დიდუბე
დიდუბე — თბილისის ერთ-ერთი უბანი, ქალაქის ტერიტორიული ნაწილი 1870-იანი წლებიდან. მდებარეობს მდინარე მტკვრის ნაპირის ჩრდილო-დასავლეთ მხარეზე, მოიცავს წერეთლის გამზირს და მის მიმდებარე ქუჩებს. წარმოდგა სახელწოდებიდან „დიდი დუბე“ ე. ი. დიდი ვაკე, დაცემული ადგილი. ამ მიდამოების უძველესი სახელწოდებაა „ცხენის ტერფი“ (V ს.).
ლოკალიზაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიდუბის საზღვრები სხვადასხვა დროს სხვადასხვაა. უძველესი წყაროებით ესაა ადგილი მტკვრის ჩრდილოეთით და ლოკალიზებული არაა. XIX საუკუნეში გერმანელთა ახალშენი, სოფელი ალექსანდერდორფი, იყო ახლანდელი სამტრედიის ქუჩის მიდამოებში და ესეც დიდუბედ ითვლებოდა. დაახლოებით ამავე პერიოდში ამ დიდ ტერიტორიაზე ყოფილა სოფელი დიდუბე. 1872 წელს თბილისი-ფოთის რკინიგზამ დიდუბე ორ ნაწილად გაჰყო. ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს ნაძალადევი (რუსულად ნახალოვკა) ეწოდა, ხოლო რკინიგზასა და მუშტაიდს შორის დარჩენილი ადგილი დარჩა დიდუბედ. დაახლოებით ამ უკანასკნელის საზღვრებში იყო მოქცეული დიდუბე XIX საუკუნის ბოლოსათვის[1].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიდუბის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ენეოლითის დასასრულისა და ადრინდელი ბრინჯაოს ხანის დასაწყისის (ძვ. წ. IV ათასწლეულის ბოლო) ნამოსახლარი, მტკვარ-არაქსის კულტურის ადრეული ძეგლი (გაითხარა 1930, ხელმძღვანელი გ. ნიორაძე). ნაპოვნია ხელით ნაძერწი, არათანაბრად გამომწვარი თიხის ჯამები, მაღალი ცილინდრულყელიანი ქოთნები, კოჭები, სამყურა ჭურჭელი, კერამიკა სადაა, მოვარდისფრო-ნაცრისფერზედაპირიანი, შემკულია მიძერწილი კოპებითა და შვერილებით. ნაპოვნია აგრეთვე ობსიდიანის ანატკეცები, ისრისპირი, დანისებრი იარაღი, ძვლის სადგისები, კვირისტავები და სხვა. მსგავსი მასალა აღმოჩენილია ბეშთაშენში, კიკეთში, კოდაში, სამშვილდეში. გათხრების შედეგად მოძიებული მდიდარი ინვენტარი ამტკიცებს, რომ აქ ცხოვრობდა თვითმყოფადი კულტურისა და ერთი მოდგმის მობინადრე მიწათმოქმედი და მესაქონლე მოსახლეობა, რომლის მეურნეობაში, როგორც ჩანს, დიდი ადგილილ ეკავა აგრეთვე მონადირეობას და მეტევზეობას, ...დიდუბის მოსახლეობას სცოდნია აგრეთვე სუფთად დართული ძაფით ქსოვა[2].
ადრეულ შუა საუკუნეებში (V ს.) ქართული წყაროების მიხედვით ამ ადგილის სახელწოდება ჩნდება „ცხენის ტერფი“[3]. ეს ტოპონიმიშემდეგში გვხვდება ვახუშტისთან:
„ტფილისის ჩრდილოთ არს მინდორი დიდუბისა, რომელსა პირველ ეწოდა „ცხენის ტერფი“[4]“
|
რაც შეეხება დიდუბეს ეს ტოპონიმი XI-XII საუკუნეების წყაროებში გაჩნდა და ნიშნავს დიდ უბეს, ანუ ვაკეს, დაბლობ ადგილს. იგი შემდეგში, გვიან საუკუნეებამდე საკუთარი სახელის მნიშვნელობით აღარ გვხვდება. სიგელ-გურჯებში იხსენიება მხოლოდ დუბედ (დაბალ ადგილად)[5].
ქართლის ცხოვრების თანახმად, დიდუბეში იყო მეფის საზაფხულო რეზიდენცია[6], სწორედ აქ 1188 წელს იქორწინა მეფეთა-მეფე თამარმა, დავით-სოსლან ჯადარონის ძე ბაგრატიონ ეფრემისძეზე[7]. XII საუკუნეში დიდუბე სამეფო დომენი იყო. აქ იდგა მეფის ერთ-ერთი სასახლე და კარის ეკლესია.
დიდუბის სამეფო სასახლის ადგილმდებარეობა დღეისათვის უცნობია. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა გაზეთ „ივერიაში“ 1888 წელს ��ამოქვეყნებული ერთი ცნობა.
დიდუბეში არაგვიდან გამოყვანილი იყო რუ, რომელიც წყალს აწვდიდა მეფის ხოდაბუნებსა და ზვრებს. შემდგომ საუკუნეებში დიდუბე გაუკაცრიელდა.
XVII საუკუნეში, ვახტანგ V-ის მეფობის დროს, დიდუბეში კვლავ გაჩნდა მოსახლეობა. ამავე პერიოდში აქ ავჭალიდან რუ გამოიყვანეს. XVII-XVIII საუკუნეებში იგი ქალაქპირა სოფელი იყო და თბილისს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას აწვდიდა. გერმანელი მეცნიერისა და მოგზაურის ი. ა. გიულდენშტედტის მიერ შედგენილ რუკაზე (1772) აღნიშნულია დიდუბის ციხე-გალავნის ნანგრევები. XIX საუკუნის დასაწყისში შედგენილი თბილისის გეგმის მიხედვით, დიდუბეში ორი სარწყავი არხი ყოფილა, ავჭალიდან გამოყვანილი რუ და მტკვრიდან გამოყვანილი ე. წ. „ბაღის არხი“.
