ბაპტიზმი
ბაპტიზმი (ბერძნ. baptizō - ვნათლავ წყლით) — ქრისტიანული, ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული პროტესტანტული რელიგიური მიმდინარეობა. სახელწოდება ბერძნული ენიდან მოდის და ნიშნავს წყალში შთაფლვით ნათლობას, შესაბამისად, ბაპტისტურ რელიგიაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ნათლისღებას, რომელიც წყალში შთაფლვით უნდა შესრულდეს. მსოფლიოში ბაპტისტების რაოდენობა დაახლოებით 75 მილიონია. ბაპტიზმის ცენტრად მიიჩნევა აშშ, სადაც ბატპისტების 2/3 ცხოვრობს და სადაც ბაპტიზმი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ამერიკელ ბაპტისტებს შორის არიან აშშ-ის პრეზიდენებტი, პოლიტიკური მოღვაწეები და მსხვილი კაპიტალისტები (მაგ., ძმები როკფელერები, მარტინ ლუთერ კინგი და სხვები). ბაპტიზმი გავრცელებულია ევროპაშიც, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაშიც.
პროტესტანტიზმი |
ჰუსიტები • ლოლარდები • ვალდენსები • ჩეხი ძმები
ანგლიკანიზმი • კალვინიზმი • ლუთერანობა • ცვინგლიანობა
ადვენტისტები • ამიშები • ანაბაპტიზმი • ახალსამოციქულო ეკლესია • ბაპტიზმი • კვაკერები • კონგრეგაციონალიზმი • მეთოდიზმი • მენონიტები • ორმოცდაათიანელობა • პიეტიზმი • პრესვიტერიანობა • პურიტანები • ხსნის არმია
პენტეკოსტალიზმი • რევივალიზმი • ევანგელიკალიზმი • ფილიპინების დამოუკიდებელი ეკლესია |
ისტორია
რედაქტირებაბაპტიზმი წარმოიშვა XVII საუკუნის დასაწყისში ნიდერლანდებში ინგლისელ ემიგრანტებს შორის. ბაპტისტების პირველი თემის დამაარსებელი იყო ანგლიკანი მქადაგებელი ჯონ სმიტი. ის ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფას და ეკლესიის დამოუკიდებლობას ითხოვდა. მას ანგლიკანური ეკლესია დაუპირისპირდა და დევნა დაუწყო, რის გამოც სმიტმა 1607-1609 წლებში ამსტერდამს შეაფარა თავი. სმიტი მენონიტების გავლენით მივიდა გაცნობიერებული ნათლობის აუცილებლობის იდეამდე და 1608 წელს ხელმეორედ მოინათლა რამდენიმე მიმდევართან ერთად. 1609 წელს ეს ჯგუფი ბრაუნისტების საზოგადოებიდან განკვეთეს და 1609 წელს სმიტმა 36 მომხრესთან ერთად ამსტერდამში ახალ ეკლესიას დაუდო სათავე. 1612 წელს სმიტის მიმდევრების ნაწილი თომას ჰელვესის მეთაურობით ინგლისში დაბრუნდა და ინგლისში გაჩნდა პირველი ბაპტისტური თემი. ბაპტიზმის მოძღვრებას გამოკვეთილი სახე და სახელწოდება ბაპტიზმი სწორედ ინგლისში მიეცა. მალე მათ შუერთდნენ პურიტანები, დისიდენტები და ინდეპენდენტები.
1633-1638 წლებში ბაპტიზმში მოხდა რელიგიური გახეთქილება. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ თომას ჰელვესი და ჰენრი იაკობი. ჰელვესი ჟან კალვინის გავლენით ამტკიცებდა, რომ კაცობრიობის ხსნის ბედი ღვთისგან უკვე წინასწარ განსაზღვრულია. ჰენრი იაკობის რწმენით კი ღმერთი იხსნის ყველას, ვინც ღვთის გზას დაადგება. ამ საკითხზე კამათის გამო ბაპტიზმი იმთავითვე დაიყო ორ ძირითად მიმართულებად: საყოველთაო და კერძო ბაპტიზმად. უპირატესობა მოიპოვა და ბაპტისტების უმრავლესობაში გავრცელდა საყოველთაო ხსნის აღმსარებლობა.
