წმინდა ელენეს კუნძული
მშობ. სახელი: ინგლ. Saint Helena | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ატლანტის ოკეანე |
კოორდინატები | 15°56′00″ ს. გ. 05°43′12″ დ. გ. / 15.93333° ს. გ. 5.72000° დ. გ. |
ფართობი | 122 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 818 მ |
წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნია | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 4534 ად. (2016) |
სიმჭიდროვე | 37,16 ად. /კმ² |
წმინდა ელენეს კუნძული (ინგლ. Saint Helena [ˌseɪnt hɨˈliːnə]) — ვულკანური წარმოშობის კუნძული. მდებარეობს ატლანტის ოკეანეში 1800 კმ-ით დასავლეთით აფრიკიდან და ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების — წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნიას ნაწილია (ასე რომ, კუნძული ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს, მაგრამ არ არის მისი ნაწილი). კუნძულის მცირე ნაწილი: ორი სახლი, სადაც ცხოვრობდა ნაპოლეონ ბონაპარტი, და ხეობა, სადაც ის არის დაკრძალული — ეკუთვნის საფრანგეთს — 0,14 კმ²[1][2][3].
- ლონგვუდის სახლი (Longwood House);
- დე ბრიარის პავილიონი (pavillon des Briars);
- დაკრძალვის ხეობა — ვალე დუ ტომბო (vallée du Tombeau).
სუეცის არხის აშენებამდე კუნძული იყო სტრატეგიული პუნქტი ინდოეთის ოკეანისკენ მიმავალი გემებისათვის.
წმინდა ელენეს კუნძულის მოსახლეობა მცირერიცხოვანია და ბრიტანეთისადმი ლოიალურია. მიუხედავად ამისა, კუნძულის მცირე ზომებმა და გეოპოლიტიკურად დაბალმა მნიშვნელობამ ბევრი კუნძულელი აიძულა ბრალი დაედო ბრიტანეთის ხელისუფლებისთვის კუნძულის უგულვეყოფაში. კუნძულის ეკონომიკა დიდი ხნის განმავლობაში იყო მონოკულტურული, მაგრამ დღეისათვის საკმაოდ შესუსტდა და თითქმის მთლიანად იმყოფება ლონდონის დახმარების იმედად.
კუნძული საკმაოდ ცნობილია ნაპოლეონ ბონაპარტის გამო, რომელმაც აქ, გადასახლებაში, გაატარა თავისი უკანასკნელი წლები. კუნძულის ტურისტული ინდუსტრია ძლიერ დამოკიდებულია კუნძულის ისტორიის ზუსტად ამ ასპექტზე.
1899—1902 წლების ბურების მეორე ომის ზოგიერთი სამხედრო ტყვე, გენერალ პიტ არნოლდ კრონიეს ჩათვლით, ასევე გადაასახლეს წმინდა ელენეს კუნძულზე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წმინდა ელენეს კუნძული 1502 წლის 21 მაისს, წმინდა ელენეს დღეს, მოგზაურობისას აღმოაჩინა პორტუგალიელმა ზღვაოსანმა ჟუან და ნოვამ ინდოეთიდან სახლში დაბრუნების დროს. 1506 წელს პორტუგალიელმა მეზღვაურმა ტრისტან და კუნიამ აღმოაჩინა კუნძულებ���, რომელსაც მისი სახელი დაერქვა.
პორტუგალიელებმა კუნძული დაუსახლებელი ნახეს, იქ საკმარისი იყო მტკნარი წყალი და მერქანი. მეზღვაურებმა იქ შეიყვანეს შინაური ცხოველები (ძირითადად თხები), ხილის ხეები, ბოსტნეული კულტურები, ააშენეს ეკლესია და რამდენიმე სახლი, მაგრამ მუდმივი დასახლებები მათ არ დაუარსებიათ. აღმოჩენის მომენტიდან კუნძული გახდა საკმაოდ მნიშვნელოვანი იმ გემებისათვის, რომლებიც ტვირთებით ბრუნდებოდნენ აზიიდან ევროპაში. აქ გადმოვიდნენ ინგლისელები ტომას კავენდიში (1588 წელი), ჯეიმზ ლანკასტერი (1593 წელი) და, სავარაუდოდ, ფრენსის დრეიკი (1580 წელი), რომელიც ბრუნდებოდა თავის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობიდან[4].