1817-1818 წლებში რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე პირველის ფავორიტის ბარონესა კრუდნერის აქტიური მონაწილეობით და მფარველობით საქართველოში 500-ზე მეტი ვიუტებერგელი და ბადენელი ოჯახი ჩამოასახლეს. შეიქმნა გერმანელთა შვიდი ახალშენი. ნაწილი ამ მოახალშენეებისა დასახლდა თბილისის მაშინდელ განაპირა რაიონებში — კუკიაზე, დღევანდელი დავით აღმაშენებლის პროსპექტისა და მარჯანიშვილის ქუჩის მიდამოებში, ნაწილს კი დიდუბეში დაეთმოთ სახაზინო მიწები, სადაც შეიქმნა გერმანელთა კიდევ ერთი დასახლება, რომელსაც ალექსანდრე პირველის პატივსაცემად ალექსანდერდორფი ეწოდა.
1872 წელს თბილისი-ფოთის რკინიგზის გაყვანის გამო დიდუბის ტერიტორია ორად გაიყო. რკინიგზის მუშები უნებართვოდ სახლდებოდნენ რკინიგზის გადაღმა მდებარე დიდუბის მიწებზე, ამიტომ ამ ტერიტორიას ნაძალადევი (რუსულად ნახალოვკა) დაერქვა. 1905 წლის დეკემბრის შეიარაღებულმა აჯანყებამ დიდუბეშიც ჰპოვა გამოძახილი. 23 დეკემბერს მეფის ჯარი დიდუბეში შეიჭრა. მუშათა შეიარაღებულმა რაზმებმა მას წინააღმდეგობა გაუწიეს და უკან დაახევინეს. ჯარმა მთელ უბანს საარტილერიო ცეცხლი დაუშინა, რამაც არა ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
XX საუკუნის დასაწყისში გაზეთ „ივერიის“ ცნობით,
„დიდუბე წარმოადგენს ოთხკუთხ ალაგს ანუ საბაღოსნო სკოლის ადგილიდან ვიდრე დიდუბის ეკლესიამდე და შემდეგ კოლონიამდე. ეს ულ შეიცავს სამ ვერს სიგრძეს, სიგანეს კი დიდუბის ქუჩიდან, სადაც დიტრიხის ლუდხანია, ვიდრე რკინიგზის ლიანდაგამდე ერთ ვერსს. ეს კვადრატი იყოფა სამ ქუჩად: 1) მუშტაიდის გასასვლელი, განაპირა ადგილი მტკვრის მხრივ; 2) ელისაბედისა, რომელიც შუა ჰყოფს დიდუბეს; 3) ანდრეევისა, რკინიგზის ლიანდაგის მახლობლად[8].“
|
1867 და 1910 წლების ქალაქის გეგმის მიხედვით დიდუბის მთავარი გასასვლელი ქუჩა ელისაბედის სახელობისაა, რომელსაც საქართველოში საბჭოთა ხელისუფლლების დამყარების შემდეგ ეწოდა ბრძოლის ქუჩა, ხოლო ქალაქის საბჭოს 1958 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით — აკაკი წერეთლის სახელობის პროსპექტი.
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიდუბის გაშლილი ველები ოდითგანვე გამოიყენებოდა ცხენოსნობისათვის. XIX საუკუნეში აქ ხშირად იმართებოდა ჯირითი, სხვადასხვა აღლუმები. ერთ-ერთ ასეთ ზეიმს 1837 წელს დასწრებია იმპერატორი ნიკოლოზ პირველი. 1848 წელს დიდუბეში გაიმართა პირველი ოფიციალური შეჯიბრი დოღში, ხოლო 80-იან წლებში, ამ ადგილებში აშენდა იპოდრომი. ეს იპოდრომი მოწმე იყო 1910 წლის ნოემბერში ცნობილი რუსი მფრინავის ს. უტოჩკინის საჩვენებელი გაფრენისა მისი გასტროლების დროს. იგი აფრინდა ამ იპოდრომიდან, შემოუარა თბილისს და აქვე დაეშვა.
დიდუბის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა ღვთისმშობლის ეკლესია, რომლის ეზოში გამოჩენილ ქართველ საზოგადო მოღვაწეთა და მწერალთა პანთეონია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერიძე თ., ძველი თბილისის მიკროტოპონიმიკიდან (დიდუბე), „მნათობი“, 1971, № 8.
- ქორიძე დ., თბილისის არქეოლოგიური ძეგლები, ნაწ. 1, თბ., 1955.
- ბერიძე თ., ფხაკაძე გ., ქსე, ტ. 3, გვ. 543, თბ., 1978.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „ივერია“, 1898წ, №35
- ↑ დ. ქორიძე, „თბილისის არქეოლოგიური ძეგლები“, ნაწ. 1, 1955 წ. გვ. 75
- ↑ თ. ბერიძე, „...და აღმოსცენდა თბილისი“, 1977, გვ. 211
- ↑ „ქართლის ცხოვრება“ ტ. IV, 1973, გვ. 338.
- ↑ თ. ბერიძე, „...და აღმოსცენდა თბილისი“, 1977, გვ. 211-212
- ↑ „ქართლის ცხოვრება“ ტ. II, 1959, გვ. 122.
- ↑ ლოვარდ ტუხაშვილი, „ფარაონთა და ხალიფთა ტახტების მფლობელნი“, 1992, გვ. 68
- ↑ „ივერია“, 1903, №267
|