ტრინიდადი და ტობაგო

ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკა (ინგლ. Republic of Trinidad and Tobago) — კუნძულოვანი სახელმწიფო კარიბის ზღვის სამხრეთ ნაწილში, ვენესუელის ნაპირებთან ახლოს. შედგება ორი დიდი კუნძულისაგანტრინიდადი და ტობაგო, ასევე დიდი რაოდენობით პატარა კუნძულებისგან. ქვეყანა მდებარეობს ვენესუელის ჩრდილოეთით 10,6 კილომეტრში და გრენადის სამხრეთით.

ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკა
ინგლ. Republic of Trinidad and Tobago
ტრინიდადი და ტობაგო
ტრინიდადი და ტობაგოს
დროშა გერბი
დევიზი: ჩვენ ერთად მივისწრაფით, ჩვენ ერთად მივაღწევთ
ჰიმნი: Forged from the Love of Liberty
ტრინიდადი და ტობაგოს მდებარეობა
დედაქალაქიპორტ-ოვ-სპეინი
უდიდესი ქალაქი ჩაგუანასი[1]
ოფიციალური ენა ინგლისური (ოფიციალური)
ესპანური (სპეციალური სტატუსი)
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი კრისტინ კანგალუ
 -  პრ.-მინისტრი კიტ როული
 -  ოპოზიციის ლიდერი კამლა პერსად-ბისესარი
ფართობი
 -  სულ 5 128 კმ2 (165-ე)
 -  წყალი (%) უმნიშვნელო
მოსახლეობა
 -  2016 შეფასებით 1,353,895[2] (152–ე)
 -  2011 აღწერა 1,328,019<ref[3]</ref> 
 -  სიმჭიდროვე 254.4 კაცი/კმ2 
მშპ (მუპ) 2017 შეფასებით
 -  სულ $ 44.654 მილიარდი[3] (110–ე)
 -  ერთ მოსახლეზე $32,520[3] (36-ე)
აგი (2016) 0.780[4] (მაღალი) (65-ე)
ვალუტა ტრინიდადის და ტობაგოს დოლარი (ტტდ)
დროის სარტყელი UTC-04:00
 -  ზაფხულის (DST) (UTCn/a) (UTC)
Internet TLD .tt
სატელეფონო კოდი 1-868

ქვეყანა 1962 წლამდე იყო დიდი ბრიტანეთის კოლონია, ხოლო ამავე წლიდან მან მოიპოვა დამოუკიდებლობა და გაერთიანდა ერთა თანამეგობრობაში.

კუნძულები ტრინიდადი და ტობაგო დასახლებული იყო სამხრეთ ამერიკული წარმოშობის ინდიელთა ხალხით, ჯერ კიდევ 7000 წლის წინათ. ეს ორი კუნძული ყველაზე ადრე დასახლებულ ადგილად მიიჩნევა ანტილის არქიპელაგის კუნძულებს შორის.[5] დაახლოებით ძვ. წ. 250 წელს კუნძულებზე დასახლდნენ ინდიელი მიწათმოქმედები, რომლებიც ორინოკოს სანაპიროდან გადმოსახლდნენ. მაგრამ მალევე ისინი გადასახლდნენ ახლომდებარე კუნძულებზე. დაახ. 500 წლის შემდეგ გამოჩნდნენ კიდევ ახალმოსახლენი ინდიელი ბარანკოები, რომლებიც კუნძულებზე ოთხი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. ისინი კუნძულიდან ინდიელთა ტომმა არაუკიმ განდევნა, რომლებიც კუნძულზე დაახლოებით 650 წელს დასახლდნენ.

XIV საუკუნის დასაწყისში კუნძულებზე დასახლდა ინდილეთა ტომი, რომლებიც არავაკანურ და კარიბულ ენებზე ლაპარაკობდნენ: ტრინიდადზე — ნეპოიას, სუპოიასა და იაოს ტომები, ხოლო ტობაგოზეკარიბისა და გალიბის ტომები დასახლდნენ, რომლებიც შემდგომ ევროპელებმა ნახეს.

