დიდი ზანავი
სოფელი | |
---|---|
დიდი ზანავი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
თემი | ზანავი |
კოორდინატები | 41°41′47″ ჩ. გ. 42°43′38″ ა. გ. / 41.69639° ჩ. გ. 42.72722° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1480 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 297[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
დიდი ზანავი[2] (ყოფ. ზანავი) — სოფელი საქართველოში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ადიგენის მუნიციპალიტეტში, ზანავის ტერიტორიული ერთეულის ცენტრი (სოფლები: გომარო, დიდი ზანავი, პატარა ზანავი, წრე).[1]
მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდ. ქვაბლიანის (ფოცხოვისწყლის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1480 მეტრზე. დაბა ადიგენიდან დაშორებულია 4 კილომეტრით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზანავი მდებარეობს ისტორიული სამცხის ქვაბლიანის თემში. სახელწოდება „ზანავი” (იგი სხვაგანაც გვხვდება) ასეთივე ფუძიან სახელებთან ერთად (ზანა, ზანათი, საზანო) ზანური ტომის ნაკვალევი უნდა იყოს. სამცხის ზანავი იხსენიება ბასილი ზარზმელის თხზულებაში „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება”, რომლის მიხედვით, ამ მხარის დიდი მთავრის — გიორგი ჩორჩანელის „ტაძარნი შენ იყვნეს სანახებსა ჩორჩანისა და ზანავისასა”. ამავე წყაროს ცნობით, გიორგი ჩორჩანელს მამა სერაპიონისთვის უთხოვია მონასტრის (“უდაბნო დიდი და მაღალი”) აშენება არა ზარზმას, არამედ “ადგილთა მას ზანავისათა” უფრო მარჯვე და დამამშვიდებელ გარემოში. სერაპიონის უარის მი��ხედავად, ზანავის ადგილებში მაინც აუგიათ მშვენიერი მონასტერი, რომლის პირველ აღმშენებლებად ბასილი ზარზმელი ასახელებს ამასპოსა და ქურდიას. გარდაცვალების შემდგომ იქვე დაუკრძალავთ გიორგი ჩორჩანელი, ხოლო მისი საფლავი მოუნახულებია და უკურთხებია სერაპიონ ზარზმელს.
ოსმალეთის მიერ სამცხის დაპყრობის შემდეგ, „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის” (1595) მიხედვით, ზანავი ახალციხის ლივის უდის ნაჰიეში შედიოდა. მაშინ იქ ორი სოფელი ყოფილა: ზემო ზანავი ეკლესიითურთ და შუა ზანავი, ანუ წინზანავი. ორივე სოფელში 24 კომლი ცხოვრობდა (გრიგოლ ჯალიასძე, მახარებელ გრიგოლისძე, მახარებელ ხიზანასძე, გოგიჩა მიქელისძე, თაბუკა ივანესძე, ვარძელა გიორგისძე, დემეტრე კავალასძე, იოსებ იასასძე, მიქელ ამირინდოსძე, ტატუნა მიქელისძე და სხვ.). მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, მუხუდო, ოსპი, ცერცვი, სელის თესლი (ზეთისთვის), ბოსტნეული, ჰყოლიათ ცხვარი, ღორი და ფუტკარი, ჰქონდათ ხილი, კაკალი და იხდიდნენ გადასახადს 8 000 ახჩის ოდენობით.
1829 ზანავი სამცხესთან ერთად რუსეთის იმპერიაში შევიდა. 1944 წელს ამ სოფლის მაჰმადიანი მოსახლეობა შუა აზიაში გადაასახლეს და აქ გადმოიყვანეს იმერლები და აჭარლები.
სოფლის მიდამოებში შემორჩენილია ყოველი მხრიდან ციცაბო კლდეზე აღმართული შუა საუკუნეების ციხე. ისტორიული სოფლის უდიდესი ნაწილი ციხის აღმოსავლეთითაა, ღელის გადაღმა. იქ ძველ ნაეკლესიარზე ახალი ჯამეა აშენებული (1927). ძველი ეკლესიიდან გადარჩენილია ნახევარსვეტთა პროფილიანი და ღარიანი კაპიტელები, ბრტყელ ქვაზე გამოსახულია ჯვარი რომელიც ორლილვიან ჩარჩოში ზის.
დიდი ზანავის ჩრდილოეთით, დაახლ. 2 კმ-ზე, ზანავის ხევის სათავეებში (ძველი ზემო ზანავი), ტყით გარემოცულ მინდორში მოზრდილი დარბაზული ეკლესიის ნაშთია, რომელიც, სავარაუდოდ, ბასილი ზარზმელის თხზულებაში მოხსენიებული მონასტერი უნდა იყოს.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 297 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 332 | 161 | 171 |
2014[1] | 297 | 148 | 149 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერძენიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 305-306.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მუნიციპალიტეტების რეესტრი
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.