1990 წლის ნეპალის რევოლუცია
1990 წლის სახალხო მოძრაობა (ჯანა ანდოლანი 2046 — ნეპალ. २०४६ जनआन्दोलन), ან 1990 წლის ნეპალის რევოლუცია — მრავალპარტიული მოძრაობა ნეპალში, რომელმაც ბოლო მოუღო პანჩაიატის სისტემას და აბსოლუტური მონარქიის კონსტიტუციურ მონარქიად გარდაქმნას შეუწყო ხელი.
მოძრაობა გამოირჩეოდა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის ერთიანობით. სხვადასხვა კომუნისტური ჯგუფები არა მხოლოდ გაერთიანდნენ გაერთიანებულ მემარცხენე ფრონტში, არამედ თანამშრომლობდნენ ისეთ ძალებთან, როგორიცაა ნეპალის კონგრესი. ამ ერთიანობის ერთ-ერთი შედეგი იყო ნეპალის კომუნისტური პარტიის (ერთიანი მარქსისტულ-ლენინური პარტია ) ჩამოყალიბ��ბა. [1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1989 წელს ორმა ჯგუფმა, ნეპალის კონგრესმა ( ყველაზე დიდი არალეგალური პოლიტიკური პარტია ქვეყანაში — სოციალ—დემოკრატიული) და გაერთიანებულმა მემარცხენე ფრონტმა ( კომუნისტური და სხვა რადიკალური მემარცხენე პარტიების კოალიცია, რომელშიც დომინირებდა ნეპალის კომუნისტური პარტია — ერთიანი მარქსისტულ-ლენინური) — გააერთიანა ძალისხმევა ფანჩაიატური სისტემის წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიის დასაწყებად და ქვეყანაში მრავალპარტიული დემოკრატიის დასამყარებლად.[2]
სახალხო მოძრაობა (ჯანა ანდოლანი) ოფიციალურად დაიწყო 1990 წლის 18 თებერვალს — დემოკრატიის დღე ნეპალში. იგი ეყრდნობოდა კატმანდუს ხეობის მოსახლეობის და ტერაის და მცირე ჰიმალაის უბნების მხარდაჭერას ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რომელიც გამწვავდა ინდოეთთან 1980-იანი წლების ბოლოს. მოძრაობის შესაჩერებლად 1990 წლის 17 თებერვალს მთავრობამ დააპატიმრა როგორც ნეპალის კონგრესის ასევე გაერთიანებული მემარცხენე ფრონტის ეროვნული და რაიონული ლიდერები და აკრძალა ყველა ოპოზიციური გაზეთი.
თავის რადიო მიმართვაში მეფე ბირენდრამ ერს მოუწოდა "გაერთიანებულიყო ��ონარქიის გარშემო" და გაეტარებინა რეფორმები საკონსტიტუციო არხებით. ამავე დროს თებერვლის ბოლოს პოლიციამ ბჰაკტაპურში დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა. რეპრესიებისა და სროლების მიუხედავად საპროტესტო ტალღა ფართოვდებოდა, დემონსტრაციები თითქმის სამი თვე არ ცხრებოდა. ათასობით სტუდენტმა და მოსწავლემ გააპროტესტა შეიარაღებული პოლიციის ქმედებები. ასობით დემონსტრანტი დააკავეს და დაშავდა. ნეპალის პროფკავშირების გენერალურმა ფედერაცია ბანდჰის (საყოველთაო გაფიცვის ნაირსახეობა) გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა. საგაფიცვო მოძრაობა სწრაფად მოედო მთელ ქვეყანას.
დაირღვა არა მხოლოდ კავშირი ოპოზიციის აქტივისტებს შორის, არამედ რეჟიმის ვერტიკალიც, რის შედეგადაც ადგილობრივ ხელისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ უწევდა სახალხო დემონსტრაციებთან გამკლავება. ზოგიერთი მათგანი ცენტრალური ხელისუფლების არარსებობის პირობებში შეუერთდა სახალხო მოძრაობას. საპროტესტო მოძრაობა გავრცელდა სოფლებიდან და მიაღწია დედაქალაქ კატმანდუმდე. მას შემდეგ, რაც არმიამ აპრილის დასაწყისში პატანში მომიტინგეები დახვრიტა, მოძრაობამ შეკრიბა დაახლოებით 2,000,000 ადამიანი, რათა დედაქალაქში მონარქიის წინააღმდეგ საპროტესტო მარში გაემართათ.
