შინაარსზე გადასვლა

მარი ლუიზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარი ლუიზი
საფრანგეთის იმპერატრიცა და იტალიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1 აპრილი, 1810
მმართ. დასასრული: 6 აპრილი, 1814
წინამორბედი: ჟოზეფინ ბოარნე
მემკვიდრე: მარი ტერეზ ფრანგი (როგორც საფრანგეთის დედოფალი)
მარგერიტა სავოიელი
(როგორც იტალიის დედოფალი)
პარმის, პიაჩენცისა და გუასტალის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 11 აპრილი, 1814
მმართ. დასასრული: 17 დეკემბერი, 1847
წინამორბედი: ჟან ჟაკ რეგი (პარმაში)
შარლ ფრანსუა ლებრონი (პიაჩენცაში)
პოლინ ბონაპარტი (გუასტალაში)
მემკვიდრე: კარლო II (პარმასა და პიაჩენცაში)
ფრანჩესკო V (გუასტალაში)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 12 დეკემბერი, 1791
დაბ. ადგილი: ვენა, ავსტრია
გარდ. თარიღი: 17 დეკემბერი, 1847, (56 წლის)
გარდ. ადგილი: პარმა, იტალია
დაკრძ. ადგილი: ვენა, ავსტრია
მეუღლე: ნაპოლეონ I, საფრანგეთის იმპერატორი
(ქ. 1810 - გარდ. 1821)
ადამ ალბერტ ფონ ნაიპერგი
(ქ. 1821 - გარდ. 1829)
შარლ რენე დე ბომბელი
(ქ. 1834)
შვილები: ნაპოლეონ II, საფრანგეთის იმპერატორი
ალბერტინა
ვილჰემ ალბრეხტი, მონტენუოვოს მთავარი
მატილდა
სრული სახელი: მარია ლუდოვიკა ლეოპოლდინა ფრანცისკა ტერეზა იოზეფა ლუსია
დინასტია: ჰაბსბურგ-ლოთარინგიელები
მამა: ფრანც II, საღვთო რომის იმპერატორი
დედა: მარია ტერეზა სიცილიელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარი ლუიზ ავსტრიელი (გერმ. Marie-Louise von Österreich, ფრანგ. Marie-Louise d'Autriche, იტალ. Maria Luisa d'Austria), სრული სახელია მარია ლუდოვიკა ლეოპოლდინა ფრანცისკა ტერეზა იოზეფა ლუსია ფონ ჰაბსბურგ-ლოთარინგია (გერმ. Maria Ludovica Leopoldina Franziska Therese Josepha Lucia von Habsburg-Lothringen; დ. 12 დეკემბერი, 1791, ჰოფბურგი, ვენა, ავსტრია — გ. 17 დეკემბერი, 1847, პარმა, იტალია) — ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტიის წარმომადგენელი. ავსტრიის ერცჰერცოგინია დაბადებით, რომელიც 1814 წლიდან, ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით, გარდაცვალებამდე იყო პარმის, პიაჩენცისა და გუასტალის სუვერენული ჰერცოგინია. გარდა ამისა, 1810-1814 წლებში იგი იყო საფრანგეთის იმპერატრიცა და იტალიის დედოფალი, როგორც იმპერატორ ნაპოლეონ I-ის მეორე მეუღლე.

იგი იყო საღვთო რომის უკანასკნელი იმპერატორის, ფრანც II-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარია ტერეზა სიცილიელის ქალიშვილი. მისმა ბავშვობამ რევოლუციურ საფრანგეთსა და ავსტრიას შორის არსებული ომების პერიოდში გაიარა. 1806 წელს საფრანგეთის იმპერატორმა ნაპოლეონ ბონაპარტმა ავსტრიელების დამარცხების შემდეგ საღვთო რომის იმპერია დაშლილად გამოაცხადა და მის ადგილას რაინის კავშირი შექმნა, რის შემდეგაც ავსტრიას ვრცელი მიწებიც ჩამოაჭრა, რომელთა ნაწილიც ბავარიას მისცა. ამის გამო, საფრანგეთთან ურთიერთობის დათბობის მიზნით 1810 წელს მარი ლუიზი ახლად განქორწინებულ ნაპოლეონს მიათხოვეს, რაც ისტორიაში ცნობილია, როგორც „ავსტრიული ქორწინება“. ამის შემდეგ იგი საფრანგეთის ახალი იმპერატრიცა გახდა და მალევე, 1812 წელს მომავალი იმპერატორი, ნაპოლეონ II გააჩინა, რომელსაც მაშინვე მისცეს რომის მეფისა და რაიხშტადტის ჰერცოგის წოდებები.

1812 წელს რუსეთის წარუმატებელი ლაშქრობის შემდეგ დაიწყო ნაპოლეონის დაცემა. ევროპელმა მონარქებმა, მათ შორის მარი ლუიზის მამამაც, კიდევ ერთი ანტიფრანგული კოალიცია ჩამოაყალიბეს, 1814 წელს ჩამოაგდეს ნაპოლეონი და იგი ელბაზე გადაასახლეს. 1814 წელსვე გაფორმდა ფონტენბლოს ხელშეკრულება, რომლითაც მარი ლუიზს სიცოცხლის ბოლომდე გადაეცა პარმის, პიაჩენცისა და გუასტალის ჰერცოგინიობა.

მას შემდეგ, რაც 1821 წელს ნაპოლეონი გარდაიცვალა, მარი ლუიზი კიდევ ორჯერ დაქორწინდა. მისი მეორე ქმარი გრაფი ადამ ალბრეხტ ფონ ნაიპერგი იყო, რომელსაც ჯერ კიდევ 1814 წელს შეხვდა და ნაპოლეონის გარდაცვალებისთანავე გაჰყვა ცოლად. მასთან მარი ლუიზს სამი შვილი შეეძინა, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ იგი მესამედ დაქორწინდა. მარი ლუიზმა უკანასკნელი წლები პარმაში გაატარა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1847 წელს, რის შემდეგაც იგი გადაასვენეს და დაკრძალეს ვენაში, ჰაბსბურგთა საგვარეულო აკლდამაში.