ევროპული კოლონიზაცია

რედაქტირება
 
კუნძული ჩაკაჩაკარე

კუნძული ტრინიდადი ევროპელი მოგზაურებიდან პირველად ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა 1498 წლის 31 ივლისს და დაარქვა სახელი სამების დღესასწაულის გამო, რომელიც სწორედ იმ დღეს აღინიშნებოდა (ესპ. Trinidad — სამება). გარკვეული მტკიცებულებების თანახმად კუნძულ ტობაგოსაც კოლუმბმა დაარქვა სახელი ბელა-ფორმა (Bella Forma), თუმცა ეს სახელი მას არ შემორჩა. დასახელება ტობაგო, როგორც ცნობილია მო���დინარეობს ესპანური სიტყვიდან Tobago (თამბაქო).

XVI საუკუნის დასაწყისში კუნძულების კოლონიზაცია დაიწყო, ეს კუნძულები ესპანეთის საკუთრება გახდა. კონფლიქტი ადგილობრივ მცხოვრებლებსა და კოლონიზატორებს შორის პრაქტიკულად არ ყოფილა, რადგან ტრინიდადისა და ტობაგოს მიწები არც თუ ისე ნაყოფიერია. ამიტომ კოლონიზატორები ძირითადად ახლომდებარე კუნძულებზე დასახლდნენ, რომლებიც მიწათმოქმედებისთვის ხელსაყრელი იყო. ტრინიდადი იმ პერიოდისთვის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და ნაკლებად განვითარებული კუნძული იყო. ადგილობრივი მოსახლეობის ძირითად სამუშაოს წარმოადგენდა მარგალიტის მოპოვება (მარგალიტი უფრო დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა მეზობელ კუნძულ მარგარიტას სანაპიროებთან), ამისათვის მათ ხალხი არ ყოფნიდათ, 1511 წელს მათ გადაწყვიტეს რომ ადგილობრიბი ინდიელები აეყვანათ მონებად და ემუშავებინათ მარგალიტის მოპოვებაზე.

დამოუკიდებლობა

რედაქტირება

ტრინიდადმა უფლებების მოსაპოვებლად ბრძოლა ადრეულ 1900-იანებში დაიწყო. არჩევნებში ხმის უფლება 1924 წელს მოიპოვეს, 1940-იანებში თვითმართველობის უფლება მოიპოვეს.

ტრინადადი და ტობაგომ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა 1962 წლის 31 აგვისტოს მოიპოვა.[6] ელისაბედ II რჩებოდა ქვეყნის მეთაურად და ტრინიდადი და ტობაგოს დედოფლად. ცნობილი კარიბელი ისტორიკოსი და ერის მამად წოდებული ერიკ უილიამსი პირველ პრემიერ-მინისტრად აირჩიეს. დამოუკიდებლობის მოპოვებამდე მას მთავარი მინისტრის პოზიცია ეკავა. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 1976 წლამდე იყო ტრინიდადი და ტობაგოს დომინიონის პრემიერ-მინისტრი, ხოლო 1976-დან 1981 წელს მის გარდაცვალებამდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. რუდრანათ კაპილდეო იყო პირველი ოპოზიციური ლიდერი, რომელიც 1962-1967 წლებში მოღვაწეობდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაგუარამასა და კუმუტოში არსებულმა ამერიკულმა სამხედრო ბაზებმა საზოგადოების ხასიათი შეცვალა. ომის შემდგომ პერიოდში დეკოლონიზაციის პროცესის გააქტიურებს 1958 წელს დასავლეთი ინდოეთის ფედერაციის შექმნას მოყვა. ფედერაციის დედაქალაქად ჩაგუარამა შეირჩა. ფედერაცია 1961 წელს იამაიკაში ჩატარებული დასავლეთი ინდოეთის ფედერაციის წევრობის რეფერენდუმის შემდეგად ფედერაციიდან იამაიკის გასვლით დაიშალა. შემდეგ ტრინადადი და ტობაგოს მთავრობამაც გადაწყვიტა დიდ ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის ძიება.[7]