კუნძულის პირველი ცნობილი მუდმივად დასახლებული რეზიდენტი გახდა ფერნან ლოპიში, რომელმაც აქ მარტომ იცხოვრა 1515—1545 წლებში.
1613 წელს პორტუგალიელებმა აქ ჩაძირეს ნიდერლანდების გემი «ვიტელიუვი» ოქროს ტვირთით და 1311 ბრილიანტით.
კუნძულების დაპყრობისთვის მძაფრ ბრძოლაში ბრიტანელებმა გაიმარჯვეს ნიდერლანდებზე და 1659 წელს წმინდა ელენეს კუნძულზე განალაგეს ინდოეთისკენ მიმავალი გემების წყლით და საკვებით მომარაგების პუნქტი და სამხედრო ბაზა.
1815 წელს წმინდა ელენეს კუნძული გახდა ნაპოლეონ ბონაპარტის გადასახლების ადგილი, რომელიც იქ 1821 წელს გარდაიცვალა საკუთარ სახლში — ლონგვუდში. აქ დაიბადა სოლ სოლომონი, მოგვიანებით კაპის კოლონიის გამოჩენილი პოლიტიკოსი და რასობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ მებრძოლი.
სუეცის არხის გახსნამ შეამცირა კუნძულის სტრატეგიული დანიშნულება. 1942 წელს ამაღლების კუნძულზე განლაგდა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზა. 1954 წელს იქვე გაჩნდა აშშ-ის სარაკეტო-კოსმოსურ ტექნიკაზე სათვალთვალო სადგური, რომელსაც უშვებდნენ ფლორიდის ნახევარკუნძულიდან. 1966 წელს ამაღლების კუნძულზე მოქმედება დაიწყო ბრიტანულმა რადიოსარელეო სადგურმა. 1982 წელს ფოლკლენდის ომის დროს ამაღლების კუნძული იყო დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ძირითადი ბაზა არგენტინის წინააღმდეგ ომში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წმინდა ელენეს კუნძული ვულკანური წარმოშობისაა. მის სამხრეთ ნაწილში არსებობს რამდენიმე ჩამქრალი ვულკანური კრატერი სიმაღლით 818 მეტრამდე. კლიმატი პასატური და ტროპიკულია. ამაღლებულ რაიონებში მოდის 1000 მმ-მდე ნალექი წელიწადში. ჯეიმზთაუნის შემოგარენში — სულ დაახლოებით 140 მმ წელიწადში.
წმინდა ელენეს კუნძულზე ჭარბობენ მინდვრები და ბუჩქები, იზრდება სოჭი, ევკალიპტი, კვიპაროზი.
კუნძულის ფლორა და ფაუნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულის გეოგრაფიულმა იზოლაციამ მოიტანა ის, რომ აქ განვითარდა განსაკუთრებით ორიგინალური ფლორა და ფაუნა. კუნძულის აღმოჩენის მომენტში, ის მთლიანად იყო დაფარული ხშირი ტყით, რომელშიც ხარობდა ყვავილოვანი და გვიმრის სახეობების (10 ენდემურ სახეობაზე ნაკლები) დაახლოებით 200 ენდემური სახეობა. კუნძულზე არ ბინადრობდნენ მტაცებელი და ბალახისმჭამელი ცხოველები, ხერხემლიანი ცხოველებიდან არსებობდა მხოლოდ რამდენიმე სახეობის ფრინველი (ერთი ენდემი).
ხის ჯიშებიდან ჭარბობდა ბალბისებრნთა ოჯახის მცენარეები: წმინდა ელენეს კუნძულის წითელი ხე (Trochetiopsis erythroxylon) და ჯუჯა შავი ხე (Trochetiopsis ebenus). ამ ხეების საკმაოდ მკვრივმა და ფასიანმა მერქანმა სწრაფად გამოიწვია მათი მთლიანი განადგურება.