საღვთო რომის იმპერატორი ფრანც II ცოლთან და შვილებთან ერთად 1805 წელს

ერცჰერცოგინია მარი ლუიზი დაიბადა 1791 წლის 12 დეკემბერს ჰოფბურგის სასახლეში, ვენაში. იგი იყო ერცჰერცოგ ფრანც ავსტრიელისა და მისი მეორე ცოლის, ერცჰერცოგინია მარია ტერეზა სიცილიელის ქალიშვილი. მას სახელი ბებიის, საღვთო რომის იმპერატრიცა მარია ლუისა ესპანელის პატივსაცემად დაარქვეს. უკვე 1792 წელს ბაბუამისი, იმპერატორი ლეოპოლდ II გარდაიცვალა და საღვთო რომის ახალი იმპერატორი მარი ლუიზის მამა, ფრანც II გახდა. მარი ლუიზი თავად იმპერატრიცა მარია ტერეზიას შვილთაშვილი იყო და ვინაიდან მისი ორივე მშობელი მისი შვილიშვილი იყო, ისინი ერთმანეთს პირველი თაობის ბიძაშვილ-მამიდაშვილად ერგებოდნენ. მისი პაპიდები იყვნენ ორი სიცილიის დედოფალი მარია კაროლინა და საფრანგეთის დედოფალი მარი ანტუანეტი.

მარი ლუიზის ბავშვობა რევოლუციურ საფრანგეთსა და ავსტრიას შორის არსებული ომების პერიოდს დაემთხვა. მისი მშობლები ყოველთვის ფიქრობდნენ, რომ საფრანგეთთან დასაახლოვებლად შესაძლებელი იყ�� მარი ლუიზის გამოყენება, რის გამოც მას პატარაობიდანვე ასწავლიდნენ ფრანგულს და ფრანგული იდეოლოგიით ზრდიდნენ, რათა შემდგომში საფრანგეთში ადაპტაცია არ გასჭირვებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მარი ლუიზზე დიდი გავლენა ჰქონდა მის პაპიდას, ორი სიცილიის დედოფალ მარია კაროლინა ავსტრიელს, რომელიც ფრანგებმა იტალიიდან გააძევეს და უკანასკნელი წლები სამშობლოში გაატარა. მარია კაროლინას სძულდა ფრანგები, რადგან მათ თავი მოჰკვეთეს მის საყვარელ დას, დედოფალ მარი ანტუანეტს და მოახდინეს მის მფლობელობაში მყოფი ნეაპოლის სამეფოს ოკუპაცია. ამის გამო მარია კაროლინა გამუდმებით ცდილობდა ანტიფრანგული კოალიციების ჩამოყალიბებას და მასში ბევრი ევროპული სახელმწიფოს ჩათრევას. მესამე კოალიციის ომმა გაანადგურა ავსტრიის სამხედრო ძალები, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მარი ლუიზის ზიზღი ნაპოლეონისადმი. ომის შემდეგ სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ საიმპერატორო ოჯახმა 1805 წელს ვენა დატოვა. მარი ლუიზმა თავი ჯერ უნგრეთს, შემდეგ კი გალიციას შეაფარა. მალევე, 1806 წელს ნაპოლეონმა საღვთო რომის იმპერია დაშლილად გამოაცხადა, ფრანც II-ს ეს წოდება ჩამოართვა და სანაცვლოდ ავსტრიის იმპერატორობა უბოძა.

ნაპოლეონთან ურთიერთობების დაძაბვის გამო ბუნდოვანი გახდა მარი ლუიზის საფრანგეთში გათხოვების იდეა, რის გამოც სარფიანი ქორწინებისათვის მშობლებმა მას სხვა ენების სწავლებაც დააწყებინეს. ამრიგად, მშობლიური გერმანულის გარდა მარი ლუიზი კარგად ფლობდა ფრანგულ, ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ და ლათინურ ენებს.

1807 წელს, როდესაც მარი ლუიზი 15 წლის იყო, დედამისი გარდაიცვალა, რამაც მასზე ცუდად იმოქმედა. ამ ამბიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში მამამისი მესამედ დაქორწინდა თავის ბიძაშვილ მარია ლუდოვიკა დე ჰაბსბურგ-ესტეზე, რომელიც მარი ლუიზზე სულ ოთხი წლით იყო უფროსი. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მარია ლუდოვიკამ თავი კარგად გაართვა ფრანცის მრავალი შვილის დედინაცვლობას. სხვა ჰაბსბურგების მსგავსად ისიც ვერ იტანდა ფრანგებს, რადგან მათ მამამისს მოდენის ჰერცოგის წოდება ჩამოართვეს.

იმპერატორი ნაპოლეონი, მარი ლუიზის პირველი ქმარი

1809 წელს ავსტრიასა და საფრანგეთს შორის კიდევ ერთი ომი დაიწყო, რომელიც ისევ ავსტრიის მარცხით დასრულდა. იმავე წლის 12 მაისს დედაქალაქიც დაეცა, რის გამოც საიმპერატორო ოჯახმა მეორედ დატოვა ვენა. მათ შორს წასვლას უამინდობამ ხელი შეუშალა, რის გამოც ისინი ბუდაში გადავიდნენ.

