გრიგოლ წერეთელი
გრიგოლ წერეთელი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 12 (24) მარტი, 1870 ან 1870[1] [2] |
დაბ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი[3] |
გარდ. თარიღი | 12 სექტემბერი, 1938, 1939[2] ან 1938[1] |
გარდ. ადგილი | თბილისი[3] |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
საქმიანობა | papyrologist, კლასიკური ფილოლოგი[1] და უნივერსიტეტის პროფესორი[1] |
მუშაობის ადგილი | სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, ტარტუს უნივერსიტეტი, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი |
განთქმული მოსწავლეები | ოტო კრიუგერი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთელი (დ. 12/25 მარტი, 1870, პეტერბურგი — გ. 20 სექტემბერი, 1939, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი, პროფესორი, ელინისტი, პაპიროლოგიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, კლასიკური ფილოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დამაარსებელი, რუსეთის მეცნიერებათა საიმპერატორო აკადემიის (ამჟამად რუსეთის მეცნიერებათა აკადემია) წევრ-კორესპონდენტი (1917), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1914), პროფესორი (1905).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1870 წელს სანქტ-პეტერბურგში. მამამისი, თავადი ფილიმონ წერეთელი განთქმული იურისტი და ქველმოქმედი იყო, ხოლო დედა — ანა ლუჩაკი ცნობილი ფილოლოგი იყო.[4]
სწავლობდა პეტერბურგის კლასიკურ გიმნაზიაში, რომელიც 1888 წელს დაამთავრა. 1893 წელს დაამთავრა სანქტ–პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1893–1897 წლებში იგი ასწავლიდა სანქტ–პეტერბურგის არქეოლოგიურ ინსტიტუტში, 1897–1902 წლებში იყო ბერლინის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, 1897 წლიდან იგი მუშაობდა მიუნხენის, ვენის, პარიზის, ლონდონის, რომის, ფლორენციის, ვენეციის, ნეაპოლის მუზეუმებში, ათენის მონასტრების წიგნთსაცავებში. 1902 წელს დაბრუნდა პეტერბურგში და 1905 წლამდე იყო წლებში სანქტ–პეტერბურგის უნივერსიტეტის დოცენტი. 1905 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი კლასიკურ ფილოლოგიაში. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე „მენანდრეს ახალი კომედიები“, მცირე ხანში იგი აირჩიეს ამავე უნივერსიტეტის პროფესორად.
1905–1914 წლებში წერეთელი ტარტუს (იმხანად დერპტის) უნივერსიტეტის (ესტონეთი) ექსტრაორდინარული პროფესორი და კათედრის გამგეა. 1914 წელს მიიღო ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1914–1920 წლებში იყო სანქტ–პეტერბურგის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის პროფესორი და ხელმძღვანელი.[4] 1917 წელს წერეთელი აირჩიეს რუსეთის მეცნიერებათა საიმპერატორო აკადემიის წევრ–კორესპონდენტად. 1918–1920 წლებში ბერლინის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი. არჩეული იყო გერმანიის პაპიროლოგთა სამეცნიერო საზოგადოებისა (1918) და ბერლინის არქეოლოგიის ინსტიტუტის (1927) საპატიო წევრად.
მიუხედავად წარმატებული კარიერისა, ის დათანხმდა ივანე ჯავახიშვილის წინადადებას და ჩავიდა სამუშაოდ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. 1920 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგე და პროფესორი. 1923–1931 წლებში ასევე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დამაარსებელი და დირექტორი. აქვე მუშაობდა მისი მეუღღლე, სოფიო მაქსიმოვა. ბიბლიოთეკა დღეს მის სახელს ატარებს. იყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ კონსულტანტი და ხელნაწერთა განყოფილების თანამშრომელი. 1924 წლის ივნისში გრიგოლ წერეთელი ნეაპოლის უნივერსიტეტის 700 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მიიწვიეს. გარდა ამისა, თბილისის უნივერსიტეტის მივლინებით ევროპის სხვა ქვეყნებშიც ჩადიოდა იქაურ ცენტრებთან კავშირების დასამყარებლად.
გრიგოლ წერეთელი იყო პაპიროლოგიის, კლასიკური ფილოლოგიისა და ძველი ბერძნული ლიტერატურის ისტორიის დარგებში გამოქვეყნებული 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის რამდენიმე ფუნდამენტური მონოგრაფიის ავტორი.
რეპრესიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1931 წელს გრიგოლ წერეთელი დააპატიმრეს და გაათავისუფლეს რამდენიმე თვეში. 1938 წლის 24 მაისს იგი კვლავ დააპატიმრეს. ამიერკავკასიის ოლქის სამხედრო ტრიბუნალმა მუხლებით 58-10 (პროპაგანდა ან აგიტაცია, საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდება) და 58-11 (ორგანიზებული მოქმედება ხელისუფლების დასამხობად) წერეთელს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გრიგოლ წერეთელი თბილისის ციხეში, 1939 წლის 20 სექტემბერს გარდაიცვალა.[5] სსრკ უზენაესი სასამართლოს 1957 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით, გრიგოლ წერეთლის საქმე შეწყდა დანაშაულის არარსებობის გამო და იგი რეაბილიტირდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 962, ISBN 99928-20-32-2.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 306.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გრიგოლ წერეთელი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გრიგოლ წერეთელი — ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონი
- გრიგოლ წერეთელი და მისი ოჯახი დაარქივებული 2023-06-22 საიტზე Wayback Machine. — Naec.ge
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Czech National Authority Database
- ↑ 2.0 2.1 ЦЕРЕТЕЛИ, Григорий Филимонович // Люди и судьбы. Биобиблиографический словарь востоковедов - жертв политического террора в советский период (1917-1991) — СПб: Петербургское Востоковедение, 2013. — 496 с. — (Социальная история отечественной науки о Востоке) — ISBN 978-5-85803-225-0
- ↑ 3.0 3.1 Deutsche Nationalbibliothek Record #116480246 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 4.0 4.1 თეა დულარიძე. (2017) გრიგოლ წერეთელი და მისი ოჯახი გვ. 41-49. „Naec.ge“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-06-22. ციტირების თარიღი: 28 ნოემბერი, 2018.
- ↑ წერეთელი გრიგოლ ფილიმონის ძე (1870). ge.openlist.wiki. ციტირების თარიღი: 28 ნოემბერი,2018.
- დაბადებული 24 მარტი
- დაბადებული 1870
- სანქტ-პეტერბურგში დაბადებულები
- გარდაცვლილი 12 სექტემბერი
- გარდაცვლილი 1938
- გარდაცვლილი 1939
- თბილისში გარდაცვლილები
- საბჭოთა კავშირის რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში
- ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორები
- ქართველი ფილოლოგები
- სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტები
- წერეთლები