ამას გარდა, კუნძულზე იზრდებოდა ხის მაგვარი გვიმრები და რთულყვავილოვანი ოჯახის მცენარეების ჯგუფი, რომელთაც ერქვათ «კომბოსტოს ხეები» ანუ «ხის მაგვარი ზიზილები». ეს ენდემური ხეები და ბუჩქებია, რომელთა დიდი ნაწილი დღეისათვის გადაშენდა ან გადაშენების პირასაა.
შავი კომბოსტოს ხე (Melanodendron integrifolium), რომელიც სიმაღლეში 6 მეტრს აღწევს, გამვუდი (Commidendrum robustum) შესანიშნავი თეთრი ყვავილებით, სკრებვუდი (Commidendrum rugosum), თეთრღეროვანი კომბოსტოს ხე (Petrobium arboreum), მამრი კომბოსტოს ხე (Senecio leucadendron) შენარჩუნებულია საკმაოდ შეზღუდული ეგზემპლარების რაოდენობით, კუნძულის ცენტრალური ქედის ძნელადმისადგომ მთის კალთებზე. კომბოსტოს ხეების რამდენიმე სახეობა უკვე გადაშენებულია.
კუნძულზე 1513 წელს შემოყვანილმა თხებმა, ტყეების განადგურებამ, ადგილობრივი ეკოსისტემისთვის უცხო მცენარეების (ფიჭვი, ახალზელანდიური სელი, მაყვალი და სხვა.) და ფრინველების (კანარის ჩიტი, ხოხობი, სოღო, როჭო) გავრცელებამ გამოიწვია ტყეების განადგურება და ნიადაგის დეგრადაცია. დღეისათვის ადგილობრივი მცენარეულობის ერთეული კუნძულებია შენარჩუნებული მთის ფერდოების ცალკეულ მონაკვეთებზე.
კუნძულის მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2016 წლის აღწერის მონაცემებით წმინდა ელენეს კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 4534 ადამიანს (აქედან 185 ადამიანი კომუნალურ დაწესებულებებში მცხოვრებნი (Resident Communal Establishments)).[5]
ეთნიკური შემადგენლობა: ძირითადად მულატი სენტელენელები — ინგლისელი და პორტუგალიელი გადასახლებულების, გადასახლებული ბურების, აფრიკელი მონების, ჩინელი და ინდოელი მუშების შთამომავლები.
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულის მოსახლეობის უმრავლესობა — ანგლიკანია (81,5 %)..[5]
ანგლიკანიზმი იყო ერთადერთი რელიგია 1845 წლამდე, როდესაც კუნძულზე ჩამოვიდა ბაპტისტი მისიონერი ჯეიმზ ბერტრამი, რომელმაც დააარსა პირველი ოფიციალური ბაპტისტური ეკლესია. 1899 წელს თემი გახდა სამხრეთ აფრიკის ბაპტისტების კავშირის ნაწილი. დღეისათვის კუნძულზე გახსნილია 4 ბაპტისტური ეკლესია, რომლებსაც ესწრება 93 ადამიანი.[5]
წმინდა ელენეს კუნძულზე 1852 წლიდან მოქმედებს ერთადერთი კათოლიკური ეკლესია, რომელსაც ჰყავს 53 მლოცველი. 1884 წელს კუნძულზე მოვიდნენ ხსნის არმიის ოფიცრები. დღეისათვის ხსნის არმიის შტაბს ესწრება 75 კუნძულელი. მეშვიდე დღის ადვენტისტები მოქმედებენ 1949 წლიდან (ერთ ეკლესიაში 77 მლოცველი).[5]
მათ გარდა წმინდა ელენეს კუნძულზე მოქმედებს პრესვიტერიანელების, ახალაპოსტოლური ეკლესიის და ბაჰაიზმის რელიგიის მიმდევრების თითო-თითო თემი.