1976 წელს ქვეყანა გახდა რესპუბლიკა, ერთა თანამეგობრობის შემადგენლობაში, ასევე ის ინარჩუნებდა თანამეგობრობის მრჩეველთა საბჭოს სასამართლო კომიტეტს როგორც უმაღლეს სასამართლო ინსტანციას. 1972-1983 წლებში ქვეყანის ძირითად შემოსავალს ნავთობზე მზარდი ფასები წარმოადგენდა. როგორც ნავთობის მარაგების მქონე ქვეყანაში იქ ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა. 1990 წელ��� ჯამაატ-ალ-მუსლიმენის 114-მა წევრმა იასინ აბუ ბაკრის ხელმძღვანელობით დაიკავეს წითელი სახლი (პარლამენტის შენობა) და ტრინიდადი და ტობაგოს ტელევიზია. აჯანყებულებს მთავრობა 6 დღე ყავდათ ტყვეობაში და შემდეგ ჩაბარდნენ.[8]

2003 წლიდან ქვეყანაში ნავთობის ზრდის ახალი ფაზა დაიწყო, რომელიც 2007 წელს დასრულდა, მიუხედავად ამისა ქვეყნის ეკონომიკის საფუძველს ნავთობი და ბუნებრივი აირი წარმოადგენს. ასევე მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ტურიზმს. ქვეყანაში ჩამომსვლელი ტურისტების უმეტესობა ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა.[9] ქვეყანა ასევე ნარკოტიკების გლობალური გადაზიდვების საკვანძო წერტილად მიიჩნევა.

გეოგრაფია

რედაქტირება
 
ტრინიდადის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო
 
ტრინიდადი და ტობაგოს რუკა

ტრინიდადი და ტობაგო მდებარეობს საშუალო ზომის არქიპელაგზე ატლანტის ოკეანესა და კარიბის ზღვას შორის. ქვეყანა შედგება ორი დიდი კუნძულისგან — ტრინიდადი და ტობაგო და ასევე დიდი რაოდენობით პატარა კუნძულებისგან, მათ შორისაა (ჩაკაჩაკარე, მონოსი, უევოსი, გასპარ-გრანდე, პატარა ტობაგო და სხვა).

ფართობი 5128 კმ², საერთო ფართობის 93 % (4768 კმ²) უკავია კუნძულ ტრინიდადს (დაახ. 80 კმ სიგრძე და 59 კმ სიგანე). ტობაგო მდებარეობს ტრინიდადის სამხრეთ-აღმოსავლეთით 30 კმ-ში. მისი სიგრძეა 41 კმ და სიგანე 12 კმ, ფართობი დაახ. 300 კმ².

ტრინიდადი და ტობაგო ითვლება მცირე ანტილის კუნძულების ნაწილად, ის განსხვავდება სხვა კუნძულებისგან. კუნძული ვულკანური წარმოშობისაა და მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის შელფზე. ქვეყანა ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილია. მისი მთები წარმოადგენს ვენესუელის მთათა სისტემების გაგრძელებას.[10] ამჟამად კუნძული კონტინენტისგან გამოყოფილია პარიის ყურით, ასევე ბოკა-დელ-სერპიენტესა და ბოკა-���ელ-დრაგონის სრუტით.

