საქართველოს რევოლუციური კომიტეტი
საქართველოს რევოლუციური კომიტეტი, საქართველოს რევკომი — საბჭოთა ხელისუფლების დროებითი საგანგებო ორგანო, რომელიც შეიქმნა საბჭოთა რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 1921 წლის 16 თებერვალს საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელობით. გამოცხადდა წითელი არმიის მიერ ოკუპირებულ შულავერში, რის გამოც არაოფიციალურად „შულავერის მთავრობასაც“ უწოდებდნენ.
საქართველოს ოკუპაციისა და საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ რევკომი ასრულებდა ხელისუფლების საგანგებო ორგანოს როლს, რომელსაც ოფიციოზი განმარტავდა, როგორც „პროლეტარიატის დიქტატურის გარდამავალი ხასიათის პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი ფორმის ფუნქციას“. მისი მოვალეობა იყო დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ლიკვიდაცია და ახალი ხელისუფლების ორგანოების შექმნა, საბჭოების არჩევნებამდე „რევოლუციური წესრიგის“ უზრუნველყოფა და „პირველი რევოლუციური გარდაქმნების“ განხორციელება.
საქართველოს რევოლუციური კომიტეტის შემადგენლობაში შედიოდნენ: ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი, შალვა ელიავა, გიორგი ელისაბედაშვილი, საშა გეგეჭკორი, ამაიაკ ნაზარეტიანი და ბესარიონ კვირკველია.
1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს რევოლუციური კომიტეტმა ხელში აიღო ძალაუფლება თბილისში და შეუდგა ბოლშევიკური ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების შექმნას. 8 მარტის სხდომაზე აირჩიეს მისი პრეზიდიუმი ფილიპე მახარაძის თავმჯდომარეობით. პრეზიდიუმმა პრინციპილად მოიწონა საგუბერნიო, სამაზრო, საქალაქო, სათემო და სასოფლო რევკომების სისტემა, რომელთაც საქართველოს ხელისუფლების მიერ ევაკუირებულ ადგილებზე ქმნიდნენ ბოლშევიკები და პარტიული ორგანოები დანიშვნის წესით. საქართველოს რევოლუციური კომიტეტმა გაუქმებული სამინისტროების ნაცვლად შექმნა სახელმწიფო მმართველობის ახალი ორგანოები — სახალხო კომისარიატები და სახალხო კომისართა საბჭო. 11 მარტს საქართველოს არმია და სახალხო გვარდია დაშლილად გამოაცხადა და წითელი არმიის ქართული ნაწილების შექმნას შეუდგა. 24 მარტს დაითხოვა საქართველოს დამფუძნებელი კრება, 22 მარტის დეკრეტით საფუძველი ჩაუყარა სასამართლოს გარდაქმნას; შექმნა მილიცია და საგანგებო კომისია ანტი-საბჭოთა მოძრაობასთან საბრძოლველად. სახალხო მეურნეობის მართვისთვის შექმნა სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭო, დაიწყო რესპუბლიკაში ეროვნული უმცირესობათა სახელმწიფოებრივი მოწყობა ავტონომიის ფორმით.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კაჭარავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 179-180.