კუნძულზე იეჰოვას მოწმეები მოქმედებენ 1933 წლიდან. დღეისათვის აქ მათი 2 კრებაა, რომელშიც მოღვაწეობს 178 აღმსარებელი.[5], მათგან ოთხი — მისიონერია. აღსანიშნავია ის, რომ იეჰოვას მოწმეების რაოდენობის შეფარდება ამ ქვეყნის მთლიან მოსახლეობასთან, იეჰოვას მოწმეების მსოფლიო აღრიცხვის 2014 საანგარიშო წლის თანახმად, საუკეთესოა მსოფლიოში — 1/33, მაშინ როდესაც საშუალო შეფარდება მთელ მსოფლიოში დაახლოებით 1/900.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელმწიფო წყობა — საპარლამენტო კონსტიტუციური მონარქია ბრიტანეთის დედოფლის მეთაურობით. მმართველობის ორგანოს მეთაურია დიდი ბრიტანეთის გუბერნატორი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს საკანონმდებლო და აღმასრულებელი საბჭოების მოღვაწეობას. ადმინისტრაციული თვალსაზრისით სამფლობელო დაყოფილია ერთ ადმინისტრაციულ ტერიტორიად — წმინდა ელენეს კუნძულად, რომელიც თავის მხრივ იყოფა 8 ოლქად. ტერიტორიის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ჯეიმზტაუნი.
|
პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით წმინდა ელენეს კუნძული დამოკიდებულია დიდ ბრიტანეთზე, მაგრამ ეკონომიკაში არსებობს ნაწილობრივი თვითმმართველობა.
კუნძულის ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად დაკავებულია თევზჭერით, შინაური პირუტყვის მოვლით და კუსტარული ნაკეთობების გაყიდვით. სამუშაო ადგილი საკმაოდ მცირეა, ამიტომ მოსახლეობის 21 % სამუშაოს საძებნელად მიემგზავრება ამაღლების კუნძულზე, ფოლკლენდის კუნძულებზე და დიდ ბრიტანეთში. 1998 წლის მონაცემებით უცხოეთში მუშაობდა 1200 ადამიანზე მეტი.
კავშირი გარე სამყაროსთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წმინდა ელენეს კუნძული რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო დაშორებულ ადგილად. 2015 წლამდე წმინდა ელენეს კუნძულზე მოხვედრა შესაძლებელი იყო მხოლოდ გემით.
სამეფო საფოსტო სამსახურის გემი «წმინდა ელენე» ასრულებს რეგულარულ რეისებს დიდი ბრიტანეთიდან კეიპტაუნამდე, ამაღლების და წმინდა ელენეს კუნძულზე შეჩერებით, მაგრამ არ შედის ტრისტანი-და-კუნიას კუნძულებზე.
2005 წელს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ განაცხადა წმინდა ელენეს კუნძულზე აეროპორტის მშენებლობის შესახებ, რომელიც ��ქსპლოატაციაში უნდა შესულიყო 2010 წელს, მაგრამ დამკვეთებსა და ხელისუფლებას შორის გადაუჭრელი წინააღმდეგობების მიზეზით აეროპორტის გახსნა შეჩერდა[6] და დამთავრდა მხოლოდ 2015 წლის დასასრულს. 2015 წლის 15 სექტემბერს მოხდა ისტორიული მოვლენა: კუნძულზე დაეშვა ანგოლიდან ცაში აფრენილი Beechcraft King Air-ის მოდელის პირველი თვითმფრინავი. რეგულარული ავიაკავშირი წმინდა ელენეს კუნძულსა და იოჰანესბურგს შორის დაიწყება 2016 წლიდან.
თვითონ წმინდა ელენეს კუნძულზე ორგანიზებულია საავტობუსო რეისები და ჯიპით მოგზაურობები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წმინდა ელენეს კუნძულის ხელისუფლების ოფიციალური საიტი
- წმინდა ელენეს კუნძულის ფონდი
- წმინდა ელენეს კუნძულის ახალი ამბები დაარქივებული 2008-06-10 საიტზე Wayback Machine.
- წმინდა ელენეს კუნძულის ბანკი დაარქივებული 2012-12-15 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ფრანგული სამფლობელოების საიტი წმინდა ელენეს კუნძულზე დაარქივებული 2011-03-25 საიტზე Wayback Machine. (ფრანგული)
- ↑ Journal du conservateur des domaines français de Sainte-Hélène (ფრანგული)
- ↑ arrêté du 2 février 2004 qualifie ces domaines de " territoire britannique de Sainte-Hélène (domaines français) " (ფრანგული)
- ↑ Ian Bruce. St Helena Day (ინგლისური)
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 წმინდა ელენეს კუნძულის მოსახლეობა (2016 წლის აღწერა) გვ. 11
- ↑ en:Saint Helena airport