კუნძულ ტრინიდადზე უმეტესი ნაწილი დაბლობებს უკავიათ, მაგრამ ასევე არის სამი მთათა სისტემა — მათგან ორი მდებარეობს ერთმანეთის პარალელურად და მათი სიმაღლე არ აღემატება 325 მეტრს. სამხრეთით მდებარეობს კიდევ ერთი მთათა სისტემა, რომელიც ვენესუელის სანაპირო კორდილიერების გაგრძელებას წარმოადგენს. ყველაზე მაღალი წერტილი — მთა არიპო (940 ) — ქვეყნის ყველაზე მაღალი წერტილი. ქვეყნის სიდიდით მეორე მთა — ელ-ტუკუჩეა. ორი ყველაზე დიდი მდინარე — ორტოირე (სიგრძე 50 კმ, ჩაედინება ატლანტის ოკეანეში) და კორონი (სიგრძე 40 კმ, ჩაედინება პარიის ყურეში).

კუნძულ ტობაგოზე მნიშვნელოვანი ნაწილი დიდ მთათა სისტემას უკავია, მისი სიმაღლე 640 მეტრს აღწევს. მთათა სისტემის სამხრეთით და ჩრდილოეთით მდებარეობს ნაყოფიერი დაბლობები. კუნძულის 43 % ტყეს უკავია. კუნძულზე მრავლადაა ნაკადულები და პატარა მდინარეები.

ტრინიდადის და ტობაგოს კლიმატი ყალიბდება ტროპიკული კლიმატური ზონის მეშვეობით, რომელშიც ქვეყანა მდებარეობს და ასევე ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარებით. საშუალო წლიური ტემპერატურა ტრინიდადზე — 26 °C. ტენიანობა წვიმიანი სეზონის დროს (ივნისიდან დეკემბრამდე) საშუალოდ 85 — 87 % აღწევს. ნალექების წლიური მაშვენებელი 200 სმ-ია (საშუალოდ 211 სმ). ტობაგოს კლიმატი ტრინიდადთან შედარებით ოდნავ ცივია, თუმცა მაინც მისი მსგავსია. ნალექების საშუალო წლიური მაშვენებელი — მიახლოებით 250 სმ-ია.

წლის განმავლობაში არის ორი სეზონი — წვიმიანი, რომელიც ივნისიდან დეკემბრამდე გრძელდება და მშრალი, რომელიც იანვრიდან მაისამდეა. კუნძულს სამხრეთით ტროპიკული ციკლონების მასა აკრავს, რის გამოც კუნძულზე ხშირია ქარიშხალი.

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება
 
ჩაკონია (Warszewiczia coccinea) — ტრინიდადი და ტობაგოს ეროვნული ყვავილი

ტრინიდადი და ტობაგოს ფლორა და ფაუნა მეზობელ კუნძულებთან შედარებით საკმაოდ განსხვავებულია, ეს კი აიხსნება მისი კონტინენტური წარმოშობით. ქვეყანაში ჭარბობს მარადმწვანე ტყის მასივები, კუნძულ ტრინიდადის ცენტრსა და ჩრდილო-დასავლეთ ქედებზე გავრცელებულია მეორეული სავანა და მეჩხერი ტყე. გავრცელებულია, როგორც ანტილის კუნძულებისთვის დამახასიათებელი, ისე სამხრეთ ამერიკული მცენარეთა სახეობები. ტყეებში იზრდება ხის 50-ზე მეტი ძვირფასი ჯიში, მათ შორისაა: ცედრელა, ბალსა, კვიპაროზი, წითელი სანდალი და სხვა. დიდი ფართობები უკავია კაკაოსა და სხვა მცენარეთა პლანტაციებსაც. ტობაგოზე გავრცელებული Melocactus broadwayi და მელოკაქტუსების სხვადასხვა სახეობა. კუნძულზე, ასევე გავრცელებულია ჯადვარის იშვიათი სახეობა Oncidium papilio Ldl, რომლის რიცხვიც საგრძნობლად მცირდება.

