შინაარსზე გადასვლა

დათო ლორთქიფანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „დავით ლორთქიფანიძე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დავით ლორთქიფანიძე (მრავალმნიშვნელოვანი).
დათო ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი 10 ნოემბერი, 1963 (1963-11-10) (61 წლის)
დაბადების ადგილი სალხინო, ვანის რაიონი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია ქართული ოცნება
მეუღლე/ები ეკატერინე ამაღლობელი
შვილ(ებ)ი ლუკა, საბა

დათო ლორთქიფანიძე (დ. 10 ნოემბერი, 1963, სალხინო, ვანის რაიონი) — ქართველი ეკონომისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი. 2000-2004 წლებში ეროვნული ზარაფხანის გენერალური დირექტორი.

დათო ლორთქიფანიძე 1963 წლის 10 ნოემბერს დაიბადა ვანის რაიონის სოფელ სალხინოში. სკოლის დამთავრების პარალელურად, 1980-1981 წლებში მუშაობდა მუშად ვანის ნებაყოფილობით სახანძრო საბჭოში. 1981 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე და 1986 წელს დაასრულა სპეციალობით — მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ეკონომიკა და დაგეგმვა.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 1986-1989 წლებში მუშაობდა შრომის სახალხო კომიტეტის რწმუნებულად ვანისა და მაიაკოვსკის რაიონებში, ვანის რაისაბჭოს აღმასკომში. 1989 წელს დაინიშნა ვანის რაისაბჭოს აღმასკომის შრომისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სამსახურს ორჯერ შეეცვალა სახელი 1991 წელს ვანის პრეფექტურის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის განყოფილება, 1992 წელს კი ვანის გამგეობის სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის განყოფილება ეწოდებოდა.

1993 წელს დაინიშნა ვანის რაიონის გამგებლის პირველ მოადგილედ, ერთი წლის შემდეგ კი — საქართველოს მოქალაქეთა კავშირის რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტორად. რის შემდეგაც 1995 წელს დაინიშნა პარლამენტის „მწვანეთა“ ფრაქციის წამყვან სპეციალისტად, 1996 წელს კი ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირის“ აპარატის უფროსად. 1997 წელს სამუშაოდ ისევ ვანის რაიონის გამგებლის პირველ მოადგილედ დაბრუნდა. 1999 წელს დაინიშნა ფინანსთა სამინისტროს ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტთან მუშაობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ.

2000 წელს დაინიშნა ეროვნული ზარაფხანის გენერალური დირექტორად, მისი მმართველობის პერიოდში საწარმომ შეძლო და ჩამოწერილი სახელმწიფო ობიექტიდან მოწინავე სახელმწიფო ორგანიზაციად გადაიქცა და ნამდვილი ბრენდი გახდა ქართულ ბ��ზარზე. ლორთქიფანიძემ საქართველოსთვის მანამდე უპრეცედენტო პიარ-კამპანია წამოიწყო და სატელევიზიო, თუ სხვა ტიპის გასართობი შოუებში საწარმოს აქტიურ პოპულარიზაციას მიჰყო ხელი. ამ ყველაფერთან ერთად, არსებული ინფრასტრუქტურის და მუშახელის ეფექტიანი გამოყენება დაიწყო და ზარაფხანა საკმაოდ წელგამართულ სახელმწიფო ორგანიზაციად იქცა. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ, კონკრეტულად კი მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა კახა ბენდუქიძემ საწარმო საპრივატიზაციო სიაში შეიყვანა, რისი აქტიური წინააღმდეგიც იყო საწარმოს დირექტორი. საქმე ღია დაპირისპირებამდე მივიდა და დათო ლორთქიფანიძის განთავისუფლებით დასრულდა, დროებით გენერალურ დირექტორად ოთარ სირაძე დაინიშნა, რომელმაც თანხმობა განაცხადა საწარმოს პრივატიზაციაზე და ზარაფხანა კობა ნაყოფიაზე განსხვისდა.

2004 წლიდან, ზარაფხანის დირექტორობიდან განთავისუფლების შემდეგ ჩაერთო ოპოზიციურ მოძრაობაში, იყო ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრი. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭი იყარა ვანის ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად, თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრ ბეჟან ხურციძესთან დამარცხდა. 2009-2012 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქდმ-ს“ აპარატის უფროსი.[1]

2012 წელს ლორთქიფანიძემ სკანდალურად დატოვა პარტია და ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ ახლახან დაარსებულ პოლიტიკურ პარტიას, ქართული ოცნებას შეუერთდა.[2] 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“ და აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]