ქოლაგირის ციხ���
ქოლაგირის ციხე, ასევე დედოფლის ციხესიმაგრე – ფეოდალური ხანის (XVIII საუკუნის დასასრული) ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. ცურტავში (ყოფ. ქოლაგირი). მდებარეობს მდ. ალგეთის მარცხენა მხარეს. აქ ადგილი გაშლილია და მისადგომად ყოველ მხრიდან ერთნაირია.
ქართლ-კახეთში აგებულ ამ ტიპის ციხეებიდან ქოლაგირისა ერთ-ერთი უკანასკნელთაგანია. იგი აგებულია 1788–1798 წლებში დარეჯან დედოფლის მიერ. 1801 წ. თვით დარეჯანი წერდა. ,,ქოლაგირის დიდი ციხე და გალავანი ავაშენე“.. შემონახულია წინასწარ შედგენილი პროექტი, რომლის მიხედვითაც აშენდა ეს ციხე. ციხის გეგმა კვადრატულია და 2000 კვ. მ. ფართობი უკავია. ნაგებია დაუმუშავებელი შერჩეული ქვით. აგური გამოყენებულია სალოდეებისათვის და შესასვლელი კოშკების დეკორატიული დამუშავებისათვის. 6 მ სიმაღლის კედელი ქვემოთ უფრო სქელია, ზემოთ კი — თხელია. ე. წ. „საბრძოლო ბილიკი“ გარს შემოუყვება მთელ ციხეს კოშკების მეორე სართულის დონეზე.
ციხის კუთხეებში ცილინდრული კოშკები დგას, აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლების ცენტრებში თითო სწორკუთხა კოშკია. პირველ მათგანში მთავარი შესასვლელია მოწყობილი. კუთხის ცილინდრული კოშკები ერთნაირი გადაწყვეტისაა. სამი სართული საბრძოლო — საცხოვრებელია, ხოლო ბანი მხოლოდ თავდაცვითია, სადაც განლაგებულია სათოფეები, სალოდეები და საზარბაზნეები. გალავნის შიგნით მხოლოდ ერთი პატარა წმინდა ქეთევან დედოფლის სახელობის ეკლესიაა. ქოლაგირის ციხეს აქვს ორი შესასვლელი. მას ცოტა ხანს მოუხდა ქვეყნის სადარაჯოზე დგომა. XIX საუკუნის დასაწყისიდან მან სხვა ციხეებთან ერთად დაჰკარგა თავისი ფუნქცია.
2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
მკვიდრად ნაგები ოთხსართულიანი კოშკები ციხეს ოთხივე მხარეს აქვს დატანებული
-
ასეთი ხედი იშლება "საბრძოლო ბილიკიდან"
-
დღეს უმოქმედო შესასვლელი კოშკი, ერთ-ერთია იმ ორიდან, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ციხეში შეღწევა
-
კონუსის ფორმის სათოფურები ციხეს მთელს გაყოლებაზე გასდევს
-
წმინდა ქეთევანის სახელობის ეკლესია დღესაც მოქმედია
-
მთავარი ჭიშკრის ზემო სართულს ციხის ეკლესიაში მოსაგრე მონაზვნები კელიებად იყენებენ
-
მონაზვნების წყალობით ციხის შიდა ტერიტორია მოვლილია და დეკორატიული ყვავილებით არის გამშვენებული
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 545.
- ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები, თბ., 1973 წ.
- ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები, თბ., 1988 წ.