ქვეყნის ფაუნა სამხრეთ ამერიკაში არსებული ფაუნის მსგავსია. ტრინიდადი და ტობაგოში გავრცელებულია ალისფერი იბისი (Eudocimus ruber), რომელიც ქვეყნის ეროვნულ ფრინველს წარმოადგენს, ასევე კაიმანები, ოცელოტები (Leopardus pardalis), აგუტები, იგუანასებრნი, ოპოსუმისებრნი, კაპუცინები, კოლიბრების 40-ზე მეტი სახეობა და სხვა. ენდემურ სახეობას წარმოადგენს ხვლიკი Proctoporus shrevei, რომელიც ბიოლუმინესცენციით გამოირჩევა სხვა ქვეწარმავლებისგან. ეს სახეობა მხოლოდ კუნძულ ტრინიდადის ჩრდილოეთ მთიან მასივებში გვხვდება. ქვეყანაში საკმაოდ დიდი ყურადღება ექცევა ველური ბუნების დაცვასაც. ფუნქციონირებს 17 ნაკრძალი და 40-ზე მეტი აღკვეთილი, რომელთა საერთო ფართობი 153 ათასი ჰექტარია, კუნძულ ტობაგოს სამხრეთ-დასავლეთ კიდეში შექმნილია საზღვაო ნაკრძალი.[11]

მოსახლეობა

რედაქტირება

დემოგრაფია

რედაქტირება
 
ტრინიდადისა და ტობაგოს მოსახლეობის ზრდა XX საუკუნის განმავლობაში

ტრინიდადისა და ტობაგოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი (დაახ. 96 %) ცხოვრობს კუნძულ ტრინიდადზე. მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი (დაახ. 4 %) ცხოვრობს კუნძულ ტობაგოზე. XX საუკუნის განმავლობაში მოსახლეობის ზრდა თანაბარი იყო. ახლა კი ქვეყნის მოსახლეობა ყოველწლიურად 0,87 %-ით იკლებს, ეს განპირობებულია ქვეყანაში არსებული შობადობის დაბალი მაშვენებლით და აგრეთვე ემიგრაციის მაღალი დონით. 2006 წელს ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით მოსახლეობის ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ქვეყნის დედაქალაქი პორტ-ოვ-სპეინი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მე-4 ადგილზეა (49 000 ადამიანი 2000 წლის მონაცემებით). ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქები — ჩაგუანასი (67 400 ადამიანი 2000 წლის მონაცემებით), სან-ფერნანდო (62 000 ადამიანი 2002 წლის მონაცემებით), სან-ხუანი (54 900 ადამიანი 2004 წლის მონაცემებით).

ეთნიკური შემადგენლობა

რედაქტირება

ქვეყნის მოსახლეობა ეთნიკური თვალსაზრისით მრავალფეროვანია. მოსახლეობის დაახ. 40 % აფრო და ინდო-ტრინიდადელები არიან. 20%-ს კრეოლები შეადგენენ, ქვეყანაში ასევე არიან ევროპული, ჩინური და არაბული წარმოშობის ეთნიკური ჯგუფები. ქვეყნის ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ პორტუგალიელები, კარიბელები და კოკოა-პანოლური წარმოშობის ხალხი (ინგლ. Cocoa Panyol).

სალაპარაკო ენები

რედაქტირება

ქვეყნის ოფიციალური ენა ინგლისურია, თუმცა ფართოდაა გავრცელებული ინდური ენა – ბოჯპური, რომელზეც ინდო-ტრინიდადელთა უმრავლესობა ლაპარაკობს. ქვეყანაში სალაპარაკო ენად, გამოიყენება ტრინიდადული კრეოლური ენა. ესპანური ენა პირველ უცხო ენას წარმოადგენს ქვეყანაში, სახელმწიფო კამპანია SAFFL (Spanish As the First Foreign Language — ესპანური ენა, როგორც პირველი უცხო ენა) დაიწყო 2005 წელს, რომელიც ითვალისწინებს დაწყებით სკოლებში მის სწავლებას და ასევე ხელისუფლების წარმომადგენლების 1/3-თვის ესპანური ენის შესწავლას.[12] ქვეყნის მთავრობამ, აგრეთვე განაცხადა, რომ 2020 წლისთვის ინგლისური ენასთან ერთად, ქვეყნის ოფიციალური ენა იქნება ასევე ესპანურიც.[13] ესპანური ენა ოფიციალური სალაპარაკო ენა იყო კუნძულზე 1498 - 1797 წლებში, თუმცა 1780 - 1790 თიან წლებში ესპანური ენა ფრანგულმა შეცვალა, იმისდა მიუხედავად, რომ კუნძული საფრანგეთის კოლონიას არ წარმოადგენდა, 1870 წლის შემდეგ ქვეყნის ოფიციალური ენა ინგლისურია.

