ანტონ კათალიკოსის ქუჩა
ანტონ კათალიკოსის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | კრწანისის რაიონი |
წინა სახელები | ლილახანა, სამღებრო რიგი, გერმანელების ქუჩა, აკიმოვის ქუჩა, იოსებ ივანიძის ქუჩა |
ანტონ კათალიკოსის ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (კალა). გია აბესაძის ქუჩიდან ერეკლე II-ის მოედნამდე. ქუჩა ადრეულ ხანაში წარმოიქმნა. თავდაპირველად ქუჩის მონაკვეთს ახლანდელი ერეკლე II-ის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩამდე ერქვა ლილახანა, სამღებრო რიგი, რადგან აქ იყო სამღებრო სახელოსნოები. აღნიშნულია ალექსანდრე პიშჩევიჩის მიერ შედგენილ თბილისის 1785 წლის გეგმაზე. 1817–1820 წლებში აქ დასახლდნენ გერმანელი კოლონისტები და სამღებრო რიგს ეწოდა გერმანელების ქუჩა (შეტანილია 1841 წლის შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში) ქუჩის მე-2 მონაკვეთს, კოტე აფხაზის ქუჩიდან გია აბესაძის ქუჩამდე, ერქვა აკიმოვის ქუჩა („აკიმოვსკაია“), რაც „აქიმის“ ან „ექიმის“ დამახინჯებული ფორმა უნდა იყოს (ქუჩა დატანილია თბილისის 1867 წლის გეგმაზე). შესაძლოა ქუჩის სახელწოდება უკავშირდებოდეს იქვე მდგარ ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მოძღვრის — ფილიპეს სახელს. „მოძღვართ მოღვაწეობის გარეშე იგი იყო შესანიშნავი მკურნალიც“ (ზაქარია ჭიჭინაძე, „კათოლიკთა ეკლესია საქართველოში“, ტფ., 1903). 1900 წელს აკიმოვის ქუჩა გაიზარდა გერმანელების ქუჩის ხარჯზე. 1923 წელს ქუჩას რევოლუციონერ იოსებ (სოსო) ივანიძის (დაიღუპა 1905) სახელი ეწოდა, 1990 — ანტონ კათალიკოსისა. 1914 წელს აშენებულ სინაგოგის შენობაში (№ 3) ამჟამად განთავსებულია საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული სახელმწიფო მუზეუმი. აქვს I ჩიხი (ყოფილი იოსებ ივანიძის ჩიხი, თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ავგუსტ ბებელის II ჩიხი).
ლიტერატურა
[რედა���ტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 20, ISBN 978-99928-20-35-3.