ინგლისში ბაპტისტური ეკლესია იზრდებოდა და ყალიბდებოდა ინგლისის რევოლუციის პირობებში. ბაპტისტებს მოიაზრებდნენ როგორც რევოლუციონერებს. ეკლესია გაძლიერდა ოლივერ კრომველის დროს. ამავე დროს ბაპტისტური ეკლესია გაჩნდა ჩრდილოეთ ამერიკაში. იქ არსებულ ინგლისის კოლონიებში პირველი ბაპტისტური თემების დამაარსებლები იყვნენ პურიტანთა კოლონიიდან განდევნილი მორწმუნეები, რომლებიც იზიარებდნენ მოსაზრებას სახელმწიფოს და ეკლესიის გამიჯვნის შესახებ და უარს აცხადებდნენ ბავშვების ნათლობაზე. 1638 წელს როჯერ უილიამსმა დააფუძნა კოლონია როდ-აილენდი, სადაც ოფიციალურად დაკანონდა რწმენის თავისუფლება, ხოლო ქალაქებში პროვიდენსსა და ნიუპორტში პირველი ბაპტისტური ეკლესიები აიგო.
რუსეთში ბაპტიზმი გერმანიიდან შემოვიდა XIX საუკუნის 60-იან წლებში და 70-80-იან წლებში გავრცელდა ყუბანის, დონის, ამიერკავკასიის, ხერსონის, ეკატერინოსლავის, კიევის გუბერნიების გერმანიის კოლონისტთა შორის, შემდეგ კი ადგილობრივ მოსახლეობაშიც.
1905 წელს ლონდონში შედგა ბაპტისტების I მსოფლიო კონგრესი, რომელზეც შეიქმნა ბაპტისტების მსოფლიო ალიანსი (ცენტრი ქ. ვაშინგტონში). 1966 წელს ბაპტისტების მსოფლიო კავშირი აერთიანებდა 116 ქვეყნის 27 მილიონ ბაპტისტს. 1950 წელს პარიზში დაარსდა ბაპტისტების მსოფლიო კავშირი, რომელიც 1966 წელს 21 ქვეყნის 1,5 მილიონ ადამიანს აერთიანებდა.
მოძღვრება
რედაქტირებაბაპტისტურ ეკლესიებს ერთიანი თეოლოგიური რეგლამენტი არ გააჩნიათ და მათი მოძღვრება ერთმანეთისგან განსხვავდება. ბაპტისტებს აერთიანებთ რწმენა სარწმუნოების სიმბოლოსი, აღიარებენ ყოვლადწმინდა სამებას, იესო ქრისტეს ორბუნებოვნებას, ქალწულისგან შობას, აღდგომას, ამაღლებას, მეორედ მოსვლას. ბაპტისტები აღიარებენ ეკლესიის მნიშვნელობას, მაგრამ სხვა პროტესტანტული მიმდინარეობების მსგავსად ღმერთსა და ადამიანს შორის შუამავლად მხოლოდ ქრისტეს აღიარებენ. ბაპტიზმში რწმენა ხსნის ერთადერთი გზაა, ხსნა კი საღვთო მადლით მოიპოვება.
ორგანიზაცია
რედაქტირებაბაპტისტები უარყოფენ ახალშობილის და ბავშვის მონათვლას და აღიარებენ მხოლოდ ზრდასრული ადამიანის ნათლობას. ანაბაპტისტებისგან განსხვავებით ბაპტისტები ცნობენ მხოლოდ ერთგზის ნათლობას, ანუ ხელმეორედ აღარ ნათლავენ პიროვნებას, რომელიც სხვა ეკლესიაში ადრეულ ასაკში იყო მონათლული, მაგრამ ზრდასრულობაში აცნობიერებს და ეთანხმება ნათლობის შინაარსს. ნათლობა სრულდება მდინარეზე ან ბაპტისტურ ეკლესიაში მოწყობილ აუზში.
ბაპტიზმი აღიარებს საყოველთაო მღვდლობის პრინციპს. ეკლესიაში ხდება სამი ტიპის ხელდასხმა: დისკვნის, ხუცესის და ეპისკოპოსისა. სამღვდელო პირები არ ფლობენ განსაკუთრებულ საკრალურ ძალაუფლებას.
ბაპტისტურ ეკლესიას არ აქვს მკაცრი იერარქია და დადგენილი ლიტურგიული ფორმე��ი. ადგილობრივ ეკლესიებს გააჩნიათ ფართო ავტონომია. ბაპტიოსტური ლიტურგია შემოქმედებითი ხასიათისაა და განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. მასში ასახულია ადგილობრივი კულტურული თავიებურებები. გალობა სრულდება სხვადასხვა საკრავის თანხლებით. მსახურება ტარდება კვირა დღეს.
