შინაარსზე გადასვლა

დარბაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „დარბაზი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დარბაზი (მრავალმნიშვნელოვანი).

დარბაზი (სპარს. დარვაზე — კარი, ალაყაფის კარი, სასახლის კარი), მეფესთან არსებული ფეოდალების სათათბირო ორგანო XI-XVIII სს. საქართველოში.

ი. ჯავახიშვილის თვალსაზრისით, დარბაზი ეწოდებოდა როგორც სამეფო სასახლეს, ისე სამეფო საბჭოს, დარბაზის წევრებს — „დარბაზის ერნი“, დარბაზის სხდომას — „დარბაზობა“ (მაგ., 1490 წლის თბილისის დარბაზობა).

დარბაზობა ორნაირი იყო: „უმცროსითა წესითა“ და „დიდის წესითა“. დარბაზობა „უმცროსითა წესითა“ დარბაზის საქმიანი სხდომა იყო, რომელიც მხოლოდ „დარბაზის ერნი“ ესწრებოდნენ. „დიდი დარბაზობა“ იყო დარბაზის საზეიმო სხდომა, რომელსაც „დარბაზის ერთა“ გარდა, მრავალრიცხოვანი ხელშინაური მოხელეები და „დარბაზის ყმანი“ ესწრებოდნენ. ასეთ დარბაზობაზე ისეთი საქმეები ირჩეოდა, რომელთა შესახებ საჯაროდ მსჯელობა უხერხული და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით სახიფათო არ იყო. დარბაზობას ჰქონდა თავისი დადგენილი წესი — „დარბაზობის წესი“. დარბაზობის გამართვის ბრძანებას მეფე გასცემდა. მეფე განსაზღვრავდა, თუ როგორი წესით უნდა გამართულიყო ის, მეფევე თავმჯდომარეობდა სხდომებს. როდესაც მეფეს ესტუმრებოდა სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი, ამას „დარბაზობად მოსვლა“ ერქვა. მას წინ უძღოდა „თხოვა დარბაზობისაჲ“ ე. ი. აუდიენციის თხოვნა. თუ მეფე თვით დაპატიჟებდა სხვა სახელმწიფოს მეთაურს, ამას „დარბაზობად მოყვანა“ ეწოდებოდა. მტკიცედ იყო განსაზღვრული დარბაზის წევრთა ჯდომის წესი, თუმცა ის სხვადასვხა ეპოქაში იცვლებოდა: ბაგრატ IV-ის დროს დარბაზის წევრები მეფის პირდაპირ სხდებოდნენ, თამარ მეფის დროს ეს წესი შეუცვლიათ და დარბაზის წევრები მეფის ორივე მხრივ დაუსვამთ. რაც უფრო საპატიო იყო დარბაზის წევრი, მით უფრო ახლოს იჯდა ის მეფესთან. სკამებიც განსვავებული იყო; ყველაზე საპატიო პირებს — ვაზირებსა და ერისთავთ-ერისთავებს ჰქონდათ ოროჭედილი სელები (სავარძლები), რომლებზეც გადაფენილი იყო ნატი და სასთაული, ე. ი. ხალიჩა და ბალიში. ნაკლებად საპატიო წევრებს სკამზე ედოთ მხოლოდ ნატი, უბალიშოდ, ხოლო კიდევ უფრო დაბალი რანგის პირების სკამები უნატო და უბალიშო იყო. დარბაზობის მონაწილეთა ნაწილი ფეხზე იდგა. ისინი დარბაზის წევრები არ იყვნენ, არამედ, დარბაზობის საჭირო წესრიგის, ცერემონიალის დამცველი ან საქმის წარმოებისათვის აუცილებელი მოხელეები (მაგ., მწიგნობარნი). ფეხზე მდგომ მოხელეებსაც დარბაზობის დროს თითოეულს თავისი ადგილი ჰქონდა მიჩენილი „წესისაებრ სიახლოისა“ (სამეფო ტახტთან). დარბაზის ყოველი წევრის დაწინაურებას მისთვის კუთვნილი დასაჯდომი ადგილის შეცვლაც მოსდევდა. ამისათვის საჭირო იყო აჯა უკეთესი (მაგ., სასთაულით დასაჯდომი) ადგილის ბოძების შესახებ. დარვაზი იკრიბებოდა როგორც მნიშვნელოვანი სახელმწიფო საქმეების განსახილველად და გადასაწყვეტად, ისე დღესასწაულ-ზეიმისათვისაც. დარბაზის განსაგებელი იყო: კანონმდებლობა და უზენაესი მართლმსაჯულება, ომის გამოცხადების, დიდ ხელისუფალთა არჩევა-დანიშვნის, ამ ხელისუფალთა „დალოცვა-ჴელდასხმის“ საკითხი და სხვა.