ქვეყანაში 7 რელიგიური მიმდინარეობაა გავრცელებული: კათოლიციზმი (რომლის მიმდევარია მოსახლეობის დაახ. 26 %), ინდუიზმი (22 %), ანგლიკანიზმი (8 %), ბაპტიზმი, ორმოცდაათიანელები (დაახ. 7 %), ისლამი (6 %), მეშვიდე დღის ადვენტისტები (4 %). მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი კი სხვადასხვა რელიგიის აღმსარებელია ან ათეისტია.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება
 
ტრინიდადი და ტობაგოს ადმინისტრაციული დაყოფა

ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით ტრინიდადი და ტობაგო უნიტარული სახელმწიფოა. ქვეყანა დაყოფილია 9 რეგიონად, 5 მუნიციპალიტეტად და ერთ თვითმმართველ ტერიტორიად (კუნძული ტობაგო).[14]

კულტურა და საზოგადოება

რედაქტირება
 
საკარნავალო მსვლელობა

ტრინიდადი და ტობაგოს კულტურა რამდენიმე კულტურის სინთეზსს წარმოადგენს, რაც განპირობებულია ქვეყანაში ეთნიკური ჯგუფების სიმრავლით. ქვეყნის კულტურაზე შედარებით დიდი ზეგავლენა იგრძნობა დიდი ბრიტანეთისა (ქვეყანა გარკვეული ხნის განმავლობაში დიდი ბრიტანეტის კოლონია იყო) და აშშ-ის (ეკონომიკური, კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები აშშ-თან) კულტურიდან.

ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ დღესასწაულს წარმოადგენს ყოველწლიური კარნავალი, ამ დღესასწაულის ტრადიცია მოდის აღმოსავლეთ აფრიკიდან, ტრადიცია ქვეყანაში შემოიტანეს აფრიკიდან ჩამოყვანილმა მონებმა. კარნავალი იმართება თებერვლის ბოლოს — მარტის დასაწყისში. კარნავალი მოიცავს მასკარადს, საცეკვაო ნომრებს, ქუჩაში იმართება მსვლელობები. იმართება ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფების ღონისძიებები.[15] კარნავალი XIX საუკუნიდან ყოველწლიურად იმართება. გამონაკლისია მეორე მსოფლიოს ომის პერიოდი, როდესაც კარნავალი უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ იმართებოდა.[16]

ქვეყანაში გავრცელებულია კიდევ ერთი ასეთი ტრადიცია — „თხების მარათონი“ , რომელიც ვნების კვირაში იმართება სამშაბათობით, სოფელ ბუკუში (ინგლ. Buccoo), კუნძულ ტობაგოზე. ტრადიციას საფუძველი 1930-იანებში ჩაეყარა და დღემდე იმართება. ნაკლებად ცნობილი ტრადიციაა — „კიბორჩხალების მარათონი“, ესეც ვნების კვირის დიდ სამშაბათს იმართება, იმავე ადგილას, სადაც „თხების მარათონი“.