საქორწინო მოლაპარაკებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1809 წლის 12 ოქტომბერს ვენაში, შენბურნის საზავო ხელშეკრულების მოლაპარაკებების დროს ნაპოლეონის მოკვლა სცადეს. სწორედ ამ დროს მიხვდა იმპერატორი, რომ მას მემკვიდრე სჭირდებოდა, რომელიც მის საქმეებს განაგრძობდა და რომელიც თავის ცოლთან, იმპერატრიცა ჟოზეფინასთან არ ჰყავდა. გარდა ამისა, მას ისედაც სურდა ევროპის მონარქთა შორის ადგილის დამკვიდრება, რაც მხოლოდ დინასტიური ქორწინებებით შეიძლებოდა. ამის გამო მან იმპერატრიცა ჟოზეფინასთან განქორწინების საქმე დაიწყო, რომელთანაც ვაჟი ვერ გააჩინა და დაიწყო ახალი საცოლის ძებნა. თავდაპირველად მას უნდოდა, რომ დაქორწინებულიყო რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის დაზე, დიდ მთავარ ანა პავლოვნა რომანოვაზე, რამაც ავსტრიელები ერთობ შეაშინა. მათი ქორწინების შედგომის შემთხვევაში ავსტრია ორი უძლიერესი იმპერიის შუაში მოექცეოდა, რაც მას კარგს არაფერს უქადდა, ამიტომაც ფრანც II-მ ამ მოლაპარაკებების ჩაშლა გადაწყვიტა. პრინცი მეტერნიხის მეთაურობით დაიწყო ახალი საქორწინო მოლაპარაკებები ნაპოლეონსა და მარი ლუიზს შორის. სულ მალე მის სანახავად იმპერატორმა გრაფი ნარბონი გააგზავნა. მიუხედავად იმისა, რომ ვენასა და პარიზს შორის მოლაპარაკებები აქტიურად გაჩაღდა, თავად მარი ლუიზმა დიდ ხანს არ იცოდა ამის შესახებ.

მარი ლუიზი კომპიენში ხვდება ნაპოლეონსა და მისი ოჯახის წევრებს

მოლაპარაკებების ჩაშლის გამო რუსები იმედგაცრუებულნი დარჩნენ, უკვე 1810 წელს კი ნაპოლეონის განქორწინებაც დამთავრდა. ოფიციალურად მხოლოდ ამის შემდეგ გახდა ცნობილი მათი საქორწინო გეგმები, რის შესახებაც ავსტრიის ელჩმა, პრინცმა შვარცენბერგმა განაცხადა. შვარცენბერგმა 1810 წლის 7 თებერვალს ავსტრიის სახელი��� მოაწერა ხელი საქორწინო ხელშეკრულებას. ამის შემდეგ მეტერნიხმა უკვე მარი ლუიზსაც შეატყობინა მისი ქორწინების ამბები, რამაც ერცჰერცოგინია უკმაყოფილო დატოვა და განაცხადა: „მე მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც ჩემი მოვალეობაა და რასაც მიბრძანებენ.“

„ავსტრიული ქორწინება“

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1810 წლის 11 მარტს ვენის წმინდა ავგუსტინეს სახელობის საკათედრო ტაძარში შედგა მარი ლუიზისა და ნაპოლეონის მარიონეტული ქორწინება. ამ ცერემონიალზე სიძეს პატარძლის ბიძა, ტეშენის ჰერცოგი კარლ ლუდვიგ ავსტრიელი წარმოადგენდა. საფრანგეთის ელჩის თქმით: „ქორწინება აღინიშნა ისეთი ბრწყინვალებით, რომლის აღქმაც კი რთულია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ შესანიშნავ ღონისძიებებზე, რომელიც წინ უძღვოდა ცერემონიას“. ამის შემდეგ მარი ლუიზი საფრანგეთის იმპერატრიცა და იტალიის დედოფალი გახდა.

მარი ლუიზისა და ნაპოელეონის ქორწინება

იმავე წლის 13 მარტს მარი ლუიზმა ვენა დატოვა, რის შემდეგაც უკან აღარასდროს დაბრუნებულა. საფრანგეთში ჩასვლისთანავე მას ნაპოლეონის და შეეგება, რომელმაც ტრადიციული რიტუალები ჩაატარა. ამ ტრადიციის თანახმად საფრანგეთში ჩასული სამეფო პატარძალი სრულიად შიშველი უნდა შესულიყო თავის ახალ სამშობლოში და ძველი სამშობლოსგან არაფერი დაეტოვებინა, ტანსაცმელი და მეგობრებიც კი. ამრიგად, მარი ლუიზს საზღვარზე ჩამოართვეს კაბები, კორსეტები, წინდები და ფეხსაცმელები, რის გამოც იგი მთლიანად შიშველი დარჩა. მას შემდეგ, რაც საფრანგეთში შეაბიჯა, ნაპოლეონის დამ მას სასწრაფოდ მიართვა ფრანგული საპატარძლო კაბა. ეს რიტუალი ბოლოს 1770 წელს, მარი ანტუანეტის საფრანგეთში ჩასვლისას შესრულდა. მარი ლუიზი ნაპოლეონს პირველად 27 მარტს შეხვდა კომპიენში.

1810 წლის 1 აპრილს წმინდა იოსების სახელობის საკათედრო ტაძარში მარი ლუიზი და ნაპოლეონი საბოლოოდ დაქორწინდნენ. მეორე დღეს ისინი პარიზში გაემგზავრნენ, რათა იგი დედოფლად ეკურთხებინათ. პარიზისაკენ მათი მგზავრობა „პომპეზური“ იყო. ეს გრანდიოზული მსვლელობა პარიზში, ტიულრის სასახლეში დასრულდა, საიდანაც საიმპერატორო წყვილი ლუვრში გაემგზავრა ჯვრის დასაწერად. მათ ჯვარი კარდინალმა ჟოზეფ ფეშმა დასწერა, ამაში კი ნაპოლეონის ბიძა და საფრანგეთის დიდი ალმონერი ეხმარებოდნენ. ქორწილში თავად იტალიელი კომპოზიტორი ფერდინანდო პაერი უკრავდა.