ბაპტიზმი საქართველოში
რედაქტირებასაქართველოში ბაპტისტების პირველი თემი ჩამოყალიბდა 1867 წელს თბილისში. თბილისის ბაპტისტთა ეკლესია ჩამოყალიბდა რუსეთიდან გადასახლებული მალაკნების ბაზაზე. მოგვიანებით ჩამოყალიბდა ბაპტისტთა ოსური და სომხური თემები. 1921 წლამდე თბილისში მოქმედ ბაპტისტებთა თემებში ქართველები ნაკლებად იყვნენ, ქადაგება მხოლოდ რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. 1921 წელს ჩამოყალიბდა ქართველ ბაპტისტთა ჯგუფი. ღვთისმსახურება ქართულ ენაზე სრულდებოდა. 1927 წელს ბოლშევიკებმა მოკლეს ბაპტისტი ღვთისმსახური ილია კანდელაკი და დახურეს ბაპტისტური ეკლესიები. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსახურების უფლება მხოლოდ თბილისის ეკლესიას დაუტოვეს, ამიტომ 1946 წლის 17 იანვარს ქართული, რუსული და სომხური ჯგუფები გაერთიანდნენ. 1964 წელს მათ შეუერთდა ოსური თემი.
მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა იყო ჩამოყალიბებული ბაპტისტურ ეკლესიას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. 1970-1980-იან წლებში ბაპტისტების მოძღვარი გიორგი ბოლღაშვილი საქართველოს საპატრიარქოს მიწვევით ხშირად ქადაგებდა სიონის ტაძარში. 1980-იან წლებში პატრიარქმა ილია II-მ ბაპტისტი მალხაზ სონღულაშვილი მიიწვია ბიბლიის მთარგმნელ კომისიაში. 1990-იანი წლებიდან ურთიერთობები გაცივდა, ხოლო მოგვიანებით გაწყდა. 1991 წელს საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ განაცხადა, რომ ბაპტისტები არ არიან ნამდვილი ქართველები. 1991 წლის მარტში შეიქმნა საქართველოს ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირი, რომელიც გაერთიანდა საქართველოში მოქმედი 30-მდე ბაპტისტთა ეკლესია (7000-მდე წევრი, 1993 წლის 1 იანვრის მონაცემებით). 1991 წლის 25 სექტემბერს ვარნაში ევროპის ქრისტიან ბაპტისტთა ფედერაციის საბჭოს სხდომაზე საქართველოს ბაპტისტთა კავშირი მიიღეს ფედერაციის სრულუფლებიან წევრად. 1992 წლის 11 ივლისს მონტეგო-ბეიში მსოფლიოს ქრისტიან ბაპტისტთა კავშირის წევრად. 1997-2003 წლებში გლდანის დევნილი ეპარქიის ორგანიზებით დევნიდნენ და არბევდნენ ბაპტისტების მსახურებებს. 2002 წელს დაუდგენელმა პირებმა დაწვეს ბაპტისტური ეკლესია ახალსოფელში.
ბაპტისტთა უმრავლესობა ცხოვრობს თბილისში. კავშირი უშვებს გაზეთ „უფლის ხმას“ (1992 წლიდან) და ჟურნალ „ბეთლემს“ (1991 წლიდან). 2008 წლის მონაცემებით საქართველოში 5000-მდე ბაპტისტი ცხოვრობდა. საქართველოს ბაპტისტთა ეკლესიაში დაშვებულია ქალთა ხელდასხმა. ეკლესიის მეთაურია მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი.
საბჭოთა პერიოდში ბაპტისტების ნაწილმა უარი თქვა სახელმწიფო რეგისტრაციაზე და დაუპირისპირდა მორწმუნეთა შედარებით ლოიალურ ნაწილს. რადიკალ ბაპტისტებს მოგვიანებით შეუერთდნენ ისინიც, ვინც არ იზიარებდა მთავარეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის კურსს საქართველოს ტრადიციებთან დაახლოების შესახებ. კონსერვატორ ბაპტისტთა რიცხვი საქართველოში დაახლოებით 1000 ადამიანია და ისინი მეტწილად თბილისსა და ბათუმში ცხოვრობენ. მათ აქვს ჩამოყალიბებული დამოუკიდებელი ბაპტისტური ეკლესიები „მადლი“ და „ვაზი“. ეკლესია „მადლი“ რუსულენოვანია, დაარსდა 1985 წელს, ეკლესია აქვს ნავთლურში, მრევლი მოიცავს დაახლოებით 150 ადამიანს. ეკლესია „ვაზი“ დაარსდა 1996 წელს, მისი ხელმძღვანელია დოქტორი კონსტანტინე სარაჯიშვილი და მდებარეობს ნუცუბიძის პლატოზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- პაპუაშვილი ნ., ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია // „რელიგიები საქართველოში“, თბილისი: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 253-264, ISBN 978-9941-0-0902-0.
- მანჯგალაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 196.