სოფია ბავარიელი
სოფია ბავარიელი | |
---|---|
სრული სახელი
სოფია ფრედერიკა დოროთეა ვილჰელმინა | |
წოდებები
ავსტრიის ერცჰერცოგინია | |
დაიბადა |
27 იანვარი, 1805 მიუნხენი, ბავარია |
გარდაიცვალა |
28 მაისი, 1872, (67 წლის) ვენა, ავსტრია |
საგვარეულო | ვიტელსბახები |
მეუღლე(ები) | ფრანც კარლ ავსტრიელი |
შვილ(ებ)ი |
ფრანც იოზეფ I, ავსტრია-უნგრეთის იმპერატორი მაქსიმილიან I, მექსიკის იმპერატორი კარლ ლუდვიგი მარია ანა ლუდვიგ ვიქტორი |
მამა | მაქსიმილიან I, ბავარიის მეფე |
დედა | კაროლინა ბადენელი |
რელიგია | კათოლიციზმი |
სოფია ბავარიელი (გერმ. Sophie von Bayern; დ. 27 იანვარი, 1805, მიუნხენი, ბავარია — გ. 28 მაისი, 1872, ვენა, ავსტრია) — ვიტელსბახთა დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ისა და დედოფალ კაროლინა ბადენელის ასული. საქსონიის დედოფალ მარია ანა ბავარიელის ტყუპისცალი. ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ისა და მექსიკის იმპერატორ მაქსიმილიან I-ის დედა. ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ კარლ I-ისა და ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის ბებია.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფია დაიბადა 1805 წლის 27 იანვარს მიუნხენში. იგი იყო ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ კაროლინა ბადენელის შუათანა ქალიშვილი და პრინცესა მარია ანას ტყუპისცალი და. როგორც ცნობილია იგი დებს შორის ყველაზე მიმზიდველად ითვლებოდა, რის გამოც მამის თვალში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ყველა დიდან სოფია განსაკუთრებულად ახლოს მაინც თავის ტყუპისცამ მარია ანასთან იყო.
1824 წლის 4 ნოემბერს სოფია მიათხოვეს ავსტრიის ერცჰერცოგ ფრანც კარლს, იმპერატორ ფრანც II-ისა და დედოფალ მარია ტერეზა სიცილიელის შუათანა ვაჟს. აღსანიშნავია, რომ სოფიას უფროსი ნახევარ-და, კაროლინა ავგუსტა ბავარიელი 1816 წლიდან დაქორწინებული იყო სოფიას მამამთილ ფრანც II-ზე, რაც მას თავისი სიძის დედინაცვლად აქცევდა. მიუხედავად ყველაფრისა, სოფიასა და ფრანც კარლს ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ, რადგან მათ უყვარდათ და პატივს სცემდნენ ერთმანეთს.
განსხვავებით ქმრისგან, სოფია მიჯაჭვული იყო თავის შვილებზე, განსაკუთრებით კი მაქსიმილიანზე, რომელიც მისი საყვარელი ვაჟი იყო. ოჯახში იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ამასთან სოფიას უყვარდა სამეფო კარის ცხოვრება, ცეკვა, ხელოვნება, ლიტერატურა და ცხენით ჯირითი.
სოფიას ყველაზე დიდ ამბიციას მისი უფროსი ვაჟის ავსტრიის ტახტზე აყვანა წარმოადგენდა. მას შემდეგ, რაც 1848 წლის რევოლუციისას მისი უნაყოფო და ჭკუასუსტი მაზლ��, იმპერატორი ფერდინანდ I ტახტიდან გადადგა, ტახტი სოფიას ვაჟმა, ფრანც იოზეფ I-მა დაიკავა. ვინაიდან მას დიდი გავლენა ჰქონდა ვაჟზე, შესაძლოა ითქვას, რომ სოფია „ტახტის უკნიდან მართავდა ავსტრიას“.