საქორწინო ზეიმი 1810 წლის ივნისამდე გაგრძელდა. საზეიმო ღონისძიებები მოიცავდა არა მხოლოდ ბალ-მასკარადებსა და ნადიმებს, არამედ ბურთით თამაშს, თეატრალურ წარმოდგენებსა და კლოდ-ფორტუნა რუგიერის მიერ მოწყობილი ფოიერვერკის წარმოდგენა, რომელსაც 4,000 ადამიანი ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ ამ ქორწინების გზით ნაპოლეონი ლუი XVI-ისა და მარი ანტუანეტის დიდი-ძმისწულის-სიძე გახდა.

იმპერატრიცა მარი ლუიზი 1810 წელს

მარი ლუიზი მორჩილი ცოლი აღმოჩნდა, რომელმაც მალევე მოახდინა საფრანგეთის სამეფო კარზე ადაპტირება. იგი დაუმეგობრდა მონტებელოს ჰერცოგინია ლუიზ ანტუანეტ ლანს, რომელიც დედოფლის მთავარი სეფექალი იყო. ამასთან, იგი თავისი ყოველდღიური საქმეების მართვას მადამ ჟანა შარლოტ დე ლუკას ანდობდა. აღსანიშნავია, რომ ქორწინება დიდად ნაპოლეონსაც არ სურდა. მას სრულიად უცხო, უცხოელ პრინცესაზე უწევდა დაქორწინება და საყვარელ ცოლთან გაშორება, რადგან ვაჟის გაჩენა სჭირდებოდა, რის გამოც თავდაპირველად იმპერატორმა განაცხადა, რომ იგი იძულებული იყო „საშვილოსნოზე დაქორწინებულიყო“, თუმცა მალე მათ ურთიერთობას სხვაგვარი სახე მიეცა. საბოლოოდ ნაპოლეონმა ისიც კი განაცხადა, რომ „მარი ლუიზი ჟოზეფინას ერჩივნა“. მიუხედავად იმისა, რომ მას ჟოზეფინა უყვარდა და განქორწინების შემდეგაც კი იგი მის უახლოეს მეგობრად დარჩა. მოგვიანებით თავად მარი ლუიზი მამას ასეთ რამეს წერდა: „გარწმუნებთ, ძვირფასო მამა, რომ ხალხი უსამართლოა იმპერატორთან მიმართებაში. რაც უფრო უკეთ ვეცნობი მას, მით უფრო ვაფასებ და მიყვარდება“. თუმცაღა, მათი ქორწინებას დაძაბულობა არ აკლდა. ნაპოლეონი ზოგჯერ უკმაყოფილებას გამოთქვამდა მარი ლუიზის მორცხვი და მორჩილი ხასიათის გამო, როდესაც ჟოზეფინა ვნებიანი და თამამი იყო, რაც მარი ლუიზს დიდად სწყინდა.

მიუხედავად ყველაფრისა, წარმატებულმა ქორწინებამ დააახლოვა საფრანგეთი და ავსტრ��ა, ის ორი სახელმწიფო, რომელიც უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში გამუდმებით ებრძოდა ერთურთს. აღსანიშნავია, რომ ვენის ოკუპაციის პერიოდში მოსახლეობამ დიდი პატივი მიაგო საფრანგეთის იმპერატორს, რის გამოც ნაპოლეონი ავსტრიელთა მიმართ გარკვეულწილად მოლბა. საქორწინო ფესტივალების განმავლობაში ნაპოლეონი პირადად აკონტროლებდა, რომ იმპერატორი ფრანცისთვის, იმპერატრიცა მარია ლუდოვიკასათვის და ტეშენის ჰერცოგ კარლ ლუდვიგისათვის გაგზავნილ წერილებში დაწვრილებით მოეთხროთ ღონისძიებების დიდებულება.

დედოფალი მარი ლუიზი თავის ახალშობილ ვაჟთან ერთად

სახალხო გამოსვლებისას მარი ლუიზი ყოველთვის ცოტას საუბრობდა თავისი მორცხვი ხასიათის გამო, რასაც ფრანგები მის ამპარტავნებად მიიჩნევდნენ წინამორბედი ავსტრიელი დედოფლის, მარი ანტუანეტის გავლენით. ამასთან, იგი სათნო ქალად ითვლებოდა, რომელიც პოლიტიკაში არასოდეს ერეოდა. პიროვნულად, იგი თავაზიანი და ნაზი იყო.

პირველი შვილის გაჩენა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკვე 1810 წლის ივლისში მარი ლუიზი დაორსულდა. 1811 წლის 20 მარტს მან ვაჟი გააჩინა, რომელსაც ნაპოლეონ ფრანსუა ჟოზეფ შარლ ბონაპარტი დაარქვეს და მაშინვე უბოძეს რომის მეფის ტიტული. ეს წოდება იმის გამოხატვა იყო, რომ აწ უკვე დაშლილი საღვთო რომის იმპერატორის მემკვიდრეს აძლევდნენ „რომაელთა მეფის“ წოდებას, თავისი ვაჟისთვის იმავე წოდების მიცემით კი იმპერატორმა ხაზი გაუსვა მის მემკვიდრეობას. აღსანიშნავია, რომ ნაპოლეონი აღფრთოვანებული იყო იმ ფაქტით, რომ მისი ცოლი მშობიარობას არ გადაჰყვა და განაცხადა: „მირჩევნია ამის შემდეგ შვილები საერთოდ აღარ მეყოლოს, ვიდრე მის ასეთ ტანჯვას კიდევ ერთხელ ვუყურო“.

მარი ლუიზი ვაჟთან ერთად 1813 წელს

ბავშვის გაჩენის შემდეგ მარი ლუიზმა მთელი თავისი ცხოვრება შვილს მიუძღვნა. მსახურებს პატარა პრინცი ყოველ დილას დედასთან მიჰყავდათ, რის შემდეგაც დედოფალი მთელი დღე თავად ზრუნავდა მასზე და მხოლოდ საღამოს, დასაძინებლად ატანდა უკან ძიძებს.

