სოლომონ თავაძე
სოლომონ თავაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 29 ივნისი (11 ივლისი), 1890 |
დაბადების ადგილი | ჩოჩხათი, ქუთაისის გუბერნია, ოზურგეთის მაზრა, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 28 მაისი, 1960 (69 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | პოეტი |
ენა | ქართული ენა |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ჯილდოები | შრომითი მამაცობის მედალი |
მეუღლე | აგრაფინა თავაძე |
შვილ(ებ)ი | აკაკი თავაძე |
სოლომონ ეგნატეს ძე თავაძე (დ. 11 ივლისი [ძვ. სტ. 29 ივნისი ], 1890, ჩოჩხათი, ოზურგეთის მაზრა — გ. 28 მაისი, 1960, თბილისი) — ქართველი მწერალი, რევოლუციონერი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. გაჭირვებამ საშუალება არ მისცა ესწავლა სკოლაში. 13 წლისას გარდაეცვალა მამა. 1904 წელს დაიწყო დაიწყო მუშაობა ჩაქვში ჩაის მკრეფავად. მუშაობის დროს ეცნობოდა არალეგალურ ლიტერატურას. 1 მაისს მონაწილეობა მიიღო მშრომელთა საერთაშორისო დღის დემონსტრაციაში, რის გამოც მცირე ხნით დააპატიმრეს და სამსახურიდან დაითხოვეს. შემდეგ იშოვა სამსახური ჩაის ფაბრიკაში, სადაც 1905 წლის მაისამდე მუშაობდა. 1905 წლის მაისში გადავიდა გომმუხაყრუაში, სადაც მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში. იმავე წლის ოქტომ��ერში მონაწილეობა მიიღო შორაპანში ჩაფრების განიარაღებაში. 1906 წლის თებერვალში დააპატიმრეს და ტობოლის გუბერნიაში გადაასახლეს. სამი თვე ციხიდან ციხეში ატარებდნენ, 20 დღე ციმბირში გაატარა და შემდეგ სამ ამხანაგთან ერთად გაქცევა შეძლო. ერთ ხანს იმალებოდა ბაქოში ვანო ნაფეტვარიძის სახელით. 1907 წლიდან გახდა რსდმპ წევრი და ირიცხებოდა 1919 წლამდე. 1907-1909 წლებში მუშაობდა სარეწავ „ოლეუმის“ მექანიკურ სახელოსნოში შეგირდად. 1909 წლის დასაწყისში სამსახურიდან დაითხოვეს. აპირებდა სოფელში მიწის გაყიდვას, რის გამოც ჩავიდა დაბრუნდა გურიაში. ჯუმათში ყოფნისას კვლავ დააპატიმრეს და გაათავისუფლეს იმ პირობით, რომ მაზრაში აღარ დაბრუნდებოდა. თავაძე წავიდა სამურზაყანოში, სადაც ხე-ტყის სახერხ ქარხანასა და წისქვილში მუშაობდა. 1910 წლის მარტის დასაწყისში დაბრუნდა ბაქოში, სადაც 19 მარტს დააპატიმრეს. 11 თვე გაატარა ბაქოს ციხეში, შემდეგ გადაიყვანეს ქუთაისში, სადაც გურიის რესპუბლიკის საქმეზე გაასამართლეს და მიუსაჯეს 10 წლით პატიმრობა. 1912 წელს ქუთაისის ციხეში ყოფნის დროს ჯვარი დაიწერა. პატიმრობაში დაიწყო წერა. მისი პირველი ლექსი „მუშა“ 1912 წელს გამოქვეყნდა გაზეთ „თემში“. ამის შემდეგ მისი ლექსები და მოთხრობები სისტემატურად იბეჭდებოდა „ობოლი მუშის“ ფსევდონიმით. 1915 წლის შემოდგომაზე გადაიყვანეს მეტეხის ციხეში. მუშაობდა ციხის სტამბაში, ისწავლა ასოთაწყობა.
ციხიდან გათავისუფლდა 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ. 1918 წელს გამოქვეყნდა თავაძის პირველი წიგნი, მომავალი, რომელშიც შევიდა საპატიმროში დაწერილი ლექსების და პოემების კრებული. მალე მას მოჰყვა მოთხრობების წიგნი „საპატიმროს დღიურიდან“. თავაძეს ეკუთვნის ლექსებისა და პოემების კრებულები „შორი ნათელი“ (1924), „მზია ლაური“ (1939), „კავკასიონი“ (1943), რომანები „გზა მეწამული“ (1930), „მაისის განთიადი“ (1941-1946), „ქართული ფოლადი“ (1953), „დაუვიწყარნი“ (1953-1954) და სხვა მრავალი. ეწეოდა ნაყოფიერ მთარგმნელობით მუშაობას. ქარათულად თარგმნა ჯეკ ლონდონის „მარტინ იდენი“, ი. ტურგენევის „რუდინი“, ა. გერცენის „ნამყო და ნააზრევი“ და სხვა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან პანთეონში დაკრძალულებია მისი მეუღლე აგრაფინა თავაძე (1894-1973) და ვაჟიშვილი აკაკი თავაძე (1918-1920).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალანია, გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 562.
- (2013) „სოლომონ თავაძე“, მწერალთა ავტობიოგრაფიები, წიგნი I. თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი, გვ. 600-603. ISBN 978-99940-28-84-9.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 163, თბ., 1994