შინაარსზე გადასვლა

ჰენრიკ ჰრინევსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰენრიკ ჰრინევსკი
დაიბადა 10 (22) ნოემბერი, 1869
დაბადების ადგილი ქუთაისი
გარდაიცვალა 4 მარტი, 1938(1938-03-04) (68 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი

ჰენრიკ ჰრინევსკი (პოლ. Henryk Hryniewski; დ. 22 ნოემბერი, 1869, ქუთაისი, რუსეთის იმპერია — გ. 4 მარტი, 1938, თბილისი, საქართველოს სსრ) — პოლონური წარმოშობის ქართველი მხატვარი, არქიტექტორი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს არქიტექტურის მკვლევარი. შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და ხუროთმოძღვრული ორნამენტის ერთ-ერთი პირველი სპეციალისტი, ილია ჭავჭავაძის თხზულებების პირველი ილუსტრატორი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი.

ჰენრიკ ჰრინევსკის შემოქმედება მოიცავს დაზგურ და მონუმენტურ მხატვრობას, წიგნის ილუსტრაციას, არქიტექტურულ პროექტებს, ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების, არქიტექტურული ფრაგმენტებისა და ეთნოგრაფიული ნივთების ჩანახატებს, რომელთაც მხატვრულთან ერთად, დღეს, დოკუმენტური ღირებულებაც აქვთ.

ჰენრიკ ჰრინევსკის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში, თბილისის მუზეუმების გაერთიანების ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმსა და კერძო კოლექციებში.

ქართლის დედა — ჰენრიკ ჰრინევსკის ნიმუში

ჰენრიკ ჰრინევსკი ქუთაისში მცხოვრები პოლონელი ემიგრანტების შთამომავალი იყო. დედა — ლეონიდა მალევსკა-ჰრინევსკაია; მამა-თეოდორ ჰრინევსკი, ტვერის დრაგუნთა პოლკის გადამდგარი ოფიცერი, ქუთაისის მაზრის უფროსის თანაშემწე (ერთხანს ასრულებდა მაზრის უფროსის მოვალეობასაც). მამის სიკვდილის შემდეგ დედასთან ერთად გაემგზავრა იტალიაში.

ჰენრიკ ჰრინევსკიმ უმაღლესი განათლება ფლორენციის სამხატვრო აკადემიაში და კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტში მიიღო. 1898 წელს იგი დაბრუნდა საქართველოში და ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში, გრიბოედოვის ქ. 22 (ყოფილი არშაკუნის სასახლე. დღეს აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია).

1902 წელს ჰრინევსკი „კავკასიის ნატიფ ხელოვნებათა წამახალისებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი გახდა, 1904 წლიდან იყო საზოგადოების მდივანი. 1912 წელს „კავკასიის ნატიფ ხელოვნებათა საზოგადოებაში“, სხვებთან ერთად, დააარსა ქართული ხელოვნების შემსწავლელი მხატვრულ-არქიტექტურული სექცია. ამავე წლიდან, თანამშრომლობდა „კავკასიის შინამრეწველობის კომიტეტთან“, რომლის მიზანი კავკასიაში ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და ტრადიციული დარგების განვითარება იყო.

1910-იან წლებში რამდენჯერმე იმოგზაურა საქართველოში, შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრული ძეგლების შემსწავლელი ექსპედიციების ფარგლებში. შესრულებული აქვს წრომის, ატენის სიონის, ბიეთის, ტიმოთესუბნის, ბოლნისის სიონის, ყინწვისის, ფიტარეთის და სხვ. შუა საუკუნეების ქართული ტაძრების ანაზომები, ჩანახატები, მონუმენტური მხატვრობის ასლები. ამავე წლებში, მონაწილეობდა საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის შექმნაში.

1912 წელს სპეციალურმა კომისიამ ივანე ჯავახიშვილის თავმჯდომარეობით ჰრინევსკის დაავალა საქართველოს ლიტერატურის კლასიკოსის, ილია ჭავჭავაძის, მოთხრობებზე ილუსტრაციების შექმნა. წიგნი გამოვიდა 1914 წელს და ეს დიდი მოვლენა იყო საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში.