1812 წლის მაისში, რუსეთში შეჭრამდე ერთი თვით ადრე, ნაპოლეონი მარი ლუიზს თან ახლდა დრეზდენში, სადაც მან იმპერატორს თავისი მამა და დედინაცვალი გააცნო. ამ შეხვედრის დროს იმპერატორმა ფრანცმა ნაპოლეონს უთხრა, რომ შეეძლო ავსტრიას დაყრდნობოდა „საერთო საქმისთვის ბროლაში“, რაშიც მოახლოვებული ლაშქრობა იგულისხმებოდა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრისას მარი ლუიზსა და მარია ლუდოვიკას შორის მცირე მეტოქეობა ჩამოვარდა, რადგან ავსტრიის იმპერატრიცა გერზე მისი ახალგაზრდული გარეგნობის გამო ეჭვიანობდა. ასევე დრეზდენში ყოფნისას გაიცნო მარი ლუიზმა თავისი მომავალი ქმარი — გრაფი ფონ ნაიპერგი. ნაპოლეონმა ცოლთან და ჯართან ერთად დრეზდენი 1812 წლის 29 მაისს დატოვა.

მარი ლუიზი 1812 წელს

სულ მალე მარი ლუიზი გამოემშვიდობა ქმარს და თავის ოჯახს გაჰყვა პრაღაში, სადაც საიმპერატორო ოჯახთან ერთად შემდეგი რამდენიმე კვირა გაატარა. ამის შემდეგ საფრანგეთის იმპერატრიცა საფრანგეთისაკენ დაიძრა და 1812 წლის 18 ივლისს სენ-კლოდში ჩავიდა. ამის მიზეზი რუსეთთან ომის დაწყება გახდა, რადგან ნაპოლეონი შიშობდა, რომ მისთვის საიმპერატორო რეზიდენცია და პარიზი არ იყო უსაფრთხო ადგილი. აღსანიშნავია, რომ მარი ლუიზი ქმარს მთელი ლაშქრობის განმავლობაში სწერდა წერილებს. რუსეთში ლაშქრობა საფრანგეთისა და განსაკუთრებით კი ნაპოლეონისთვის კატასტროფული შედეგებით დასრულდა. რუსული ზამთრისა და მათი ჯარის პარტიზანული პოლიტიკის გამო ფრანგების „დიდი არმიის“ ნახევარი განადგურდა. ამის გამო 1812 წლის ოქტომბერში საფრანგეთში უშედეგოდ სცადეს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, რის გამოც ნაპოლეონმა ქვეყანაში დაბრუნება დააჩქარა. იმავე წლის 18 დეკემბრის ღამეს მარი ლუიზი და ნაპოლეონი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს.

ევროპელმა მონარქებმა დრო იხელთეს დ��� დასუსტებული საფრანგეთის წინააღმდეგ მეექვსე კოალიცია ჩამოაყალიბეს. პრუსია და დიდი ბრიტანეთი რუსეთს შეუერთდნენ და საფრანგეთს ომი გამოუცხადეს. აღსანიშნავია, რომ საიმპერატორო ოჯახის ურთიერთობების გამო ავსტრია კოალიციაში არ გაწევრიანდა. 1813 წლის 30 მარტს ნაპოლეონი გერმანიაში გაემგზავრა საბრძოლველად, რა დროსაც რეგენტად მარი ლუიზი დაინიშნა. მისი რეგენტობა მხოლოდ ოფიციალური ფორმალობა იყო, რადგან ყველა გადაწყვეტილებას მაინც საზღვარგარეთ მყოფი ნაპოლეონი იღებდა. ამ პერიოდში მარი ლუიზი გამალებით ცდილობდა მამის დარწმუნებას, რომ საფრანგეთთან ალიანსი შეენარჩუნებინა. მიუხედავად ამისა, საბოლოოდ ავსტრიაცა და საფრანგეთის მოკავშირე ბავარიაც ანტიფრანგულ კოალიციაში შევიდნენ. იმავდროულად მარი ლუიზი ნაპოლეონს წერილებს უგზავნიდა და აცნობებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ისვე ატყობინებდა მას, რომ პარიზსა და პროვინციებში მოსახლეობა ომის შეწყვეტას ითხოვდა. იმავე წლის 19 ოქტომბერს მოკავშირეებმა გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვეს ლაიფციგის ბრძოლაში, 9 ნოემბერს კი იმპერატორი და მარი ლუიზი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს სენ-კლოდში.

1814 წლის 23 იანვარს მარი ლუიზი მეორედ დაინიშნა რეგენტად. იმავე წლის 25 იანვარს, დილის 03:00 საათზე ნაპოლეონმა მარი ლუიზი და მათი ვაჟი უკანასკნელად ნახა. ამის შემდეგ იგი სასწრაფოდ გაემგზავრა, რათა არმიას შეერთებოდა და ჩრდილოეთში მოკავშირეთა ჯარები შეეჩერებინა.

იმპერატრიცა მარი ლუიზ ავსტრიელი 1812 წელს

მიუხედავად მოკავშირეთა ჯარების მიახლოვებისა, მარი ლუიზს პარიზის დატოვება არ სურდა. იგი მიიჩნევდა, რომ მას, როგორც ავსტრიის იმპერატორის, მაშასადამე ერთ-ერთი მოკავშირის ქალიშვილს, მოკრძალებით მოეპყრობოდნენ. ამასთან, ნაპოლეონის მოკვლის შემთხვევაში ტახტი მის ვაჟს უნდა დაეკავებინა, რაც პროვინციაში და მით უმეტეს უცხო ქვეყანაში ვერ მოხერხდებოდა. მას იმისაც ეშინოდა, რომ მის მიერ დედაქალაქის დატოვება გააძლიერებდა ბურბონთა მომხრეების პოზიციას. საბოლოოდ მარი ლუიზი დაარწმუნეს, რომ პარიზი დაეტოვებინა. ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ანრი კლარკმა ნაპოლეონის წერილი გადასცა, რომელშიც ეწერა: „მე მირჩევნია ვიცოდე, რომ ისინი (იმპერატრიცა და რომის მეფე), ორივენი სენას ფსკერზე არიან, ვიდრე მოკავშირეთა ხელში“. 29 მარტს მარი ლუიზმა ვაჟთან და სხვა მომხრეებთან ერთად დატოვა პარიზი. მეორე დღეს დედაქალაქში მოკავშირეები შევიდნენ.

