შინაარსზე გადასვლა

არაგვის საერისთავო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არაგვის საერისთავო
საერისთავო
1335–1743
{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
არაგვის საერისთავო XVIII საუკუნეში
დედაქალაქი არ არის მითითებული
ენები ქართული
რელიგია მართლმადიდებლობა
მთავრობა მონარქია
ისტორიული ერა შუა საუკუნეები
 -  შეიქმნა 1335
 -  გაუქმდა 1743
დღეს ამ ტერიტორიაზე საქართველო

არაგვის საერისთავო — ფეოდალური საქართველოს სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული 1335-1743 წლებში, რომელსაც მართავდა მეფის მიერ დანიშნული მოხელე-ერისთავი (ზოგი წყაროებით ერისთავთერისთავი). მდებარეობდა არაგვის ხეობასა და თერგის სათავეებში (თემები - ხევი, თრუსოს ხეობა, ხადა, გარეშემო, მრევლი, ცხავატი, გუდამაყარი, ხანდო, ჭართალეთი და ე. წ. არაგვის ბარის ზოლი სოფ. მისაქციელიდან ანანურამდე). მოსახლეობა დაახლოებით 3300 კომლი (1770).

წყაროებით ცნობილი პირველი ერისთავები იყვნენ შაბურისძენი (XIII საუკუნიდან), რომელნიც მემკვიდრეობით ფლობდნენ ამ სახელოს. დაახლოებით XV საუკუნის შუა ხანებიდან არაგვის საერისთავო ფაქტობრივად ერისთავების მამულად, ანუ სათავადოდ იქცა. XVI საუკუნეში ვანათელმა აზნაურმა (პატარა ლიახვის ხეობიდან) ქსნის ერისთავთა დახმარებით ამოწყვიტა არაგვის ერისთავები და თვითონ დაეპატრონა საერისთავოს. ამიერიდან არაგვის საერისთავოს ერისთავად მისი მემკვიდრეები ინიშნებოდნენ. არაგვის ერისთავის რეზიდენცია იყო დუშეთი და სიონი, მთავარი ციხე - ანანური, საძვალე და საგვარეულო მონასტერი - ბოდორნა. XV საუკუნამდე ერისთავს ქვეყნის მართვაში ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნული მოხელეები (გამგებელი, ხევისთავი, ციხისთავი, მამასახლისი და სხვა) ეხმარებოდნენ, შემდეგ კი სახლთუხუცესი, მოურავი, ნაცვალი, მამასახლისი და სხვა.

არაგვის საერისთავოს ბარში სოფლის მეურნეობის დარგებიდან წამყვანი იყო მარცვლეული კულტურები და მებაღეობა, მევენახეობა, მთაში (ანანურიდან დარიალამდე) კი - მე��ხოველეობა, განსაკუთრებით მეცხვარეობა (უდუმო, კუდიანი ცხვარი). შინამრეწველობის დარგებიდან განვითარებული იყო ყველის კეთება, შალის ქსოვა, ტყაპუჭის დამზადება და სხვა. ვაჭრობა-მრეწველობა სუსტად იყო განვითარებული. მცირე სავაჭრო-სახელოსნო ცენტრები იყო დუშეთი, ანანური, ჟინვანი. არაგვის საერისთავოზე გადიოდა საქართველოს ჩრდილოეთ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა (მერმინდელი საქართველოს სამხედრო გზა).

არაგვის საერისთავო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მუდამ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, განსაკუთრებით გაძლიერდა XVII საუკუნეში, როდესაც ნუგზარ, ზურაბ და ზაალ ერისთავები თავგამოდებით იბრძოდნენ, ერთი მხრივ, სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად და, მეორე მხრივ, ფშავ-ხევსურეთისა და ერწო-თიანეთის დასაპყრობლად და დასაბეგრავად. ჯერ ზურაბმა (XVII საუკუნის 20-იან წლებში) და შემდეგ ზაალმა (50-იან წლებში) დროებით დაიპყრეს კიდეც ერწო-თიანეთი. ამ ბრძოლებმა დიდი მსხვერპლი შეიწირა ორივე მხრიდან, მაგრამ საბოლოოდ ერისთავები მაინც ვერ ეწივნენ საწადელს. 1743 წელს აჯანყებულმა არაგველებმა (არაგვის საერისთავოს გლეხთა აჯანყება) მოკლეს ბეჟან არაგვის ერისთავი და არაგვის საერისთავო კახეთის მეფეს თეიმურაზ II-ს გადასცეს. მან არაგვის საერისთავო სამეფო მამულად გამოაცხადა და ერეკლე II-ის ვაჟს, ვახტანგ ბატონიშვილს, საუფლიწულოდ მისცა. ბატონიშვილის სახელით არაგვის საერისთავოს ჯიმშერ ჩოლოყაშვილი განაგებდა (1743-1756). ერისთავის გადარჩენილი შვილები ცოტა უფრო გვიან ერეკლე II-მ კახეთში გადაასახლა და იქ მისცა მცირე მამული. ვახტანგ ბატონიშვილის გარდაცვალების (1756) შემდეგ არაგვის საერისთავო ლევან ბატონიშვილის, ხოლო ამ უკანასკნელის გარდაცვალების (1781) შემდეგ კი ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილის საუფლისწულო იყო. 1803 წელს ვახტანგი რუსეთში გადაასახლეს. არაგვის საერისთავო კი ანანურის მაზრის უფროსს დაუქვემდებარეს.

არაგვის ერისთავები XVI-XVIII სს

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. მიხაი (შაბურიძე) — 1380
  2. შანშე I (შაბურიძე) — 1430
  3. ნუგზარ I (შაბურიძე) — 1440
  4. ვამეყ I (შაბურიძე) — 1465-1474
  5. იასონ I (სიდამონი) — 1558-1580
  6. ავთანდილ I (სიდამონი) — 1580-1600:
  7. ნუგზარი — 1580-1618
  8. ბაადური — 1618-1619
  9. ზურაბი — 1619-1630
  10. დათუნა — 1630-1634
  11. ზაალი — 1634-1660
  12. ოთარ I — 1660-1667
  13. რევაზ I — 1667-1677
  14. იასონი — 1677-1687
  15. გიორგი — 1687-1696 და 1703-1723
  16. ბაინდური — 1696-1703
  17. ოთარ II — 1723-1727
  18. თეიმურაზი — 1727-1731
  19. რევაზ II — 1731წ. ორი თვე
  20. პაპუა — 1731-1732
  21. ბარძიმი — 1732-1737
  22. უთრუღი — 1737-1739
  23. ბეჟანი — 1739-1743