დვალები (ტომი)
დვალები — ტომი ძველ საქართველოში, სახლობდნენ ცენტრალური კავკასიონის მაღალმთიან ზოლში — დარიალის ხეობასა და მამისონის უღელტეხილს შორის — ისტორიულ დვალეთში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დვალები სავარაუდოდ პირველად ახ. წ. I-II საუკუნეების ანტიკურ წყაროებში (პლინიუს უფროსი, პტოლემე) არიან მოხსენიებული თალის, ვალის, უალის სახელწოდებებით. ქართულ წყაროებში დვალებით დასახლებული „ქვეყანა" — დვალეთი — პირველად ნახსენებია III საუკუნის შუა ხანებში მეფე ამაზასპის დროის ამბებთან დაკავშირებით. თამარის ისტორიკოსი ფხოველთა და დიდოელთა აჯანყების ამბების თხრობისას დვალებს „ყოველთა მთეულთა“ შორის მოიხსენიებს ცხრაზმელთა, მოხევეთა, ხადელთა, ცხავატელთა, ჭართალთა და ერწოთიანელთა გვერდით.
დვალები ძირითადად კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთით მკვიდრობდნენ. არაუადრეს X–XI საუკუნეებისა დვალები ასევე განსახლდნენ დიდი ლიახვის ხეობის უკიდურეს ზემო წელში, რომელსაც მაღრან-დვალეთი ეწოდებოდა. XIV საუკუნიდან დვალები სპორადულად იყვნენ განსახლებული დიდი ლიახვის ხეობის მაღრან-დვალეთთან მოსაზღვრე რამდენიმე მთის სოფელსა და თერგის ხეობის სათავეში — თრუსოში.
XV საუკუნის დასასრულიდან დვალები თანდათან ჩრდილოეთიდან შეავიწროვეს ალან-ოსურმა ტომებმა. დვალების ნაწილი, ჩანს, საქართველოს სხვა რეგიონებში (რაჭა, ზემო იმერეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე) გადასახლდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეერწყა, დარჩენილი ნაწილი კი, დროთა განმავლობაში, ოსურ გარემოში ასიმილირდა, ხოლო ისტორიულ დვალეთში გაბატონებულმა ოსურმა ეთნიკურმა ერთეულმა დვალების (თუალაგ) სახელწოდება მიიღო. XVIII საუკუნის ქართველი სწავლული ვახუშტი ბატონიშვილი ოსების აღწერისას გადმოგვცემს, რომ „ენა აქუთ ძუელი, დუალური, და აწ უბნობენ ოსურსა საკუთრად“.
ეთნიკურ-ენობრივი კუთვნილება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეცნიერებაში დვალების ეთნიკური წარმომავლობის შესახებ სხვადასხვა შეხედულება არსებობს. ოსი მეცნიერები (ვ. აბაევი, გ. თოგოშვილი) დვალებს მიიჩნევენ ირანულენოვან, ალან-ოსების მონათესავე ტომად. ეს მოსაზრება საფუძვლიანად პირველად დ. გვრიტიშვილმა უარყო. ასევე უარყოფდა ამ შეხედულებას რუსი ეთნოგრაფი ნ. ვოლკოვა. მან დვალები ერთ-ერთ „იბერიულ-კავკასიურ“ ტომად წარმოადგინა. დვალების შესახებ ფუნდამენტურ გამოკვლევაში ვ. გამრეკელმა ისინი დაუკავშირა ნახურ (ინგუშურ-ჩაჩნურ) სამყაროს, რომლებიც ადრეფეოდალურ ეპოქიდანვე გაქართებული იყვნენ, თუმცა შემდგომ მან ეს შეხედულება უარყო და დვალთა ენა ქართველურ (ზანურ) ენას დაუკავშირა.
მეცნიერებაში არის შეხედულება დვალების სვანური წარმომავლობის შესახებაც. შესაძლოა დვალები ზანებსა და სვანებს შორის მდგომი ქართული ტომი იყო და ლაპარაკობდნენ ერთ-ერთ დამოუკიდებელ (აწ გადაშენებულ) ქართველურ ენაზე, რომელსაც ყველაზე მეტი საერთო ზანურ��ან ჰქონდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გვრიტიშვილი დ., დვალთა ვინაობისა და ოსთა ჩამოსახლების საკითხისატვის, წგნ.: ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XIII-XIV სს), თბ., 1962.
- Гамрекели В. Н., Двалы в Двалетия в I-XV вв. н. э., Тб., 1961.
- Техов Б. В., Очерки древней истории и археологии Юго-Осетии, Тб., 1971.
- გამრეკელი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 490.
- თოფჩიშვილი რ., საქართველოში ოსთა ჩამოსახლებისა და შიდა ქართლის ეთნოისტორიის საკითხები, თბ., 1997.
- თოფჩიშვილი რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|