1918-1921 წწ. მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძესთან და მხატვრებთან დავით კაკაბაძესთან, ოსკარ შმერლინგთან და დიმიტრი შევარდნაძესთან ერთად საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლიკაზე იმუშავა. დიმიტრი შევარდნაძესთან ერთად არის ავტორი ქართული ფულის 1 000 და 5 000 კუპიურებისა.

1918 წლიდან იკავებდა თბილისის ფერწერისა და ქანდაკების სკოლის დირექტორის თანამდებობას, სკოლის სამხატვრო აკადემიად გადაკეთებამდე. სამხატვრო აკადემიის დაარსებიდან (1922 წ.) დაპატიმრებამდე (1937 წ.), სხვადასხვა წლებში, იყო აკადემიის პრორექტორი, არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი, ხატვისა და პერსპექტივის პროფესორი. აკადემიის გარდა, ასწავლიდა სახელმწიფო უნივერსიტეტში და სამშენებ��ო ტექნიკუმში (შემდეგ - ტექნიკური უნივერსიტეტი). 1921 წლიდან, ასევე, მუშაობდა საქართველოს ეროვნულ გალერეაში მხატვარ-რესტავრატორად. ამავე წელს იყო განათლების სახალხო კომისარიატის ხელოვნების განყოფილების მმართველი.

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ჰენრიკ ჰრინევსკის ავტობიოგრაფიის მიხედვით, იგი ორი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია: „ხაზოვანი პერსპექტივა და ჩრდილთა თეორია მხატვრებისა და არქიტექტორებისთვის“ (გამოიცა 1934 წ.) და „ქართული ორნამენტის ანალიზი ხელნაწერსა და ნახაზებში“. უკანასკნელის გამოცემა ავტორმა ვერ მოასწრო.

1937 წლის 11 აგვისტოს, სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ბრძანების (№00485): „პოლონური აგენტურული ქსელის ჯაშუშების განადგურების შესახებ“ საფუძველზე, საბჭოთა კავშირის მასშტაბით ეთნიკური პოლონელების მასობრივი რეპრესიები დაიწყო. ე. წ. „პოლონური ოპერაციის“ ფარგლებში საბჭოთა კავშირში მცხოვრები ათასობით პოლონელი გახდა სტალინური რეპრესიების მსხვერპლი. ჰრინევსკი 1937 წლის 15 დეკემბერს დააპატიმრეს. დილით, სამხატვრო აკადემიაში მისულ თანამშრომლებს, მისი ბინა-სახელოსნო გაძარცვული და დარბეული დახვდათ. გასამართლდა „სამეულის“: ილარიონ ტალახაძის, შალვა წერეთლის და ალექსანდრე მოროზოვის მიერ, სერგო გოგლიძის თავმჯდომარეობით. მას ბრალი დასდეს სამი უცხო ქვეყნის დაზვერვის რეზიდენტობაში. შეუფარდეს სასჯელის უმაღლესი ზომა. დახვრიტეს 1938 წლის 4 მარტს. საფლავის ადგილმდებარეობა უცნობია.

ჰენრიკ ჰრინევსკის უადრესი დათარიღებული ნამუშევრები 1900-იან წლებს მიეკუთვნება: „ვენეციის ბაზარი“, (1906 წ. ქაღალდი, აკვარელი. 24x55 სმ.), „მოხუცი ჯარისკაცი“ (1904 წ. ქაღალდი, აკვარელი. 27,3x11 სმ.), „შუქურა“ (ქაღალდი, აკვარელი. 31,5x 51,5 სმ.) სამივე ინახება შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში.

