შინაარსზე გადასვლა

იმერლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იმერლები

იმერლები
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ენები ქართული ენა
რელიგიები ქრისტიანობა

იმერლები — ქართველთა ტერიტორიული, ლოკალური, ეთნოგრაფიული ჯგუფი. ცხოვრობენ დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეში — იმერეთში. უწინ აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა ლიხის ქედის მეორე, ანუ იმიერ მხარეს მცხოვრებ ქართველებს „იმერლებს“ უწოდებდა. თვითონ „იმერეთი“ და „იმერელი“ შედარებით გვიანდელი სახელებია. ადრე შუა საუკუნეებში საქართველოს ამ მხარეს არგვეთი ეწოდებოდა, მის მოსახლეობას კი — არგვეთელები. იმერეთი დიდი მხარეა და იყოფა ორ ნაწილად — ზემო და ქვემო იმერეთად, ასევე იყოფა მისი მოსახლეობაც — ზემო და ქვემო იმერლებად. ცალკეა გამოყოფილი ოკრიბა და მისი მკვიდრნი — ოკრიბელები. იმერლები მეტყველებენ ქართული ენის იმერულ დიალექტზე.

კოლხეთის დაბლობზე მცხოვრები ქვემო იმერლების ეთნოგრაფიულ ყოფას მრავალი საერთო ჰქონდა მეგრელების ყოფასთან, ზემო იმერლები კი თავისი ტრადიციებით ქართლელებთან იყვნენ ახლო. ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების მრავალფეროვნებას განაპირობებს განსახლების რელიეფი (ქვემო იმერლები ვაკეზე ცხოვრობენ, ზემო იმერლები კი გორაკ-ბორცვებზე). განსხვავებულია დასახლების ფორმაც.

იმერეთს თავისი გეოგრაფიული მდებარეობა საგარეო მტრებისგან იცავდა. მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ქართლ-კახეთის შემცირებული მოსახლეობის შევსების საქმეში. უცხოელი მოგზაურები იმერელთა გარეგნობას აღტაცებით აღწერდნენ.

აქტიურად მისდევენ მეურნეობას, განსაკუთრებული ადგილი უკავია მევენახეობა-მეღვინეობას. გამოყვანილია ადგილობრივ ბუნებრივ პირობებთან შეგუებული ვაზისა და ხეხილის ჯიშები. იმერლები გამოირჩევიან სტუმართმოყვარეობით. საქართველოს სხვა მხარეებს აწვდიან თიხის ნაწარმს. განთქმულია იმერული ყველი. მაღალ დონეზე დგას კარ-მიდამოს მოვლის კულტურა.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: