შინაარსზე გადასვლა

შეჰზადე სულეიმანი (აჰმედ I-ის ვაჟი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შეჰზადე სულეიმანი
მშობლიური სახელი Şehzade Süleyman
დაბადების თარიღი 1615
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 27 ივლისი, 1635
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების მიზეზი სიკვდილით დასჯა
დაკრძალულია სულთან აჰმედის მეჩეთი
რელიგია ისლამი
მშობლები მამა: აჰმედ I
დედა: ქიოსემ სულთანი (სავარაუდოდ)

შეჰზადე სულეიმანი (დ. 1615, სტამბოლი — გ. 27 ივლისი, 1635, იქვე) — აჰმედ I-ის ვაჟი. მისი დედა სავარაუდოდ იყო აჰმედის კანონიერი მეუღლე ქიოსემ სულთანი.

სულეიმანი დაიბადა 1615 წელს სტამბოლში, სულთან აჰმედ I-ის ოჯახში. თუ მისი დედა ქიოსემ სულთანი იყო, მაშინ სავარაუდოდ, სულეიმანი იყო ოსმალეთის მომავალი სულთნის, იბრაჰიმ I-ის ტყუპისცალი. თუმცა, შესაძლოა ის მაჰფირუზ სულთნის შვილიც ყოფილიყო. 1617 წელს, აჰმედი გარდაიცვალა და ტახტზე სულეიმანის უნარშეზღუდული ბიძა, მუსტაფა I ავიდა. 1618 წლის 26 თებერვალს, მუსტაფა ტახტიდან ჩამოაგდო სულეიმანის უფროსმა ძმამ, ოსმან II-მ, მაგრამ ისიც მალევე ჩამოაგდეს და მოკლეს. ტახტი კვლავ მუსტაფამ დაიკავა. მისი მმართველობა წელიწადსა და ოთხ თვეს გაგრძელდა.

1623 წელს იანიჩართა აჯანყების შედეგად ოსმალეთის ტახტი დაიკავა სულეიმანის უფროსმა ძმამ, მურად IV-მ. მისი მმართველობის პერიოდში სულეიმანი და მისი ძმები ჰარამხანაში, კაფესში (გალიაში) იყვნენ გამოკეტილნი. 1635 წელს, როცა მურად IV ერევნის დასაპყრობად მიდიოდა, მან ტახტის მოცილეების მოშორება გადაწყვიტა. 27 ივლისს სულეიმანი და მისი ძმა, ბაიაზიდი სიკვდილით დაისაჯნენ. შეჰზადე სულეიმანი დაკრძალულია ცისფერი მეჩეთის მავზოლეუმში, მამის გვერდით.