ნ. ბერძენიშვილის აზრით, დარბაზის როლი სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი იყო: დავით აღმაშენებლის დროს დარბაზი მეფის მორჩილი იყო, გიორგი II-ის დროს კი მეფე იყო დარბაზის მორჩილი. მისივე აზრით, დავით აღმაშენებლის დროიდან დარბაზს დაუპირისპირდა სავაზირო, რომელიც უფრო პროგრესული დაწესებულება იყო, რადგან ხელს უწყობდა ქვეყნის ცენტრალიზაციას, მისი მმართველობის მოწყობას ცენტრალური, საუწყებო პრინციპით; დარბაზი კი ერისთავთა, ადგილობრივ გამგებელ მოხელეთა დაწესებულება იყო. მეფე ცდილობდა სავაზიროს გზით „მოუხეშავი დარბაზის, ამ ნახევარ-ხელმწიფეთა კრებულის დამორჩილებას“. ამ მიზნით სამეფო ხელისუფლებამ XII საუკუნის მიწურულს ვაზირს ერისთავთ-ერისთავობა შეუთავსა. ეს იყო პირველი კონსტიტუციური ხასიათის შეტევა ერისთავებისა და დარბაზის წინააღმდეგ.

ი. ჯავახიშვილის აზრით, რომელსაც სხვა მკვლევრებიც იზიარებენ, თამარის მეფოფაში ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლას მოჰყვა დარბაზის უფლებათა გაფართოება და სახელმწიფო მმართველობაში „ერთნებობა-თანადგომის“ (ე. ი. მეფის მიერ დიდებულებთან ერთად სახელმწიფოს განგების) პრინციპის დაკანონება. შ. მესხიას აზრით, ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა მიზნად ისახავდა ახალი ტიპის დარბაზის დაარსებას, რომელიც დაიცავდა არა მარტო დიდგვარიან ფეოდალთა, არამედ — მესამე წოდების (დიდვაჭართა, მოქალაქეთა ზედა ფენის) ინტერესებსაც. ეს გამოსვლა მარცხით დამთავრდა, მაგრამ მას მაინც ჰქონდა გარკვეული შედეგი: დარბაზის შემადგენლობაში შევიდნენ დიდვაჭართა, მოქალაქეთა ზედა ფენის წარმომადგენლები.

დარბაზის შესახებ არსებობს განსხვავები თვალსაზრისიც (ნ. შოშიაშვილი), რომლის მიხედვით, დარბაზი არ წარმოადგენდა სახელმწიფო ორგანოს თავისი მუდმივი შემადგენლობით და სამუშაო წესდებით, არამედ ეწოდებოდა მეფის სასახლეს და სამეფო კარზე არსებულ სახელმწიფო დაწესებულებათა (საჭურჭლე, სააჯო კარი, სამწიგნობრო და სხვა) ერთობლიობას.

  • ვიქსიკონის ლოგო ვიქსიკონში განმარტებულია სიტყვა: დარბაზი
  • ანთელავა ი., „დარბაზი“ XI-XIII საუკუნეთა საქართველოში, „მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია“, 1976, № 4;
  • ბერძენიშვილი ნ., საქართველო XI-XVIII საუკუნეებში, მის წგნ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 6 თბ., 1973;
  • დოლიძე ი., გიორგი ბრწყინვალის სამართალი, თბ., 1957;
  • კიკვიძე ა., ქართული სახელმწიფო დარბაზი და მისი ადგილი „ვეფხისტყაოსანში“, კრ: XII საუკუნის საქართველოს ისტორიის საკითხები, თბ., 1968 (თსუ შრომები, ტ. 125);
  • მესხია შ., საქალაქო კომუნა შუა საუკუ��ების თბილისში, თბ., 1962;
  • სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 2, ტფ. 1929