ტროფიმე და თალია
ტროფიმე და თალია — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები, ხსენების დღე არის ძველი სტილით 16 მარტი, ახალი სტილით — 29 მარტი.
წმინდა მოწამენი ტროფიმე და თალია პრესვიტერები, ძმები იყვნენ. ისინი ლაოდიკიაში მსახურობდნენ. დიოკლეტიანეს (284-305) და მაქსიმიანე გალერიუსის (283–305) დროს, ქრისტიანთა დევნისას, ძმები შეიპყრეს და მიჰგვარეს გამგებელ ასკლიპიოდოტს. მან წმინდანთა ქვებით ჩაქოლვა ბრძანა, მაგრამ ნასროლი ქვები მსროლელებს უბრუნდებოდა. განმეორებითი დაკითხვის შემდეგ, ძმებს ჯვარცმა მიუსაჯეს. სასიკვდილოდ მიმავალნი უფალს განადიდებდნენ და მადლობდნენ, რამეთუ სათნო იჩინა და წმიდანებს ჯვარზე გაკრულნიც ქადაგებდნენ. დედა ამხნევებდა ჯვარცმულებს. ერთმა იუდეველმა ქალმა თაყვანი სცა წმინდანებს და წამოიძახა: „ნეტარ არიან დედანი, მშობელნი ამგვარი შვილებისა“. წმიდანთა გარდაცვალების შემდეგ საპყრობილის დარაჯმა იხილა სამი ანგელოზის თანხლებით ზეცას აღმავალი ძმების სულები. ხალხი მთელი ღამე არ მოშორებია წმინდა მოწამეთა გვამებს. დილით სასჯელის ადგილზე მივიდა ასკილიპიოდოტის ცოლი ნელსაცხებლებით და ძვირფასი სახვევებით. მან ხალხს მოუთხრო, თუ როგორ იხილა ძილში წმინდანები და ასკლიპიოდოტის დასასჯელად გამოგზავნილი ანგელოზები.
მოწამეთა დედამ და ორმა ქრისტიანმა — ზოსიმემ და არტემმა, წმინდა ძმები დაასაფლავეს მათ მშობლიურ ქალაქ სტრატონიკეში. ასკლიპიოდოტი მალე დაავადმყოფდა და საშინელი ტკივილებით გარდაიცვალა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.