შინაარსზე გადასვლა

მოსკოვის ხელშეკრულება (1920)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის ხელშეკრულება (1920). pdf

მოსკოვის ხელშეკრულება (რუს. Мирный договор между РСФСР и Демократической Республикой Грузии, заключенный в Москве 7 мая 1920 года) — საზავო ხელშეკრულება საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის 1920 წლის 7 მაისს, რომლითაც რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა დე იურე ცნო სანაცვლოდ პირობისა, რომ საქართველო საკუთარ მიწაზე საბჭოთა რესპუბლიკის მიმართ მტრულად განწყობილი ძალების ჯარებს არ განალაგებდა.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობით, რუსეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1918 წლის 26 მაისს. ეს ფაქტი საბჭოების მიერ ფორმალურად არცნობილ იქნა, მაგრამ საქართველოს მთავრობამ საბოლოოდ მოახერხა მოკავშირეთა ლიდერთაგან დე ფაქტო ცნობის მიღება.

1920 წლის მაისში ბოლშევიკთა გადატრიალების მცდელობის ჩავარდნისა და წითელი არმიის საქართველოს ტერიტორიაზე შემოღწევის უშედეგოდ დამთავრების შემდეგ, ლენინის მთავრობა დათანხმდა საქართველოსთან ხელშეკრულების მოწერაზე და ცნო მისი დამოუკიდებლობა დე იურე. ამასთან მენშევიკებს პირობა უნდა დაედოთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საბჭოთა რუსეთის მიმართ მტრული ქვეყნის ჯარებს არ განალაგებდნენ. მრავალი ქართველი პოლიტიკოსი, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, ამ მუხლს საქართველოს სუვერენიტეტის შელახვად მიიჩნევდნენ და რუსეთის პირობების უკუგდებას ამჯობინებდნენ. თუმცა პრემიერ-მინისტრი ნოე ჟორდანია, რომლისთვის საერთაშორისო აღიარების მიღწევა მთავარი ამოცანა იყო, დათანხმდა რუსეთის პირობებს. 16 მუხლისგან შემდგარ ხელშეკრულებას საბოლოოდ ხელი მოეწერა ქართული მხრიდან გრიგოლ ურატაძემ და რუსული მხრიდან ლევ კარახანმა, მოსკოვში 1920 წლის 7 მაისს, ხოლო 3 მუხლისგან შემდგარ დამატებით შეთანხმებას (საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან და ზაქათალის ოლქთან დაკავშირებით) — 1920 წლის 12 მაისს.

რსფსრ პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებელი და დემოკრატიული რესპუბლიკა, როგორც კანონიერი წარმონაქმნი და 1920 წლის 7 მაისს დადო მასთან სამშვიდობო ხელშეკრულება.

ამ ხელშეკრულების შესახებ პირველი ინფორმაციული ცნობა 21 მაისს გამოაქვეყნეს მენშევიკური პარტიის ოფიციოზმა გაზეთმა „ერთობამ“ („ზავი საბჭოთა რესპუბლიკასთან“) და იმ პერიოდის სხვა გაზეთებმა. 1920 წლის 8 ივნისს გაზეთმა „კომუნისტმა“ გამოაქვეყნა 16 მუხლიანი „სამშვიდობო ხელშეკრულების“ ტექსტის ქართული თარგმანი, 3 მუხლიანი დამატებითი შეთანხმებითურთ,[1] ხოლო 11 ივნისს გაზეთმა „��რთობამ“ — ხელშეკრულების მხოლოდ 16 მუხლიანი შეთანხმება.[2] ტექსტში არ ყოფილა შეტანილი განსაკუთრებული საიდუმლო დამატება ამ ხელშეკრულებისა, რომელიც ორ სტატიას შეიცავს და მიუთითებს საქართველოს ვალდებულებაზე, აღიაროს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი კომუნისტური ორგანიზაციების თავისუფალი არსებობისა და მოქმედების უფლება. კერძოდ, კრებების თავისუფლად მოწყობის უფლება და თავისუფალი გამომცემლობის (მათ შორისბეჭდვითი ორგანოების გამოცემის) უფლება. დამატება ითვალისწინებდა აგრეთვე ყოველგვარი რეპრესიებისაგან იმ პირთა გათავისუფლებას, რომლებიც ეწეოდნენ კომუნისტური პარტიის პროგრამის პირად პროპაგანდას. გაზეთ „კომუნისტსა“ და „ერთობაში“ გამოქვეყნებულ ტექსტში შეტანილი არ იყო აგრეთვე ხელშეკრულების მეხუთე მუხლის მეათე პუნქტი.