ბიეთის ტაძარი, 1901 წელი

ჰენრიკ ჰრინევსკის შემოქმედების დიდი კოლექცია დაცულია შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის თანამედროვე ქართული ფერწერისა და გრაფიკისა და არქიტექტურული ანაზომებისა და ნახაზები კოლექციებში. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული ჰენრიკ ჰრინევსკის მიერ შესრულებული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ჩანახატები, ანაზომები და მონუმენტური მხატვრობის ასლები: „ბოლნისის სიონი“ (1903 წ. ქაღალდი, აკვარელი. 58x90 სმ.), „ყინწვისი“ (ქაღალდი, აკვარელი. 40x31 სმ.), „ფიტარეთი“ (1911 წ. ქაღალდი. აკვარელი. 58x46 სმ.), „წუღრუღაშენი“ (ქაღალდი, აკვარელი. 59x41 სმ.), „ბიეთი“ (ქაღალდი, აკვარელი. 28X46 სმ.) თუ სხვა. ეს ნამუშევრები 1917 და 1920 წლებში გამოიფინა ეროვნულ გალერეაში, ძველი ქართული ხელოვნების გამოფენებზე.

არსებობს დოკუმენტი, რომლის მიხედვით, გრ. ბუხნიკაშვილმა (ხელოვნების მუზეუმის დირექტორი 1938-1939 წლებში), ჰრინევსკის დაპატიმრების შემდეგ, ზემოხსენებული ნამუშევრების განადგურების განკარგულების გადაწყვეტილება მიიღო. სავარაუდოდ, ნამუშევრები, ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლებმა: ლ. რჩეულიშვილმა და ირ. სონღულაშვილმა, განადგურების ნაცვლად, დროებით გადამალეს. მუზეუმის საინვენტარო წიგნში ისინი მხოლოდ მოგვიანებით, 1954 წ. გატარდა[1].

ჰრინევსკის გრაფიკული შემოქმედების მნიშვნელოვანი კოლექციაა დაცული სამხატვრო აკადემიაში. კოლექციის დიდ ნაწილი ნატურიდან შესრულებული ქალების ჩანახატებია. მათ შორის ბევრია მოცეკვავეები. სავარაუდოდ, ისინი, ჰრინევსკის მეუღლის, თბილისის პირველი საბალეტო სტუდიის დამაარსებლის, მარია პერინის, საბალეტო სტუდიის მოსწავლეებს ასახავენ. აკადემიის კოლექციის არსებობა 2010 წლამდე უცნობი იყო. გამოავლინა აკადემიის პროფესორმა ნ. ზაალიშვილმა. 2013 წ. აკადემიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ ნ. გუჯაბიძის თაოსნობით კოლექცია გაციფრდა, გაკეთდა ელექტრონული ბაზა, ჩაისვა ჩარჩოებში. კოლექციის ნაწილი გამოქვეყნებულია ჰ. ჰრინევსკის შემოქმედებისადმი მიძღვნილ პუბლიკაციაში. კოლექცია, სამხატვრო აკადემიაში, პირველად, 2022 წლის დეკემბერში გამოიფინა.

ჰენრიკ ჰრინევსკის ეკუთვნის ქაშუეთის ტაძრის კანკელის მხატვრობა. ასევე, მისი ესკიზის მიხედვითაა ჩამოსხმული ტაძრის ბრინჯაოს კარი. მისივე შესრულებულია ტაძრის წმინდა მარინეს სამლოცველოში მდებარე ბეთანიის ღვთისმშობლის ხატის პირი, ქართული გიმნაზიიდან გადმოსვენებული დავით აღმაშენებლის ხატი და ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ფრესკის მიხედვით შესრულებული თამარ მეფის ხატი.

ილია ჭავჭავაძის თხზულებების ილუსტრირება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1912 წელს ექიმ მიხეილ გედევანიშვილის ინიციატივით, დაიწყო ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული მემკვიდრეობის პირველი აკადემიური გამოცემის მომზადება. გამოცემაზე მუშაობდა სარედაქციო კომისია პუბლიცისტების, მეცნიერების, მთარგმნელების, მწერლებისა და დრამატურგების შემადგენლობით: ივანე ჯავახიშვილი, გიორგი ლასხიშვილი, იაკობ ფანცხავა, ივანე გომართელი, გრიგოლ ყიფშიძე, ივანე ზურაბიშვილი, კიტა აბაშიძე, მიხეილ გედევანიშვილი და იოსებ გედევანიშვილი. მიხეილ გედევანიშვილის სურვილით, გამოცემა, მხატვრულად სრულად ილუსტრირებული უნდა ყოფილიყო. წიგნის ილუსტრირება, თავიდან, გიგო გაბაშვილს შესთავაზეს, თუმცა მან უარი თქვა. მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძის რჩევით, კომისიამ, არჩევანი ჰენრიკ ჰრინევსკიზე შეაჩერა.

