სფრაგისტიკა
სფრაგისტიკა (ძვ. ბერძნ. σφραγις — ბეჭდვა), ანუ როგორც მას კიდევ უწოდებენ, სიგილოგრაფია (ლათ. sigillum — ბეჭდვა) — ისტორიის დამხმარე დისციპლინაა, რომლის შესწავლის ობიექტს ბეჭდები და საბეჭდავები წარმოადგენენ.
საბეჭდავი ეწოდება სხვადასხვა მასალისაგან (ქვა, ლითონი, ძვალი და სხვა) გაკეთებულ შტამპს, ყალიბს, ხოლო ბეჭედი მის ანაბეჭდს, მიღებულს დაწნევით პლასტიკურ მასალაზე (თიხა, ცვილი, ლუქი, ტყვია, ვერცხლი, ოქრო და სხვა), ან საღებავების საშუალებით ქაღალდზე, ეტრატზე და სხვა. ბეჭედი, როგორც საბუთის უტყუარობის ნიშანი, პირველად გაჩნდა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში აღმოსავლეთის ქვეყნებში (შუმერი, ეგვიპტე და სხვა), სადაც ისინი მზადდებოდა მყარი ფერადი ქვებისაგან ცილინდრული, ხოჭოს ფორმისა და ა.შ.
ფართო გამოყენება ჰქონდა ბეჭდებს ეგეოსის სამყაროში და უფრო გვიან — ანტიკურ საბერძნეთში, რომსა და ახლო აღმოსავლეთში. შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ბიზანტიასა და რუსეთში გავრცელებული იყო ე. წ. შეკიდული ბეჭდები. ეს ბეჭდები მიმაგრებული იყო საბუთთან ზონრით. ზოგან (ვატიკანი) შეკიდული ბეჭდები XX საუკუნემდე შემორჩა.
სფრაგისტიკა, როგორც მეცნიერება, პირველ ხანებში ჩამოყალიბდა როგორც დიპლომატიკის ნაწილი (XVIII საუკუნე), მისი მიზანი იყო დოკუმენტების დათარიღებისა და სინამდვილის დადგენა მათზე დასმული ბეჭდების მიხედვით.
XIX საუკუნის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც დაგროვდა მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მასალა, სფრაგისტიკის განვითარებაში დაიწყო ახალი ეტაპი, ამ დროიდან სფრაგისტიკა შეისწავლის ძველი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიას, სახელმწიფო აპარატის ცვლილებებს საბეჭდავების ქრონოლოგიური კლასიფიკაციის საფუძველზე. სფრაგისტიკის განვითარებაში დიდი დამსახურება მიუძღვით ფრანგ მეცნიერს გ. შლუმბერჟეს და რუს ნიკოლაი ლიხაჩოვს.
სფრაგისტიკული მასალა მნიშვნელოვანი წყაროა, გამოყენებითი ხელოვნების, ჰერალდიკის, ნუმიზმატიკის, ეპიგრაფიკის, გლიპტიკის, ონომასტიკისა და ძველი არქივების შედგენილობის შასასწავლად.
სფრაგისტიკა საქართველოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოში საბეჭდავები გაჩნდა ძვ. წ. XIV საუკუნეში (ხოვლეს, გუდაბერტყას, ჭადიჯვრის, უფლისციხის და სხვა არქეოლოგიური მასალა.) და, როგორც ჩანს, ფართო გამოყენება ჰქონდა ადრინდელი ანტიკური (ძვ. წ. VI-IV სს.) პერიოდიდან. ამ ხანიდან მოკიდებული გვხვდება წარწერებიანი (ბერძნული), მათ შორის მფლობელისსახელიანი საბეჭდავები (ვანის, არმაზისხევის, ზღუდერის, ურბნისის არქეოლოგიური მასალა). ელინისტური ხანიდან კი უკვე არის საბეჭდავების პრაქტიკული გამოყენების ნივთიერი საბუთები: ანაბეჭდები კავთისხევის ციხიაგორის კედლის შელესილობაზე (ძვ. წ. IV-III სს.). თიხის ბულა რომაული საბეჭდავის ანაბეჭდებით ურბნისის ნაქალაქარიდან (ახ. წ. II საუკუნე), თიხის ბულები სასანური საბეჭდავების ანაბეჭდებით ურბნისის ნაქალაქარიდან და ყათნალიხევიდან (უფლისციხე, V-VII საუკუნეები), ლითონის შეკიდული ბეჭდები ბერძნული წარწერებით აფხაზეთის მმართველის კონსტანტინესი (VII-VIII საუკუნე) და ეპისკოპოს თევდორესი (VI-VII საუკუნე) ძველი პიტიუნტის ტერიტორიიდან, პეტრე ეპისკოპოსისა (VI-VII საუკუნე) ძველი ანაკოფიიდან (ახალი ათონი), ეგრისის სამეფოს მმართველის სერგი ბარნუკის ძისა (VII-VIII საუკუნეები) ეგრისის დედაქალაქ არქეოპოლისიდან (ნოქალაქევი, სენაკის მუნიციპალიტეტი).