რამდენიმე დღის განმავლობაში პოლიციამ დახვრიტა ათობით ადამიანი; მომიტინგეებმა ქუჩები გადაკეტეს, დროშები აღმართეს და მოითხოვდნენ მრავალპარტიული დემოკრატიული სისტემის აღდგენას, რომელიც არსებობდა ქვეყანაში 1950-იან წლებში. პროტესტის დროს ხალხმა ალყა შემოარტყა სამთავრობო შენობებს და მეფეს მოუწოდა, დაეკმაყოფილებინა მათი მოთხოვნები. 6 აპრილს სამეფო სასახლის წინ ყველაზე სისხლიანი შეტაკებები მოხდა, რომლის დროსაც 200-დან 300-მდე ადამიანი დაიღუპა. საბოლოოდ, პოლიციის ბევრმა ოფიცერმაც კი უარი განაცხადა დემონსტრანტების დაშლაზე და არ ჩაერია, როდესაც ზოგიერთმა მომიტინგემ დააზიანა სამთავრობო ქონება (მათ შორის პრემიერ-მინისტრის მანქანა და მეფე მაჰენდრას ქანდაკება). ამის გამო ლიდერებმა გააუქმეს შემდგომი საპროტესტო აქციები.
მრავალთვიანი სისხლიანი შეტაკებების შემდეგ, რომლის დროსაც დაახლოებით 500 ადამიანი დაიღუპა და ათასობით დააპატიმრეს, მეფე ბირენდრა იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო და თანხმობა განეცხადებინა ახალი მთავრობის შექმნაზე, რომლის მეთაურად 6 აპრილს დაინიშნა ზომიერი მონარქისტი ლოკენდრა ბაჰადურ ჩანდი. 1990 წლის 8 აპრილის საღამოს მეფემ მოხსნა პოლიტიკური პარტიების აკრძალვა. თუმცა, ოპოზიცია, რომელიც გამოხატავდა ფართო ფენების განწყობებს, ითხოვდა უფრო გადამწყვეტ რეფორმებს.
რვა დღის შემდეგ, 16 აპრილს, ოპოზიციური პარტიების ზეწოლისა და ხალხის საპროტესტო გამოსვლების შედეგად, მეფემ დაშალა ეროვნული ფანჩაიატი და უარი თქვა შეუზღუდავ ძალაუფლებაზე. 19 აპრილს ჩამოყალიბდა კოალიციური დროებითი მთავრობა ნეპალის კონგრესის ლიდერის კრიშნა პრასად ბჰატარაის ხელმძღვანელობით, რომელშიც ასევე შედიოდნენ გაერთიანებული მემარცხენე ფრონტის და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მეფის მიერ დანიშნული კაბინეტის ორი წევრი. გარდამავალმა მთავრობამ პირობა დადო, რომ შეიმუშავებდა ახალ კონსტიტუციას და ერთი წლის განმავლობაში ჩაატარებდა საპარლამენტო არჩევნებს.
1990-იანი წლების სახალხო მოძრაობამ შეიმუშავა კონსტიტუცია, რომელიც ძალაში შევიდა 1990 წლის ნოემბერში. ამ კონსტიტუციამ აიძულა მეფე ბირენდრა ბირ ბიკრამ შაჰ დევის მონარქია გადაეცა გადაწყვეტილების მიღების უფლება ნეპალელი ხალხისთვის. ხმის მიცემის უფლება მიეცათ ნეპალის 18 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებს.
თუმცა, კონსტიტუციის იმპლემენტაციას მრავალი სირთულე შეექმნა ელიტასა და ტიპურ ამომრჩეველს შორის არსებული უფსკრულის გამო. ყველაზე ცნობილი პარტიების ლიდერები, როგორც წესი, მოდიოდნენ ზედა კლასებიდან და კასტე���იდან, რომლებიც არ წარმოადგენდნენ ნეპალის მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებს.[3]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Baral, L. R. (1994). “The Return of Party Politics in Nepal”. Journal of Democracy. 5: 121—133. DOI:10.1353/jod.1994.0012.
- Hachchethu, K. (1992). “Mass Movement 1990” (PDF). Contributions to Nepalese Studies. 17 (2): 177—201.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "सम्झनामा जनआन्दोलन ०४६ (श्रृंखला १)" [In memory of Nepalese revolution 1990]. Nepal Live (ნეპალ.). Retrieved 2021-02-09
- ↑ Gellner, David. Resistance and the State: Nepalese Experiences. — April 2007. — ISBN 9781845452162.
- ↑ Parajulee, Ramjee P. The Democratic Transition in Nepal. — 2000. — ISBN 9780847695775.