ჰრინევსკი ილუტრაციებზე 1912 წლის აპრილიდან 1913 წლის აგვისტომდე მუშაობდა. მუშაობის პროცესში „დიმიტრი თავდადებულის“ ილუსტრირებისას, მას საკონსულტაციო მიმოწერა ჰქონდა იმ დროს პეტერბურგში მყოფ ივანე ჯავახიშვილთან. ჰრინევსკიმ შეასრულა როგორც ფერადი, ასევე შავ-თეთრი ილუსტრაციები და თავსართ-ბოლოსართები ნაწარმოებებისთვის: „განდეგილი“, „კაცია-ადამიანი?!“, „ოთარაანთ ქვრივი“, „გლახის ნაამბობი“ და სხვ. ილუსტრაციებში კარგად გამოვლინდა, ერთი მხრივ, ჰრინევსკის მიერ შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების, საფასადო ორნამენტის, მხატვრობის, ხელნაწერებისა და კავკასიის ბუნებისა და ყოფის ცოდნა, მეორე მხრივ კი, ტუშისა და აკვარელის მასალის ფლობა და მისგან მაქსიმალური მხატვრული გამომსახველობის მიღების უნარი.

ილია ჭავჭავაძის თხზულებების პირველი აკადემიური გამოცემა 1914 წელს დაიბეჭდა. მეცენატ გიორგი ქართველიშვილის მიერ გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ შემდეგ (1888 წ.), ის გახდა პირველი, მხატვრულად სრულად გაფორმებული ქართული წიგნი. 1912 წლის 19 ოქტომბერს პეტერბურგიდან გამოგზავნილ წერილში ივანე ჯავახიშვილი წერდა:

ვიკიციტატა
„საზოგადოდ, მშვენიერი სურათებია და მე მოხარული ვარ, რომ ჰრინევსკი ასე კარგად და პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას. დიდი მადლობის ღირსია იგი. ბატონ ჰრინევსკის ჩემ მაგიერ გთხოვთ სალამი გადასცეთ, უამბოთ, რომ მე ზოგადად ძალიან კმაყოფილი ვარ მისი ნახატებით.“

1937 წელს, საქართველოში, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილე აღინიშნა. იუბილის ფარგლებში 6 ივნისს, ეროვნულ გალერეაში, ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების პირველი ილუსტრატორის, ჰენრიკ ჰრინევსკის ნამუშევრები, წარმოდგენილი არ იყო.

სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის შენობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1912 წელს არქიტექტორ ანატოლი კალგინის და ჰენრიკ ჰრინევსკის პროექტმა გაიმარჯვა სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის შენობისთვის გამოცხადებულ კონკურსში. კონკურსის პირობის მიხედვით, შენობა „ქართული სტილის“ უნდა ყოფილიყო, რაც გულისხმობდა თანამედროვე არქიტექტურაში შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების მოტივების გამოყენებას.

ბანკის შენობა 1913-1916 წლებში აიგო ლორის-მელიქოვის (დღეს ლადო გუდიაშვილის) ქუჩაზე. 1929 წლიდან შენობა ბიბლიოთეკას ეკუთვნის. დღეს მასში საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსია განთავსებული. შენობის არქიტექტურული ნაწილის ავტორია ანატოლი კალგინი. ჰენრიკ ჰრინევსკის ეკუთვნის ინტერიერისა და ფასადების დეკორირება. შენობის ფასადები (ლ. გუდიაშვილისა და ნ. ვაჩნაძის ქუჩებზე) ფასადები X-XIII სს. ქართული ტაძრების ორნამენტული მოტივებითაა შემკული. გამოყენებულია ციტატები ახტალისა და ოშკის ტაძრებიდან ორნამენტების დიდი ნაწილი კი, ჰრინევსკის ფანტაზიითაა შექმნილი. ჰრინევსკის ეკუთვნის გუდიაშვილის ქუჩის მხარეს არსებული გალერეის მოხატულობა, მისი ესკიზების მიხედვითაა შესრულებული გალერეის სვეტების კაპიტელები, ასევე, შენობის საპარადო კარი. ინტერიერში ჰინევსკის ეკუთვნის ვესტიბიულის, პირველ სართულზე შესასვლელის მარცხნივ მდებარე სამკითხველო დარბაზის, კიბის უკრედის და მეორე სართულის დიდი სამკითხველო დარბაზის მოხატულობა. მოხატულობა შთაგონებულია ქართული ხუროთმოძღვრებისა და ხელნაწერების მოტივებით.