ტრინიდადი და ტობაგოს ეროვნული მუსიკალური მიმდინარეობებია კალიპსო და სოკა. კალიპსო ახლოსაა რეგისთან, რომელიც იამაიკურ მუსიკალურ მიმდინარეობას წარმოადგენს, ეფუძნება აფრიკულ მუსიკალურ მიმდინარეობებს. მუსიკალური მიმდინარეობა — სოკა, კი ეფუძნება თვითონ კალიპსოს, თუმცა იგი ძლიერ ინდური მუსიკის ძლიერ ზეგავლენას განიცდის. ეს მუსიკალური მიმდინარეობები აქტიურად იყენებენ „ფოლადის დოლს“ (ინგლ. Steelpan), „ფოლადის დოლი“ ტრინიდადი და ტობაგოს ეროვნულ მუსიკალურ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომელიც 1930-იან წლებში შეიქმნა. ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით „ფოლადის დოლი“, XX საუკუნეში შექმნილი ერთადერთი არაელექტრონული, აკუსტიკური მუსიკალური ინსტრუმენტია.[17][18] ტერმინი „სტილ-ბენდი“ (ინგლ. Steelband, ასევე „ფოლადის ჯგუფი“), ეწოდება ტრინიდადი და ტობაგოში იმ მუსიკალურ ჯგუფებს, რომლებიც იყენებენ „ფოლადის დოლს“. ეს მუსიკალური ინსტრუმენტი 1995 წლიდან ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში არსებობს, მას იყენებს ტრინიდადი და ტობაგოს სამხედრო ორკესტრი „ფოლადის ორკესტრი“, რომელიც ერთადერთი სამხედრო ორკესტრია მსოფლიოში, რომელიც იყენებს „ფოლადის დოლს“.[19]

ლიტერატურა

რედაქტირება

ტრინიდადის და ტობაგოს ლიტერატურის დარგში ორი ცნობილი წარმომადგენელი ჰყავს, ესენია: ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურის დარგში დერეკ უოლკოტი და ვიდიადჰარ სურაიპრასად ნაიპოლი. ასევე ცნობილი ტრინიდადი და ტობაგოელი მწერლებია არიან: სირილ ჯეიმსი და შივა ნაიპოლი, რომელიც ვიდიადჰარ ნაიპოლის უმცროსი ძმაა. წარმოშობით ტრინიდადი და ტობაგოდანაა ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ფლოელა ბენჟამინი.

ოლიმპიადა

რედაქტირება

ჰესლი კროუფორდი იყო პირველი ტრინიდადი და ტობაგოელი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ოქროს მედალი. მან ოქროს მედალი 100 მეტრიან დისტანციაზე სირბილში მოიპოვა, 1967 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. კიდევ 9 სხვადასხვა სპორტსმენმა მოიპოვა 12 მედალი ოლიმპიურ თამაშებზე ტრინიდადი და ტობაგოს სახელით. დაწყებული როდნი უილკისით, რომელმაც 1948 წელს ვერცხლის მედალი მოიპოვა ძალოსნობაში და დამთავრებული კეშორნ უოლკოტით,[20] რომელმაც 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ოქროს მედალი შუბის სროლაში. ატო ბოლდონი ყველაზე ტიტულოვანი ტრინიდადი და ტობაგოელი სპორტსმენია, რომელსაც საერთო ჯამში 8 მედალი აქვს მოპოვებული: 4 მედალი ოლიმპიურ თამაშებზე აქვს მოპოვებული, ხოლო 4 კი მსოფლიო ჩემპიონატებზე. ბოლდონი ერთადერთი ტრინიდადი და ტობაგოელი სპორტსმენია, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული აქვს ათლეტიკაში. მან 1997 წელს ათენში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 200 მეტრიან სპრინტში მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. მოცურავე ჯორჯ ბოველმა 2004 წელს მოიპოვა ბრინჯაოს მედალი 200 მეტრიან საცურაო დისტანციაში. ასევე ლალონდე გორდონმა XXX ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი, 400 მეტრიან დისტანციაზე სპრინტში.