მარი ლუიზმა თავი ბლუას შეაფარა, რომელიც მოკავშირეებისაგან უსაფრთხოდ იყო. იგი არ მოელოდა, რომ მამამისი ნაპოლეონსა და მის ვაჟს გვირგვინს წაართმევდა, თუმცა ავსტრია ბოლომდე მოკავშირეების მხარეს დარჩა. იმავე წლის 3 აპრილს სენატმა ტალეირანის ინიციატივით ნაპოლეონი ტახტიდან გადააყენა. თავად მარი ლუიზმა ეს მხოლოდ 7 აპრილს შეიტყო. მას პარიზში დაბრუნება და პოზიციების აღდგენა უნდოდა, მაგრამ ექიმისა და სეფექალის თხოვნით ბლუაში დარჩა.

ნაპოლეონის გადასახლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1814 წლის 11 აპრილს, ფონტენბლოს სასახლეში ნაპოლეონი ტახტიდან ოფიციალურად გადადგა. ამას მოჰყვა ფონტენბლოს ხელშეკრულების გაფორმება, რომლის მიხედვითაც ყოფილი იმპერატორი იტალიაში, კერძოდ კუნძულ ელბაზე გადაასახლეს. მარი ლუიზმა შეინარჩუნა თავისი იმპერიული წოდება, რანკი, პრივილეგიები და უფლებები. ამასთან, ხელშეკრულების მიხედვით მას მიენიჭა ჰერცოგინიის წოდება და სამართავად გადაეცა პარმის, პიაჩენცისა და გუასტალის საჰერცოგოები, რომლებიც მის შემდეგ ��ის ვაჟს უნდა გადასცემოდა მემკვიდრეობით. მოგვიანებით ეს შეთანხმებმა ვენის კონგრესზე გადააკეთეს.

ცნობილია, რომ მარი ლუიზს სურდა ქმარს შეერთებოდა ელბაზე, თუმცა მრჩევლების გავლენით თავს იკავებდა. ამასთან, იგი ერთობ გაანაწყენა იმ ფაქტმა, რომ ელბაზე მყოფი ნაპოლეონი ჟოზეფინას გარდაცვალებას გლოვობდა. 16 აპრილს იმპერატორი ფრანცი საფრანგეთში ჩავიდა და ბლუაში მყოფ ქალიშვილს თავად შეხვდა. იმპერატორის რჩევით მარი ლუიზი ვაჟთან ერთად გაემგზავრა ვენაში, სადაც 23 აპრილს ჩავიდა. ვენაში იგი შენბრუნის სასახლეში დაბინავდა. აქ მას ხშირად სტუმრობდნენ მისი დები, მამა და დედინაცვალი. იგი ასევე შეხვდა თავის პაპიდას, ორი სიცილიის დედოფალ მარია კაროლინას, რომელმაც მას ქმრის მიტოვების გამო უსაყვედურა. მარია კაროლინას გარდა ამაზე მას ბევრმა სხვამაც უსაყვედურა. უგულო ცოლისა და ინდიფერენტული დედის სტატუსი დიდ სტრესში აგდებდა მარი ლუიზს, რომელმაც 1814 წლის 9 აგვისტოს ნაპოლეონს მისწერა: „მე ძალიან უბედური და კრიტიკულ მდომარეობაში ვარ. ჩემი ყოველი ქმედებისას ძალიან წინდახედული უნდა ვიყო. არის მომენტები, როდესაც ეს აზრი მახრჩობს. ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი, რაც შეიძლება დამმართნოდა იყო ის, რომ მოვმკვდარიყავი.“

ვენის კონგრესი და ურთიერთობა ნაიპერგთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გრაფი ნაიპერგი, მარი ლუიზის მეორე ქმარი

1814 წლის ზაფხულში იმპერატორმა ფრანცმა გრაფ ნაიპერგს დაავალა მარი ლუიზის კურორტ ექს-ლე-ბენში წაყვანა, რათა ხელი შეეშალა მისთვის ელბაზე წასვლისთვის. აღსანიშნავია, რომ ნაიპერგი მეტერნიხის მოკავშირე და ნაპოლეონის მტერი იყო. კურორტზე ყოფნისას გრაფს მარი ლუიზი შეუყვარდა. სულ მალე იგი მისი მთავარი მსახური და ვენის კონგრესზე მისი ინტერესების დამცველი გახდა. როგორც აღმოჩნდა, ჯერ კიდევ ქორწინებაში მყოფ მარი ლუიზსაც ჰქონდა გრაფისადმი გრძნობები. აღსანიშნავია ისიც, რომ მათი ურთიერთობის შესახებ ამბავი კარგად მიიღო როგორც ფრანგულმა, ისე ავსტრიულმა საზოგადოებამ.