პირველ სართულზე მდებარე სამკითხველო დარბაზს, თბილისში პოლონური ინსტიტუტის ხელშეწყობით, 2017 წელს ჩაუტარდა რესტავრაცია და ჰენრიკ ჰრინევსკის სახელი მიენიჭა.

ჰრინევსკი, როგორც რეპრესირებული მხატვარი, ათწლეულების განმავლობაში არ მოიხსენიებოდა სახელოვნებათმცოდნეო ლიტერატურაში. მისი შემოქმედება არ იყო შესწავლილი, ნამუშევრები არ იფინებოდა. მისი სახელის ხსენება მხოლოდ მოგვიანებით გახდა შესაძლებელი. მაგ.: 1975 წ. გამოცემულ ვ. ბერიძისა და ნ. ეზერსკაიას „საბჭოთა საქართველოს ხელოვნებაში“ სახელთა საძიებელში დაიბეჭდა ბიოგრაფიული ცნობები მის შესახებ და ილუსტრაცია ილია ჭავჭავაძის „განდეგილისთვის“.[2] 1989 წელს ჟურნალში „სპექტრი“ დაიბეჭდა აკადემიკოს ვახტანგ ბერიძის მოგონებები, რომელშიც, სხვებთან ერთად, ბერიძე თავის პედაგოგის, ჰრინევსკის შესახებაც წერს. 2005 წელს საგულისხმო ცნობები ჰრინევსკის დაპატიმრების შესახებ, დაიბეჭდა ხელოვნებათმცოდნე ნინო ზაალიშვილის სტატიაში „ახალი მონაცემები რეპრესირებული ქართველი მხატვრების ბიოგრაფიებისა და შემოქმედების შესახებ“.[3]

2007 წელს, პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, მხატვარ ჰენრიეტა იუსტინსკაიას ორგანიზებით, მოეწყო ჰენრიკ ჰრინევსკისადმი მიძღვნილი კონფერენცია. კონფერენციის მოხსენებები გამოიცა ილუსტრირებული კრებულის სახით. 2019 წელს ჰენრიკ ჰრინევსკის დაბადებიდან 150 წლის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული მუზეუმში მოეწყო გამოფენა, სადაც პირველად გამოიფინა მუზეუმში დაცული ჰრინევსკის შემოქმედების დიდი ნაწილი და გამოიცა მისი შემოქმედების სახელოვნებათმცოდნეო კვლევა. გამოფენა და პუბლიკაცია მომზადდა თბილისში პოლონური ინსტიტუტის და განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 692.
  • ცინცაძე კ., ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია ტფილისში, თბ., 1994
  • კიკნაძე ე., ჰენრიკ ჰრინევსკი, თბ., 2019
  • იუსტინსკაია ჰ., ჰენრიკ ჰრინევსკი, კონფერენციის „ჰენრიკ ჰრინევსკი“ მასალების კრებული, თბ., 2007
  • Беридзе В., Езерская Н., Искусство советской Грузии 1921-1970, Москва 1975

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. კიკნაძე ე. ჰენრიკ ჰრინევსკი, თბ., 2019, გვ. 112-113
  2. Беридзе В., Езерская Н., Искусство советской Грузии 1921-1970, Москва 1975
  3. ჟურნ. საქართველოს სიძველენი. 2005 წ. N 7-8. გვ. 359