სოხუმის დრამატული თეატრი
სოხუმის სამსონ ჭანბას სახელობის დრამატული თეატრი — სახელმწიფო აფხაზური თეატრი სოხუმში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი სპექტაკლი, რომელმაც სათავე დაუდო აფხაზურ თეატრს, დაიდგა 1918 წელს ოჩამჩირეში (ხელმძღვანელი პ. შაკრილი). 1919 წელს სოხუმში დიმიტრი გულიას ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა აფხაზური ლიტერატურულ-დრამატულ წრეს (ხელმძღვანელი ა. შაქაია).
აფხაზეთის გასაბჭოების შემდეგ (1921) სოხუმში დიმიტრი გულიას ხელმძღვანელობით დაარსდა მოძრავი აფხაზური თეატრალური დასი. 1928 წელს საზეიმოდ გაიხსნა სოხუმის თეატრი მუდმივი აფხაზური და ქართული დასებით. აფხაზური დასის ხელმძღვანელი იყო ს. ბჟანია. 1929 წელს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა რეჟ. ვ. გარიკი. 1930 წელს აფხაზურმა დასმა დადგა ს. შანშიაშვილის „ანზორი“. ამ პერიოდის საუკეთესო დადგმები იყო: მ. კოვეს „კიახ ხაჯარათი“, ვ. აგრბას „აჯანყება ლიხნში“, ა. ოსტროვსკის „ჭექა-ქუხილი“, გოგოლის „რევიზორი“, შილერის „ყაჩაღები“, ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“ და სხვ.
1939 წელს თეატრს დაუბრუნდნენ მსახიობები, რომლებმაც რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებული დრამატული სტუდიის აფხაზური სექტორი დაამთავრეს. 1967 წელს თეატრს სამსონ ჭანბას სახელი მიენიჭა. 1979 წლიდან აფხაზური და ქართული დასები დამოუკიდებელ თეატრებად ჩამოყალიბდნენ. საბჭოთა ეპოქის ბოლო წლების საუკეთესი დადგმებია: შ. აჯინჯალის „წყაროს ხმა“, ო. იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“, „თეთრი ბაირაღები“ (ნ. დუმბაძის მიხედვით), ბ. შინქუბას „როგორც გენებოთ“ და სხვ. თეატრი გასტროლებს მართავდა მოსკოვში, კიევში, თბილისში და სხვ. ქალაქებში.
აფხაზური თეატრის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რეჟისორებმა: კ. ძიძარიამ, ვ. კრივცოვმა, ვ. დომოგაროვმა, ვ. გარიკმა, ს. ჭელიძემ, ა. აგრბამ, შ. ფაჩალიამ, ნ. ეშბამ და სხვ.; მსახიობებმა: ე. შაკირბაიმ, რ. აგრბამ, ი. კოკოსკერიამ, ა. არგუნ-კონოშოკმა და სხვ. 1981 წელს დ��ჯილდოვდა „საპატიო ნიშნის“ ორდენით. 1984 წელს დასში ირიცხებოდნენ: სსრკ სახალხო არტისტი შ. ფაჩალია (დირექტორი); საქართველოს სსრ სახალხო არტისტები მ. ზუხბა, ლ. კასლანძია, მ. კოვე, ე. კოღონია, ა. აგრბა, ნ. კამკია, მ. ფაჩალია, ს. კობახია, ს. აგუმაა და სხვ. მთავარი რეჟისორი იყო დ. კორტავა, მთავარი მხატვარი ე. კოტლიაროვი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ცუცქირიძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 503.