1815 წლის მარტში ნაპოლეონმა ელბა დატოვა, აიღო პარიზი და კვლავ იმპერატორი გახდა, რასაც მოკავშირეთა მხრიდან საფრანგეთისთვის კიდევ ერთი ომის გამოცხადება მოჰყვა. ამ დროს მარი ლუიზს მისმა დედინაცვალმა სთხოვა, რომ სამეფო ქალბატონების პროცესიას შეერთებოდა, რომელთაც ეკლესიაში უნდა ელოცათ ავსტრიელთა გამარჯვებისათვის. როგორც ცნობილია, მარი ლუიზმა ეს „შეურაცხმყოფელი მოწვევა“ უარყო. მან წერილი გაუგზავნა ნაპოლეონის პირად მდივანს, კლოდ ფრანსუა დე მენევალს, რომელშიც იუწყებოდა, რომ საფრანგეთში დაბრუნებას გეგმავდა: „იმედი მაქვს, რომ იგი მიხვდება ჩემი პოზიციის სირთულეს... მე არასოდეს დავთანხმდები განქორწინებას, მაგრამ მე ვერ ვიჯერებ, რომ ის არ ეწინააღმდეგება ჩვენს დაშორებას და რომ იგი არ იტანჯება ჩემდამი არსებული ძლიერი გრძნობით... ეს დაშორება აუცილებელი გახდა, თუმცა ეს არანაირად არ იმოქმედებს იმ პატივისცემასა და მადლიერებაზე, რომელთაც მე მისდამი ვგრძნობ“. საბოლოოდ ნაპოლეონი მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაამარცხეს ვატერლოოს ბრძოლაში. 1815 წლის ოქტომბერში იგი მეორედ გადაასახლეს, თუმცა ამჯერად უფრო შორს, აფრიკასთან მდებარე წმინდა ელენეს კუნძულზე. ამის შემდეგ ნაპოლეონი მარი ლუიზს აღარ დაკავშირებია.

საბოლოოდ ვენის კონგრესმა მარი ლუიზი პარმის, პიაჩენცისა და გუასტალის ჰერცოგინიად აღიარა, თუმცა მის ვაჟს იტალიაში ჩასვლა აეკრძალა. ამასთან, მარი ლუიზის ვაჟს ჩამოერთვა ყველა წოდება და მემკვიდრეობა დედის საჰერცოგოებზე, რათა შემდგომში თავიდან აეცილებინათ ბონაპარტების პრეტენზიები პარმაზე. ამრიგად, მარი ლუიზის შემდეგ ეს სამი საჰერცოგო კვლავ ბურბონებს დაუბრუნდებოდათ, რომელთაც მანამდე კომპენსაციის სახით გადაეცათ ლუკა და ტოსკანა.

მარი ლუიზი 1835 წელს

1816 წლის 7 მარტს გრაფ ნაიპერგთან ერთად მარი ლუიზი პარმისაკენ დაიძრა, სადაც 18 აპრილს ჩავიდა. ჩასვლის შემდეგ მან მამას ასეთი რამ მისწერა: „ხალხი დიდი ენთუზიაზმით მომესალმა, რამაც თვალებზე ცრემლები მომგვარა“. რეალურად მარი ლუიზი ყოველდღიური საქმეებით იყო დაკავებული, საჰერცოგოს კი ნაიპერგი მართავდა მეტერნიხის მითითებებით. 1816 წლის დეკემბერში მარი ლუიზმა მოხსნა მოქმედი პრემიერ-მინისტრი და მის ადგილას ნაიპერგი დანიშნა.

1821 წლის 5 მაისს ნაპოლეონი წმინდა ელენეს კუნძულზე გარდაიცვალა. გლოვის პერიოდის დასრულებისთანავე მარი ლუიზმა მორგანატიკულად იქორწინა თავის საყვარელ ნაიპერგზე. ქორწინებიდან რამდენიმე წელიწადში გრაფს გულის პრობლემები დაეწყო. იგი 1829 წლის 22 თებერვალს გარდაიცვალა გულის შეტევით, რამაც მარი ლუიზი გაანადგურა, თუმცა ავსტრიის იმპერატორმა მას სახალხოდ გლოვა აუკრძალა. მარი ლუიზს ნაიპერგისაგან სამი შვილი შეეძინა:

  1. ალბერტინა (1817-1867), ცოლად გაჰყვა ფონტანელატოს გრაფ ლუიჯი სანვიტალეს;
  2. ვილჰემ ალბრეხტი (1819-1895), მონტენუოვოს მთავარი. ცოლად შეირთო უნგრელი გრაფინია იულიანა ბათიანი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  3. მატილდა (1822-1823), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
მარი ლუიზის ერთადერთი ფოტო. გადაღებულია 1847 წელს.

მარი ლუიზისა და ნაპოლეონის ერთადერთ საერთო ვაჟს, რომელიც დედის მშობლებმა შეიფარეს ავსტრიაში, დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში ყველა ფრანცს უწოდებდა და ბაბუისაგან 1818 წელს მიიღო რაიხშტატის ჰერცოგის წოდებაც. აღსანიშნავია, რომ მარი ლუიზის ვაჟი იმპერატორს შვილიშვილებს შორის გამორჩეულად უყვარდა, რაც ავსტრიელ ნაციონალისტებსა და მინისტრებს შორის არც თუ ისე პოპულარობით სარგებლობდა. ამ პერიოდში ეშინოდათ, რომ ნაპოლეონის ვაჟს შესაძლოა ამბიციები ჰქონოდა და საფრანგეთის ტახტის დასაბრუნებლად დაეწყო ბრძოლა. ცნობილია, რომ მისი „ლამაზი“ გარეგნობის გამო მას მარტივად შეეძლო თავი ქალად გაესაღებინა, რის გამოც მარტივად შეეძლო საფრანგეთის საზღვარზე გადასვლა. უკონტაქტობის გამო მარი ლუიზსა და მის ვაჟს ურთიერთობა იმდენად გაუფუჭდათ, რომ ერთხელ „ფრანცმა“ ასეთი რამ განაცხადა: „ჟოზეფინა რომ დედაჩემი ყოფილიყო, მამაჩემი წმინდა ელენეს კუნძულზე არ იქნებოდა დაკრძალული და არც მე ვიქნებოდი ვენაში. დედაჩემი კეთილი, მაგრამ სუსტია. ის არ ყოფილა მამაჩემისათვის ის მეუღლე, რომელსაც იმსახურებდა. ასეთი ჟოზეფინა იყო“. თუმცაღა მას მართლაც ჰქონდა პრეტენზიები და აპირებდა იმპერატორობას, მარი ლუიზისა და ნაპოლეონის ერთადერთი ვაჟი 1832 წელს, სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა ტუბერკულოზით.

