ფხოველები
ფხოველები, იგივეა, რაც ძვ. ქართული წყაროების ფხოელნი, ფხოველნი, მხ. რცხ. ფხოვი — საქართველოს ისტორიული რეგიონის, ფხოვის (ფხოეთის) – დღევანდელი ფშავისა და ხევსურეთის მცხოვრებნი. პირველი ისტორიული ცნობა ფხოველების შესახებ წყაროებში გვხვდება „მოქცევაჲ ქართლისაჲში“, სადაც ვკითხულობთ, რომ IV საუკუნის 20–იან წლებში წმინდა ნინოს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ქრისტიანობა უქადაგია ჭართლელებისთვის, ფხოველებისთვის და წილკნელებისთვის. მთიელებმა სცადეს გაქრისტიანებისთვის თავის არიდება, მაგრამ მირიან მეფის ერისთავმა მსუბუქად მიმართა მახვილი და მათაც შიშით გადმოსცეს თავიანთი კერპები დასალეწად:
„წარიყვანა იაკობ მღდელი, საბერძნეთით მოსრული, და ერის-თავი ერთი, წარვიდა და დადგა წობენს. და მოუწოდა მთეულთა, ჭართალელთა და ფხოელთა, და წილკანელთა და უქადაგა სარწმუნოვებაჲ ქრისტჱსი. ხოლო მათ განუყარეს თავი და ერის-თავმან მცირედ წარჰმართა მახჳლი და შიშით მოსცნეს კერპნი მათნი დალეწად.[1]“
|
„მეფეთა ცხოვრება“ გვამცნობს, თითქოს მთიელთაგან ქრისტიანობის მიმართ განსაკუთრებული წინააღმდეგობა ფხოველებმა გამომაჟღავნეს, რამაც მათი მეზობელ თუშეთში მიგრაციაც კი გამოიწვია:
„ხოლო ფხოველთა დაუტევეს ქვეყანა მათი და გარდავიდეს თუშეთს და სხვანიცა მთეულნი უმრავლესნი არა მოიქცეს, არამედ დაუმძიმა მათ მეფემან ხარკი, ოდეს არა ინებეს ნათლის ღება.[2]“
|
მაგრამ ამგვარი ინტერპრეტაცია „ქართლის ცხოვრების“ გვიანდელი რედაქტორის მცდარი ინტერპრეტაციის შედეგია. მის პირველწყაროში, „მოქცევაჲ ქართლისაჲში“ ვკითხულობთ, რომ არა ფხოველნი, არამედ „ყუარელნი“ გადასულან თუშეთში:
„და ყუარელთა ესმა ესე და გარდაკრბეს თოშეთა, რომელნი უკუანაჲსკნელ იპოვნეს, თრდატ მეფემან მოიყვანნა და მონათლნა.[1]“
|
აშკარაა, რომ „ქართლის ცხოვრების“ რედაქტორმა ყუარელთა შესახებ ცნობა შეცდომით ფხოველებთან დააკავშირა.
თამარ მეფის ეპოქაში, დაახლოებით 1212 წელს ფხოველები, დიდოელებთან ერთად განუდგნენ თამარ მეფეს. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ ასე ახასიათებს ფხოველებს:
„ხოლო ფხოველნი ჯუარის მსახურნი არიან და ქრისტიანობასა იჩემებენ.[3]“
|
მემატიანის ეს სიტყვები იმაზე მეტყველებს, რომ ფხოველები თუმცა კი ჯვარის მსახურნი, ანუ ქრისტიანები იყვნენ და ქრისტიანობას იჩემებდნენ, მაგრამ მათი საქციელი არ შეეფერებოდა ქრისტიანის საქციელს, რადგან, წარმართ დიდოელებთან ერთად, ქრისტიანი მეფეს, თამარს განუდგნენ და იწყეს მისი სამეფოს ქრისტიანი მოსახლეობის დარბევა:
„იწყეს რბევად და ჴოცად და ტყუეობად ცხადად და ღამით.[3]“
|
მთაში წესრიგის დასამყარება თამარმა ამირსპასალარ-ათაბაგს, ივანე მხარგრძელს დაავალა. ამ უკანასკნელს სამი თვე დასჭირდა იმისთვის, რომ განდგომილები სასტიკად დაესაჯა და მორჩილებაში მოეყვანა: „მოსწყჳდეს ურიცხჳ კაცი დიდოი და ფხოვი“. დამარცხებულებმა მისცეს ათაბაგს მძევლები, აღუთქვეს ხარაჯის გადახდა და ერთგულება. ამ პირობებით ივანე ათაბაგმა ზავი დაუდო მთიელებს, მძევლები წამოასხა და უკან მობრუნებულმა მეფეს მოახსენა:
„ძლიერო მეფეო! იქმნა ბრძანება შენი, მოვაოჴრენ ურჩნი შენნი დიდოეთი და ფხოეთი.[4]“
|
როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ, სწორედ აღნიშნული დროიდან, XIII საუკუნიდან უნდა მომხდარიყო ფხოვის, ფშავისა და ხევსურეთის რეგიონებად განცალკევება.[5]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 323–324
- ↑ ქართლის ცხოვრება, ტ. I, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, თბ., განათლება, 1955, გვ. 126
- ↑ 3.0 3.1 ქართლის ცხოვრება, ტ. II, ს. ყაუხჩიშვილის რედაქცია, თბ., 1959, გვ. 111
- ↑ ქართლის ცხოვრება, ტ. II, ს. ყაუხჩიშვილის რედაქცია, თბ., 1959, გვ. 111–112
- ↑ როლანდ თოფჩიშვილი, ეთნოისტორიული ეტიუდები, წიგნი I, თბილისი, 2005, გვ. 149. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-26. ციტირების თარიღი: 2010-10-04.
|