შინაარსზე გადასვლა

სიონის წყალსაცავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიონის წყალსაცავი

სიონის წყალსაცავი
კოორდინატები: 42°00′18″ ჩ. გ. 44°59′59″ ა. გ. / 42.005056° ჩ. გ. 44.999833° ა. გ. / 42.005056; 44.999833
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული თიანეთის მუნიციპალიტეტი (მცხეთა-მთიანეთის მხარე)
ფართობი 12,8 კმ²
მოცულობა 0,3254 კმ³
უდიდესი სიღრმე 67
საშუალო სიღრმე 25,4
აუზის ფართობი 587 კმ²
ჩაედინება იორი
გამოედინება იორი
შევსების წელი 1963
სიონის წყალსაცავი — საქართველო
სიონის წყალსაცავი
სიონის წყალსაცავი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
სიონის წყალსაცავი

სიონის წყალსაცავიწყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, თიანეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ივრის შუა წელში. გაშენებულია დაბა სიონსა და სოფელ ლელოვანს შორის. უკავია სიონის ქვაბულის ფსკერი. წყალშემკრები აუზის ფართობი 587 კმ², სარკის ფართობი 12,8 კმ². წყლის საერთო მოცულობა 325,4 მლნ. მ³. სასარგებლო მოცულობა 290 მლნ. მ³.

სიონის წყალსაცავის საშუალო სიღრმეა 25,4 მ, მაქსიმალური სიღრმე — 67 მ. წყალსაცავი ხეობის ტიპისაა, ფსკერი დაფარულია თანამედროვე ალუვიონით. მარჯვენა ნაპირი ციცაბო და კლდოვანია, დაფარულია მძლავრი დელუვიური მასალით, აღინიშნება მეწყრული მოვლენები, მარცხენა ნაპირი დამრეცია. სანაპირო ფერდობების ზედა ნაწილი შემოსილია ფოთლოვანი ტყით, ქვედა კი მოკლებულია ხემცენარეულობას.

საზრდოობს ძირითადად მდინარე ივრის წყლით. განკუთვნილია მდინარე ივრის ჩამონადენის მრავალწლიური რეგულირებისათვის. იყენებენ სარწყავად. სიონის ჰიდროკვანძი მცირე ჰესების კასკადის მოქმედებასაც განაპირობებს. მაქსიმალური დონე ივლისის მეორე ნახევარშია, მინიმალური — მარტში.

წყლის ტემპერატურა მერყეობს 2,7 °C-დან (თებერვალი) 21,7 °C-მდე (აგვისტო). ნოემბრიდან აპრილამდე უმთავრესად ჰომოთერმიაა გაბატონებული, წყლის დანარჩენ დროს მყარდება პირდაპირი ტემპერატურული სტრატიფიკაცია. ყინულოვანი მოვლენები სუსტადაა გამოხატული. საექსპლუატაციოდ გადაეცა 1963 წელს. განვითარებულია თევზის რეწვა.

სიონის წყალსაცავის ტერიტორია, 1897

სიონის წყალსაცავს შეეწირა რამდენიმე სოფელი, ესენია: საყარაულო, ჯიგო, უკუღმართი, ჭიოტიანთ-კარი, კუპრიანთ-კარი და ჯიგაური.