1831 წელს იტალიაში კარბონარების აჯანყებამ იფეთქა. მათ იტალიაში ავსტრიელების, ფრანგებისა და ესპანელების მმართველობის სამუდამოდ დასრულება სურდათ. პარმელი ამბოხებულები ქუჩაში შეიკრიბნენ და გააპროტესტეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ავსტრიელი იოზეფ ფონ ვერკლაინის დანიშვნა. მარი ლუიზმა არ იცოდა რა გაეკეთებინა, რის გამოც ქალაქის დატოვებას აპირებდა. თუმცაღა, მას ამის გაკეთებაში ხელი შეუშალეს ამბოხებულებმა, რომლებიც მასში ხედავდნენ იმ ერთადერთ ადამიანს ხელისუფლებაში, რომელსაც მათი მოსმენა შეეძლო. იმავე წლის 14 თებერვალს მარი ლუიზმა პარმა დატოვა, რასაც ქალაქში დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება მოჰყვა, რომელსაც იტალიელი გრაფი ფილიპო ლუიჯი ლინატი ხელმძღვანელობდა. პიაჩენცაში გაქცეულმა მარი ლუიზმა სასწრაფოდ მისწერა მამამისს და პრემიერ-მინისტრის შეცვლა სთხოვა. ამის სანაცვლოდ ფრანც II-მ პარმაში ავსტრიული ჯარები შეიყვანა და აჯანყება ჩაახშო. შემდგომში არეულობის თავიდან ასაცილებლად, 29 სექტემბერს მარი ლუიზმა ამბოხებისას დაკავებულთა ამნისტია გამოაცხადა.

1833 წლიდან მარი ლუიზის მთავარ მსახურად მეტერნიხმა შარლ რენე დე ბომბელი დანიშნა. მისი პარმაში ჩასვლიდან რამდენიმე თვეში, 1834 წლის 17 თებერვალს მარი ლუიზი მესამედ და მორგანატიკულად დაქორწინდა შარლ რენეზე. მასთან შვილები აღარ ჰყოლია.

1847 წლის 9 დეკემბერს მარი ლუიზი უეცრად ცუდად გახდა. მისი მდგომარეობა მომდევნო დღეებში საგრძნობლად დამძიმდა. 17 დეკემბერს მან ზედიზედ რამდენჯერმე აღებინა და გონება დაკარგა, რის შემდეგაც აღარ გაუღვიძია. იგი იმავე დღეს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად პლევრიტომა დასახელდა. მისი ნეშტი გადაასვენეს და დაკრძალეს ვენაში, ჰაბსბურგთა საგვარეულო აკლდამაში.

  • de Bertier de Sauvigny, Guillaume (1998). Metternich. Paris: Fayard. ISBN 2-213-60267-0.
  • Chastenet, Geneviève (1983). Marie-Louise: l'impératrice oubliée. Paris. ISBN 2-277-22024-8.
  • Durand, Sophie Cohondet (1886). Napoleon and Marie-Louise (1800–1814): A Memoir. London: S. Low, Marston, Searle & Rivington. regen.
  • "Fiorenzuola d'Arda". Turismo a Piacenza. Archived from the original on 28 March 2012. Retrieved 22 July 2011.
  • Geer, Walter (1925). Napoleon and Marie-Louise: Fall of Empire. New York: Brentano's.
  • "6 avril 1814: Abdication de Napoléon 1er". Herodote.net. Retrieved 21 July 2011.
  • Herman, Eleanor (2006). Sex with the Queen. New York: Harper Perennial. ISBN 978-0-06-084674-9.
  • Herre, Franz (1998). Maria Luigia : il destino di un' Asburgo da Parigi a Parma. Milan: Mondadori. ISBN 88-04-42133-9.
  • Lasagna, Roberto. "Absburgo Lorena Maria Ludovica Leopoldine". Dizionario dei biografico Parmigiani. Archived from the original on 14 March 2012. Retrieved 21 July 2011.
  • Marchi, Adele Vittoria (1988). Vienna e Parma. Parma: Artegraf. Silva.
  • Potocka-Wąsowiczowa, Anna z Tyszkiewiczów. Wspomnienia naocznego świadka. Warszawa: Państwowy Instytut Wydawniczy, 1965.
  • "Napoléon Bonaparte". Archontology.org. Retrieved 21 July 2011.
  • de Saint-Amand, Imbert (2010). The Happy Days of the Empress Marie Louise. Miami: HardPress Publishing. ISBN 978-1-4076-4955-9.
  • Schiel, Imgard (1997). Maria Luigia - Giuseppe che una donna e che amare governare Giuseppe. Milan: Loganesi.
  • Guffey, Elizabeth E. (2001). Drawing an elusive line : the art of Pierre-Paul Prud'hon. Newark, Del.; London: University of Delaware Press; Associated University Press. p. 146. ISBN 9780874137347.
  • Wurzbach, Constantin, von, ed. (1860). "Habsburg, Franz I." . Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich [Biographical Encyclopedia of the Austrian Empire] (in German). 6. p. 208
მარი ლუიზი
დაიბადა: 12 დეკემბერი 1791 გარდაიცვალა: 17 დეკემბერი 1847
წინამორბედი:
ჟოზეფინ ბოარნე
საფრანგეთის დედოფალი
1810-1814
შემდეგი:
მარი ტერეზ ფრანგი
წინამორბედი:
ჟოზეფინ ბოარნე
იტალიის დედოფალი
1810-1814
შემდეგი:
მარგერიტა სავოიელი
წინამორბედი:
ჟან ჟაკ რეგი
პარმის ჰერცოგინია
1814-1847
შემდეგი:
კარლო II
წინამორბედი:
შარლ ფრანსუა ლებრონი
პიაჩენცის ჰერცოგინია
1814-1847
შემდეგი:
კარლო II
წინამორბედი:
პოლინ ბონაპარტი
გუასტალის ჰერცოგინია
1814-1847
შემდეგი:
ფრანჩესკო V