ცნობილია, რომ სოფია ყველანაირად ცდილობდა ავსტრიაში ბავარიული გავლენის ზრდას. ამ მიზნით მან ფრანც იოზეფი თავის დისწულ ელისაბედ ბავარიელზე დააქორწინა, თუმცა მისი გეგმა ვერ განხორციელდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ მისი მკაცრი და მომთხოვნი ხასიათის გამო დედოფალ ელისაბედს სძულდა სოფია, რამაც მისი იმპერატორზე გავლენა საგრძნობლად შეამცირა. ამის მიუხედავად მას თავის დანარჩენ რძლებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. განსაკუთრებით ახლოს იყო მარია ანუნსიატა სიცილიელთან.
მას ასევე ახლო ურთიერთობა ჰქონდა ნაპოლეონ II-თან, რომელიც მისი მულის, მარია ლუიზა ავსტრიელის ვაჟი იყო და ვენაში იზრდებოდა. იმ პერიოდში გავრცელდა ჭორიც, რომ ნაპოლეონს და სოფიას რომანი ჰქონდათ. ჭორების მიხედვით მაქსიმილიანი მას სწორედ მისგან ჰყავდა, ვინაიდან ნაპოლეონი მის გაჩენამდე სულ ორი კვირით ადრე გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, ეს ჭორები ოფიციალურად არ დასტურდება და მიიჩნევა, რომ ისინი უბრალოდ ახლო მეგობრები იყვნენ.
სოფია წლების განმავლობაში აწარმოებდა დღიურს, რაც ავსტრიის საიმპერატორო კარზე მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის. მას შემდეგ, რაც 1867 წელს მექსიკელებმა მისი ვაჟი, იმპერატორი მაქსიმილიან I დახვრიტეს, სოფია ღრმა აფექტში, შემდეგ კი დეპრესიაში ჩავარდა, რამაც საგრძნობლად შეარყია მისი ჯანმრთელობა. იგი ამ შოკიდან არასოდეს გამოსულა და ამის შემდეგ საზოგადოებაშიც აღარ ჩნდებოდა. იგი 1872 წლის 28 მაისს, 67 წლის ასაკში, ვენაში გარდაიცვალა, თავის ტვინის სიმსივნით.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფრანც იოზეფ I (1830-1916), ავსტრია-უნგრეთის იმპერატორი 1848 წლიდან. ცოლად შეირთო თავისი დეიდაშვილი ელიზაბეთ ბავარიელი, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი;
- მაქსიმილიან I (1832-1867), მექსიკის იმპერატორი 1864 წლიდან. ცოლად შეირთო ლეოპოლდ I-ისა და ლუიზა მარია ორლეანელის ასული შარლოტ ბელგიელი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
- კარლ ლუდვიგი (1833-1896), პირველად იქორწინა მარგარეტა საქსონიელზე, რომლის უშვილოდ გარდაცვალების შემდეგაც ცოლად შეირთო მარია ანუნსიატა სიცილიელი, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა, მათ შორის ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი. მეორე დაქვრივების შემდეგ იგი კვლავ დაქორწინდა მარია ტერეზა პორტუგალიელზე, რომელთანაც კიდევ ორი ქალიშვილი შეეძინა;
- მარია ანა (1835-1840), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- მკვდარშობილი ვაჟი (1840);
- ლუდვიგ ვიქტორი (1842-1919), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Bled, Jean-Paul. (2018). Sophie de Habsbourg : l'impératrice de l'ombre. Paris: Perrin. ISBN 9782262065393. OCLC 1023604752.
- Bauer, Christa. (2016). Erzherzogin Sophie Die starke Frau am Wiener Hof. Franz Josephs Mutter. Sisis Schwiegermutter. Ehrlich, Anna., Amalthea Signum Verlag GmbH. (1. Aufl ed.). Wien. ISBN 9783990500248. OCLC 932029774.
- Van der Kiste, John. (2005). Emperor Francis Joseph : life, death and the fall of the Hapsburg Empire. Thrupp, Stroud, Gloucestershire: Sutton. ISBN 0750937874. OCLC 58554150.
- Hof- und Staats-Handbuch des Kaiserthumes Österreich (1868), p 110, Sternkreuz-Orden
|