ოსე გაბაშვილი
ოსე გაბაშვილი (დ. 19 მარტი, 1761 – გ. ?) — XVIII-XIX საუკუნეების ქართველი მწიგნობარი და კალიგრაფი. ზაქარია გაბაშვილის უმცროსი[1] ვაჟი და ბესიკის ძმა. სიცოცხლის ბოლო წლები რუსეთში გაატარა. 1822 გადაწერა საეკლესიო კრებული (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი, A-301). იყო მხედრული წერის საუკეთესო ოსტატი. ნამუშევრები: ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი, Q-233), სადღესასწაულოები 1792,1793,1794 წლებისა (იქვე, Q-624, 638, 639) და სხვა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოსე გაბაშვილი ქართული კალიგრაფიული ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. იგი განათლებული მწიგნობარი, კალიგრაფი, კრებულების შემდგენელი, ხელნაწერთა მომხატავი, მწერალი და ამასთან იმერეთის სტამბის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. ის არის მწიგნობარ გაბაშვილთა ოჯახის შესანიშნავი ტრადიციების საუკეთესო გამგრძელებელი, იგი მამისა და უფროსი ძმების კვალს გაჰყვა, გაბაშვილთა კალიგრაფიული სკოლის შესანიშნავი ტრადიციები კიდევ უფრო დახვეწა. ოსე არის ზაქარია გაბაშვილის უმცროსი ვაჟი. სამეცნიერო ლიტერატურაში ერთ ხანს უცნობი იყო მისი დაბადების თარიღი. ეს თარიღი დადგინდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული გაბაშვილთა საოჯახო ხელნაწერებისა (ვახტანგVI-ის კვინკლოსი) და (ხელნაწერი კრებული) მინაწერების საშუალებით. ამათგან პირველის გადამწერია იოსებ გაბაშვილი, მეორის შემდგენელ-დამწერია ოსე გაბაშვილი. ორივე ხელნაწერს ერთვის ქრონიკები გაბაშვილთა ოჯახის წევრთა შესახებ. ამ ცნობების მიხედვით, ოსეს დაბადების თარიღია 1761 წლის 19 მარტი. XVIII საუკუნის 80-იანი წლების შუა ხანებიდან მან არქიმანდრიტ ზაქარია გურგენიძესთან ერთად დაიწყო იმერეთის მეფის კარზე მდივან-მწიგნობრობა. დავით II მეფობის პერიოდში ოსე ხშირად ასრულებდა სამეფო კარის მწიგნობრის ფუნქციებს. ის, როგორც მდივან-მწიგნობარი, ქვეყნის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის საქმის კურსში იყო. ზედმიწევნით ახლოს იცნობდა დავით მეფის მიერ რუსეთში გაგზავნილი ელჩობის ამოცანებსა და მიზნებს. როგორც ცნობილია, ელჩობის შემადგენლობაში შედიოდნენ მისი ბიძაშვილები სვიმონ და ანტონ გაბაშვილები, ხოლო ელჩობას ხელმძღვანელობდა ბესიკი – ოსეს ძმა. ის მდივან-მწიგნობრობას თავს ანებებს XVIII საუკუნის 80-იანი წლებისათვის და სასულიერო პირი ხდება. 1793 წელს აკურთხეს დიაკვნად: ოსეს ბიოგრაფიული ცნობების დასაზუსტებლად დიდი მნიშვნელობა აქვს მის ავტობიოგრაფიულ მოთხრობას „თავგადასავალი“. ნუსხურად დაწერილი ეს ნაწარმოები ბევრ საინტერესო დეტალს გვაცნობს გამოჩენილი კალიგრაფის ცხოვრებიდან. 1814-15 წლებში იგი გელათის მიტროპოლიტმა ეფთვიმემ აკურთხა წინამძღვრად. აქ ეწევა ინტენსიურ მწიგნობრულ მოღვაწეო���ას. ოსე დააპატიმრეს ყალბი საბუთის შედგენისათვის. ამის შემდგომ ის საკათალიკოსო კარის მდივან-მწიგნობარი ხდება, სადაც დაჰყო 1812 წლამდე. ჩვენამდე მოღწეულია ოსე გაბაშვილის მიერ გადაწერილი 52 ხელნაწერი, ასევე ისტორიული დოკუმენტები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 518.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 604.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 518.