აბასიანთა სახალიფო
აბასიანთა სახალიფო (არაბ. الدَّولَةُ العَبَّاسِيَّةُ) — არაბთა სახალიფოს ფეოდალური სახელმწიფო 750-1258 წლებში. განაგებდნენ აბასიანების დინასტიის ხალიფები. შეიქმნა აბუ მუსლიმის აჯანყების შედეგად, რომელმაც ბოლო მოუღო ომაიანების ბატონობას.
აბასიანთა სახალიფოს ნაკლები ტერიტორია ეკავა, ვიდრე ომაიანთა სახალიფოს. VIII საუკუნის II ნახევრიდან მოყოლებული სხვადასხვა დროს მას ჩამოსცილდა პირენეს ნახევარკუნძული, ჩრდილოეთი აფრიკა და სირია. შედარებით დიდხანს დარჩნენ აბასიანთა სახალიფოს შემადგენლობაში ერაყი, ირანი, შუა აზია, არაბეთის ნახევარკუნძული, მცირე აზიის ნაწილი და ამიერკავკასია. სახელმწიფო პოლიტიკურმა ცენტრმა სირიიდან ერაყში გადაინაცვლა. ხალიფა ალ-მანსურმა ტახტი ქ. ბაღდადში გადაიტანა. ამიტომ აბასიანთა სახალიფოს ხშირად ბაღდადის სახალიფოსაც უწოდებენ. თუ ომიანები არაბი ტომების ზედა ფენას ეყრდნობოდნენ, აბასიანების სოციალურ-პოლიტიკურ დასაყრდენად იარნელი და შუააზიელი ფეოდალები იქცნენ. აბასიანთა სახალიფოში აღოღძინდა სასანიანების ირანის პოლიტიკური ინსტიტუტები (ვეზირის სახელო, მრავალუწყებიანი დივანი) და გაძლიერდა ინდურ-ირანული ტრადიციები; ფართოდ განვითარდა სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა-ხელოსნობა, საქალაქო ცხოვრება. თვალსაჩინო მიღწევები მოიპოვა არაბულმა მეცნიერებამ, ფილოსოფიამ და ხელოვნებამ. ბაღდადი საერთაშორისო ვაჭრობის უმნიშვნელოვანეს ცენტრად იქცა.
აბასიანთა სახალიფოს სამეურნეო-კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს არაბთა მიერ დაპყრობილმა ხალხებმა (სპარსელებმა, ტაჯიკებმა, სირიელებმა), აბასიანთა მმართველობის ხანაში გაძლიერდა სახალიფოს მფლობელობაში მყოფი ქვეყნების მოსახლეობის ექსპლუატაცია, გამწვავდა კლასობრივი წინააღმდეგობანი, გახშირდა სახალხო ანტიფეოდალური აჯანყებები: 776-783 წლებში მუკანას აჯანყება შუა აზიაში, 816-837 წლებში ბაბექის აჯანყება აზერბაიჯანში და სხვა. აბასიანთა სახალიფო საგრძნობლად დაასუსტა 869-883 წლების შავკანიანი მონების — ზინჯების აჯანყებამ. სახალხო აჯანყებებმა და დაპყრობილ ქვეყნებში ფეოდალიზმის განვითარებამ ხელი შეუწყო სეპარატისტული ტენდენციების გაძლიერებას, დააჩქარა აბასიანთა სახალიფოს დაშლა. მის ტერიტორიაზე IX-X საუკუნეებში წარმოიქმნა ნახევრად დამოუკიდებელი ფეოდალური სახელმწიფოები, რომლებსაც სათავეში უდგნენ ადგილობრივი დინასტიები: ტაჰირიდები — ხორასანში, საფარიდები — სისტანში, სამანიდები — შუა აზიაში, ბუიდები — ჩრდილო და დასავლეთ ირანში. აბასიანთა სახალიფოს დაშლა აგრეთვე დააჩქარა ქართველი ხალხის განმათავისუფლებელმა ბრძოლამ. IX საუკუნეში დაიწყო თბილისის საამიროს ჩამოცილება აბასიანთა სახალიფოსაგან. სახალხო მოძრაობებისა და ფეოდალური განკერძოებათა წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ხალიფა ალ-მუთასიმმა თურქი მონებისაგან საგანგებო გვარდია შექმნა. თურქებმა თავი გამოიჩინეს ირანის, ამიერკავკასიისა და სხვა ხალხების განმათავისუფლებელ და ანტიფეოდალურ აჯანყებების ჩაქრობაში. მაგრამ მათვე თავიანთ გავლენას დაუმორჩილეს აბასიანი ხალიფები. აბასიანთა სახალიფოს დაცემისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა 945 წელს ბუიდების მიერ ბაღდადის აღებას. აბასიანმა ხალიფებმა საერო ხელისუფლება დაკარგეს და მხოლოდ სუნიტების სულიერ მოძღვრებად დარჩნენ. ამიერიდან საერო მბრძანებლის აღმნიშვნელ ტერმინად მუსლიმანურ აღმოსავლეთში სულთანი იქცა. აბასიანი ხალიფების რელიგიური ავტორიტეტი გამოიყენეს სელჩუკებმა. სელჩუკების წინამძღოლმა თოღრულ-ბეგმა 1055 წელს ბაღდადი აიღო და ხალიფის მიერ ხელდასხმულ იქნა სულთნად. ამ აქტით სელჩუკთა ზედა ფენას უნდოდა ახლო აღმოსავლეთში თავისი გაბატონებისათვის კანონიერი ხასიათი მიეცა. 1258 წელს აბასიანთა სახალიფოს ბოლო მოუღეს მონღოლებმა, რომლებმაც ბაღდადი აიღეს და უკანასკნელი აბასიანი ხალიფა ალ-მუსთასიმი სიკვდილით დასაჯეს. 1261 წელს საგვარეულოს გადარჩენილი წარმომადგენელი ალ-მუსთანსირი ხალიფად აღიარა ეგვიპტის მამლუქების სულთანმა ბეიბარსმა. მისი შთამომავლები ხალიფობას ინარჩუნებდნენ ეგვიპტეში 1517 წლამდე, ვიდრე მათი უკანასკნელი წარმომადგენელი მუთავაქილ III ტყვედ არ წაიყვანა ოსმალეთის სულთანმა სელიმ I-მა. XVIII საუკუნის ბოლოს ოსმალეთში შეიქმნა ყალბი ვერსია სელიმ I-თვის აბასიანთაგან სასულიერო ძალაუფლების გადაცემის შესახებ.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩოჩიევი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 15-16.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აბასიანები (750-1517) დაარქივებული 2008-02-24 საიტზე Wayback Machine.