და მოღვაწეობა“. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.