შინაარსზე გადასვლა

შარლოტა კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შარლოტა კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი
წოდებები
რუსეთის ცარევნა
დაიბადა 28 აგვისტო, 1694
ვოლფენბიუტელი, გერმანია
გარდაიცვალა 2 ნოემბერი, 1715, (21 წლის)
სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
საგვარეულო ველფები
მეუღლე(ები) ალექსი პეტროვიჩი, რუსეთის ცარევიჩი
შვილ(ებ)ი ნატალია
პეტრე II, რუსეთის იმპერატორი
მამა ლუდვიგ რუდოლფი, ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგი
დედა კრისტინა ლუიზა ოტინგენ-ოტინგენელი
რელიგია ლუთერანობა

შარლოტა კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი (გერმ. Charlotte Christine von Braunschweig-Wolfenbüttel; დ. 28 აგვისტო, 1694, ვოლფენბიუტელი, გერმანია — გ. 2 ნოემბერი, 1715, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი) — ველფების დინასტიის წარმომადგენელი. რუსეთის ცარევიჩ ალექსი პეტროვიჩის მეუღლე და იმპერატორ პეტრე II-ის დედა, პეტრე I-ის რძალი. საფრანგეთის დედოფალ მარი ანტუანეტის ბებიის და.

შარლოტა კრისტინა დაიბადა 1694 წლის 28 აგვისტოს ვოლფენბიუტელში. იგი იყო ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგ ლუდვიგ რუდოლფისა და მისი მეუღლის, კრისტინა ლუიზა ოტინგენ-ოტინგენელის ასული. მისი უფროსი და, ელიზაბეთ კრისტინა შემდგომში საღვთო რომის იმპერატრიცა და მრავალი ევროპელი მონარქის წინაპარი გახდა. ის და მისი დები პოლონეთის მეფე ავგუსტ II-ისა და დედოფალ კრისტიანა ებერჰარდინა ბრანდენბურგ-ბაიროითელის კარზე იზრდებოდნენ. ამის მიზეზი ის იყო რომ შარლოტა კრისტინა დედოფალ კრისტიანას შორეული ნათესავი და მისი ნათლული იყო. მისი ხელშეწყობით მან იმ პერიოდისათვის საკმაოდ კარგი განათლება მიიღო.

1709 წლის ბოლოს რუსეთის ცარმა პეტრე I-მა თავისი ვაჟი, ცარევიჩი ალექსი პეტროვიჩი დრეზდენში გააგზავნა განათლების დასასრულებლად, სადაც პირველად შეხვდა შარლოტა კრისტინას. პეტრე I-ს ხელს აძლევდა მათი ქორწინება, რამეთუ მისი და საღვთო რომისა და ავსტრიის იმპერატორის მეუღლე იყო, რაც რუსებს დიდად წაადგებოდათ თურქებთან მოსალოდნელ ბრძოლაში.

1711 წლის 25 ოქტომბერს თორგაუში შარლოტა კრისტინა და ალექსი პეტროვიჩი დაქორწინდნენ, რითაც იგი რუსეთის მომავალი დედოფალი, ანუ ცარევნა გახდა. მას უფლება მისცეს შეენარჩუნებინა თავისი ლუთერანული აღმსარებლობა, თუმცა მათი შვილები მართლმადიდებლებად უნდა აღზრდილიყვნენ. ეს იყო რიგით მეორე შემთხვევა, რითაც დაირღვა ძველი რუსული ტრადიცია, რომლის მიხედვითაც რუსეთის სამეფო ოჯახის წევრები მხოლოდ რუსებზე ქორწინდებოდნენ. მანამდე ეს ანა ივანოვნამ დაარღვია, როცა ცოლად კურლანდის ჰერცოგს გაჰყვა. ზოია პალეოლოგინას შემდეგ იგი იყო პირველი უცხოელი ქალი, რომელიც რუსეთის სამეფო ოჯახის წევრზე დაქორწინდა. 1713 წელს იგი სანქტ-პეტერბურგში გადასახლდა ქმართან ერთად.

შარლოტა კრისტინა პეტრე I-ის სიმპათიით სარგებლობდა, თუმცა რუსეთში იგი იზოლირებულად ცხოვრობდა, რადგან სულ უცხოელებით იყო გარშემორტყმული. თავიდან მისი და ალექსის ქორწინება ბედნიერი იყო, თუმცა მოგვიანებით მათი ურთიერთობაც დაიძაბა. ალექსი მთელ დროს მამასთან ატარებდა, რის გამოც შარლოტა კრისტინა კიდევ უფრო იზოლირებული იყო, რამეთუ რუსეთში მას მეგობრები და ნათესავები არ ჰყავდა. ამაზე განაწყენებული შარლოტა კრისტინა გერმანიაში, მამის სასახლეში დაბრუნდა. პეტრე I-მა მას თავად ჩააკითხა და განრისხების ნაცვლად მშვიდად უთხრა, რომ ნებისმიერ დროს შეეძლო სამშობლოში დაბრუნება, ოღონდ წინასწარ უნდა გაეფრთხილებინა.

მათ ქორწინებას ისიც აზარალებდა, რომ ცარევიჩს სრულიად ღიად ჰქონდა რომანი ევფროსინა ფედოროვასთან, რომელიც შარლოტას სიცოცხლეში დაიწყო და მისი გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდა. თუმცაღა, მან ნუგეში თავისი ქალიშვილის, ნატალია ალექსიევნას გაჩენაში ჰპოვა. ამას მალევე მოჰყვა ვაჟის, პეტრე ალექსიევიჩის დაბადება, თუმცა მისი გაჩენის შემდეგ გართულებები დაიწყო, რომელთაგანაც 1715 წლის 2 ნოემბერს 21 წლის შარლოტა კრისტინა გარდაიცვალა. მისი ქმარი მეორედ აღარ დაქორწინებულა და მათი ორივე შვილი უშვილოდ გარდაიცვალა.

  • Montefiore, Simon Sebag (2016). The Romanovs: 1613—1918. Knopf Doubleday Publishing Group.
  • Johann Christian Lünig. Theatrum Ceremoniale oder Historisch-Politischer Schauplatz aller Ceremonien. 2. Teil. Ceremoniell bei dem zu Torgau zelebrierten Beilager des Zarischen Kronprinzen, Herrn Alexej Petrowitz, de anno 1711, S. 479.
  • Wladimir Guerrier. Die Kronprinzessin Charlotte von Rußland/Schwiegertochter Peters des Großen nach ihren noch ungedruckten Briefen 1707–1715, Bonn 1875.
  • Manfred von Boetticher: Braunschweigische Fürsten in Russland in der ersten Hälfte des 18. Jahrhunderts. Göttingen 1998
  • Ferdinand Spehr: Charlotte Christine Sophie. In: Allgemeine Deutsche Biographie (ADB). Band 4, Duncker & Humblot, Leipzig 1876, S. 103.
  • Charlotte Birch-Pfeiffer: Santa Chiara oder die Auferstandene. Romantische Oper in drei Aufzügen, Reclam, Leipzig 1900.
  • Je.W. Ptschelow: Monarchen von Russland (Монархи России), Olma-Press, Moskau 2003, Seite 428.