ორფრთიანები (ლათ. Diptera) — მწერების რიგი. საშუალო ზომის მწერებია. წყვილი სიფრიფანა ფრთა აქვთ. მეორე წყვილი ფრთა გადაქცეულია საბზუილედ. გვხვდება უფრთო ფორმებიც. ორფრთიანებს აქვთ წყვილი, ფასეტური, ზოგჯერ 3 მარტივი თვალი, სასიარული ფეხები, ზოგჯერ გრძელი (კოღოები). ახასიათებთ სრული მეტამორფოზი. მატლები ჭიისებურია, უფეხო, იშვიათად ცრუფეხებიანი. ვითარდებიან ლეშში, ექსკრემენტში და სხვაგან ან პარაზიტობენ და მტაცებლობენ უხერხემლო (მწერები, მოლუსკები) და ხერხემლიან (რეპტილიები, ფრინველები, ძუძუმწოვრები) ცხოველებზე. გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში. რიგში 120-130 ოჯახის 85 ათასი სახეობაა, რომელთა��ან საქართველოში 20-მდე ოჯახის 500-მდე სახეობაა. ორფრთიანების მრავალი წარმომადგენელი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლებია, ხოგი ინფექციურ დაავადებათა გამომწვევებისა და ჰელმინთების კვერცხების მექანიკური გადამტანია, ბევრი პარაზიტია, ნაწილი საწყობებში ბინადრობს და საკვებ პროდუქტებს აზიანებენ, სისხლმწოვი ფორმები კი ზიანს აყენებენ ადამიანს, შინაურ პირუტყვს, რითაც აქვეითებენ სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა პროდუქტიულობას. საქართველოში გავრცელებული მავნე სახეობებია ალუბლის ბუზი, ჰესენის ბუზი, ხახვის ბუზი, მწვანეთვალა ბუზი, შვედური ბუზი, ზეთისხილის ბუზი, ხახვის ჩუხჩუხა, ნესვის ბუზი, მალარიის ჩვეულებრივი კოღო, ოთახის პატარა ბუზი, ხორცის ლურჯი ბუზი და სხვა.