დღესასწაულები

რედაქტირება
თარიღი სახელწოდება ინგლისური სახელწოდება შენიშვნები
1 იანვარი ახალი წელი New Year’s Day
მოძრავია კარნავალი Carnival აღინიშნება ორშაბათს და სამშაბათს, დაახ. 47-48 დღით ადრე აღდგომამდე. დღესასწაულის დროს იხურება ზოგიერთი დაწესებულებები, არ მიეკუთვნება სახელმწიფო დღესასწაულების რიცხვს.
მოძრავია აღდგომა Easter
30 მარტი ბაპტისტების განთავისუფლების დღე Spiritual Baptist Shouter Liberation Day
30 მაისი ინდიელთა ჩამოსახლების დღე Indian Arrival Day
19 ივნისი შრომის დღე Labour Day აღინიშნება 1937 წლიდან.
1 აგვისტო ემანსიპაციის დღე Emancipation Day პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც მონათმფლობელობის გაუქმებას, მონების განთავისუფლებას აღნიშნავს. აღინიშნება, როგორც ეროვნული დღესასწაული.
31 აგვისტო დამოუკიდებლობის დღე Independence Day
24 სექტემბერი რესპუბლიკის დღე Republic Day
მოძრავია დივალი Divali ინდუისტური „ცეცხლის ფესტივალი“. ერთადერთი სახელმწიფო ინდუისტური დღესასწაული ტრინიდადი და ტობაგოში.
25 დეკემბერი ქრისტეს შობა Christmas
26 დეკემბერი საჩუქრების დღე Boxing Day

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 2011 Population and Housing Census – Preliminary Count, page 4. Central Statistical Office (CSOTT). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 January 2017. ციტირების თარიღი: 2016-12-31.
  2. [1]
  3. 3.0 3.1 [2]
  4. 2016 Human Development Report. United Nations Development Programme (2016). ციტირების თარიღი: 5 November 2017.
  5. ვესტ-ინდოეთის უნივერსიტეტი (ინგლისური)
  6. Railroad Map of Trinidad (1925). ციტირების თარიღი: 25 October 2013.
  7. Brereton, Bridget (1996) An introduction to the history of Trinidad and Tobago, [Nachdr.]., Oxford: Heinemann Educational Publishers, გვ. 103–105. ISBN 9780435984748. 
  8. Ryan, Selwyn (1991) The Muslimeen grab for power : race, religion, and revolution in Trinidad and Tobago. Port of Spain, Trinidad, West Indies: Inprint Caribbean, გვ. 82. ISBN 9789766080310. 
  9. TRINIDAD AND TOBAGO: THE IMPACT OF TRAVEL & TOURISM ON JOBSANDTHE ECONOMY. World Travel and Tourism Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 7 October 2016.
  10. ტრინიდადი და ტობაგო MapsOfTheWorld.com-ის საიტზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-19. ციტირების თარიღი: 2012-07-12.
  11. ტრინიდადი და ტობაგო Krugosvet.ru-ს საიტზე
  12. ტრინიდადი და ტობაგოს ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს საიტი დაარქივებული 2007-10-12 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  13. The Secretariat for The Implementation of Spanish დაარქივებული 2010-11-03 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  14. 2000 წლის მოსახლეობის აღწერა ტრინიდადი და ტობაგოს დაგეგმარების სამინისტროს საიტზე: რეგიონების სტატისტიკა დაარქივებული 2009-03-05 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  15. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტრინიდადი და ტობაგოში: კარნავალი დაარქივებული 2007-10-12 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  16. ტრინიდადი და ტობაგოს ხალხური ხელოვნების მუზეუმი: კარნავალი (ინგლისური)
  17. ტრინიდადი და ტობაგოს ეროვნული ბიბლიოთეკა დაარქივებული 2009-04-30 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  18. ფოლადის ბარაბანის შესახებ დაარქივებული 2011-11-29 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  19. ტრინიდადი და ტობაგოს თავდაცვითი ჯარის ფოლადის ორკესტრი დაარქივებული 2008-09-17 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  20. Trinidad and Tobago's Olympic Medal Winners. ციტირების თარიღი: 2008-11-30.[მკვდარი ბმული]