1920 წლის 14 ნოემბერს დაიდო სავაჭრო-სატრანზიტო ხელშეკრულება საბჭოთა რუსეთ-აზერბაიჯანსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის. ხელშეკრულება თავის მხრივ წარმოადგენდა 7 მაისის ხელშეკრულების გაგრძელებას.[3]

დამატებების ტექსტი რუსულ ენაზე გამოქვეყნდა 1922 წელს.[4] ხელშეკრულების რუსული ტექსტი (საგანგებო საიდუმლო დამატების გარეშე) გამოქვეყნდა 1958 წელს დოკუმენტების კრებულში.[5]

ხელშეკრულების დედანი, რომელიც ხელთ ჰქონდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას, 1921 წლის მარტში ამ მთავრობის სხვა დოკუმენტებთან ერთად გატანილ იქნა პარიზში. ცნობილი იყო, რომ პარიზის ემიგრაციის მძიმე პირობებში ამ დოკუმენტებს საფრთხე დაემუქრა და ქართულმა ემიგრაციულმა სათვისტომომ ჰარვარდის უნივერსიტეტთან ერთად ითავა მისი მიკროფირება და მიკროფირის ცალი გადაეცა ჰარვარდის უნივერსიტეტს.

1988 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სსრ კავშირის ისტორიის კათედრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰარვარდის უნივერსიტეტში მიავლინა კათედრის წევრი ავთანდილ მენთეშაშვილი, რომელმაც მიაგნო ხელშეკრულების დედნის მიკროფირს.

ხელშეკრულების ტექსტს წინ უძღვის დოკუმენტი ვ. ი. ლენინისა და გ. ჩიჩერინის ხელმოწერით, რომელიც ლ. კარახანს აძლევდა რწმუნებას ხელი მოეწერა საქართველოს რესპუბლიკასთან სამშვიდობო ხელშეკრულებას რუსეთის საბჭოთა სოციალისტური ფედერატიული რესპუბლიკის მთავრობის მხრივ.

ხელშეკრულება შედგებოდა პრეამბულის, 16 მუხლისა და ორმუხლიანი განსაკუთრებული საიდუმლო დამატებისგან, ასევე დამატებითი სამმუხლიანი შეთანხმებისგან. ხელშეკრულება იწყებოდა შავიზღვისპირეთში რუსეთსა და საქართველოს შორის საზღვრის აღწერით. ის ძალაში შევიდა დამატებითი რატიფიკაციის გარეშე.

1989 წლის 18 ნოემბერს საქართველოს სს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ დაადგინა: „1) მოწონებულ იქნეს საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 20 ივნისის დადგენილებით შექმნილი საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულების დარღვევის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების საკითხთა კომისიის დასკვნა. 2) დაისვას სსრ კავშრის სახალხო დეპუტატთა მეორე ყრილობის წინაშე საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულების დარღვევის სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასების საკითხი“. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. გუმბარიძე, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ვ. კვარაცხელია. მოგვიანებით გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა ხელშეკრულების ქართული ვარიანტის სრული ტექსტი (სამ მუხლიანი დამატებითი შეთანხმების გარეშე).[6]

  • ჯანელიძე ო., „ნარკვევები საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ისტორიიდან“, თბ., 2014 [2012]. — გვ. 195-203, ISBN 978-9941-427-76-3.
  • თოიძე ლ., ინტერვენციაც, ოკუპაციაც, ძალდატანებითი გასაბჭოებაც, ფაქტობრივი ანექსიაც, თბ., 1991
  • ურატაძე გ., ნამდვილი და ყალბი ისტორია, პარიზი, 1958.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. გაზ. „კომუნისტი“, №5, 8 ივნისი, 1920
  2. გაზ. ერთობა, №125, 6 ივნისი, 1920
  3. გაზ. „კომუნისტი“, №96, 17 ნოემბერი, 1920
  4. «Российская Федеративная Советская Республика и Грузинская Демократическая Республика», М., 1922, стр. 16
  5. «Борьба за победу Советской власти в Грузии», 1958, стр. 563-568
  6. გაზ. „კომუნისტი“, №132 (26473), 8 ივნისი, 1989