ქართულწარწერიანი (ლეგენდიანი) საბეჭდავები დღემდე ძალიან მცირე რაოდენობით არის შემორრჩენილი. მოღწეულია ერთეული ნიმუშები განვითარებული შუა საუკუნეების ხანიდან; მაგალითად, გიორგი III-ის (1156-1184 წწ.) წარწერიანი საბეჭდავი-ბეჭედი, ამავე ხანის რამდენიმე საბეჭდავი-ბეჭედი, რომელზეც ამოკვეთილია დაქარაგმებული ასომთავრული წარწერები. არის უფრო მოგვიანო ნიმუშები (XVII-XVIII სს.). XIX საუკუნეში ქართულწარწერიან საბეჭდავებთან ერთად გავრცელდა ევროპული ტიპის რუსული ან ლათინურწარწერიანი, ან მონოგრამებიანი საბეჭდავებიც. ჩვენამდე მოღწეულ საბუთებზე ქართულწარწერიანი ბეჭდების უძველესი ნიმუშები XV საუკუნის 70-იანი წლებიდან გვხვდება.
ბეჭდის ფორმები და ლეგენდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქართული ბეჭდები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ფორმით (ოთხკუთხა, რვაკუთხა, მრგვალი და ოვალური., ნუშის ფრმის, გუმბათისებური), დამწერლობით (ასომთავრული და მხედრული) და ლეგენდების შინაარსით. ლეგენდების შინაარსის მიხედვით ქართული ბეჭდები შეიძლება 3 ჯგუფად დაიყოს:
- ბეჭდები, რომელთა ლეგენდები შეიცავს მხოლოდ ბეჭდის მფლობელის სახელს.
- ბეჭდები, რომელთა ლეგენდებში ბეჭდის მფლობელი მოხსენიებულია სახელით, გვარით და თანამდებობით.
- ბეჭდები, რომელთაც ვრცელი ლეგენდები აქვთ.
ბეჭედს როგორც სიმტკიცის სიმბოლოს, საბუთს უსვამდა ის პირი, რომელიც გარკვეულ მიმართებაში იყო დოკუმენტში აღნიშნულ იურიდიულ აქტთან. ბეჭდები ჰქონდათ მეფეებს, სამეფო საგვარეულოს წევრებს, დიდგვაროვან ფეოდალებს – სხვადასხვა თანამდებობის პირებს, თავადებს, აზნაურებს, ეკლესიის მსახურებს, აგრეთვე მოქალაქეებსა და ვაჭარ-ხელოსნებს. თითოეულ მოღვაწეს რამდენიმე ბეჭედი ჰქონდა. ბეჭდის მფლობელი მათ ხმარობდა მღვაწეობის სხვადასხვა პერიოდში და სხვადასხვა ხასიათის დოკუმენტებისათვის.
ბეჭდის დასმის ადგილი საბუთებში გარკვეულ წესს მისდევს. ბეჭედს უსვამდნენ დოკუმენტის ბოლოს, მოხსენიებულ პირთა თანამიმდევრობის მიხედვით. არის გამონაკლისებიც.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბაქრაძე ა., ჯავახიშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 620-621.