საცურავი ბუშტი
საცურავი ბუშტი — ძვლიანი თევზების ორგანო, რომელიც ასრულებს ჰიდროსტატიკურ, ზოგჯერ სუნთქვის, აგრეთვე ზოგ სხვა ფუნქციას.იგი წინა ნაწლავის ზედა კედლის კენტი გამონაზარდიდან ვითარდება და თავიდანვე ასრულებს ჰიდროსტატიკურ ფუნქციას: აირების რაოდენობა მასში რეფლექსურად იცვლება, რაც ცვლის საცურავი ბუშტის მოცულობას და, შესაბამისად, თევზის სხეულის კუთრ წონას (საცურავი ბუშტის შეკუმშვისას — მომატებას, გაფართოებისას — დაკლებას) და უადვილებს მას ჩაძირვას თუ ამოტივტივებას. ზოგი თევზის საცურავი ბუშტი მონაწილეობს ბგერების გატარებასა და გაძლიერებაში, ზოგჯერ ბგერებსაც წარმოქმნის. ზოგჯერ კი სუნთქვის დამატებითი ორგანოს ფუნქციასაც იძენს.
ორგვარადმსუნთქავი, მრავალფარფლიანი და მტევანფარფლიანი თევზების საცურავი ბუშტი წყვილადია. ვითარდება წინა ნაწლავის ქვედა კედლის გამონაზარდებიდან, თავიდანვე ემსახურება სუნთქვას (წყალსატევების დროებითი ამოშრობის დროს) და, ამრიგად, არსებითად ფილტვებად უნდა მივიჩნიოთ; მისი სუსტი ჰიდროსტატიკური ფუნქცია მეორეულია. ხერხემლიანების ხმელეთზე ამოსვლისას ასეთი საცურავი ბუშტი საბოლოოდ გარდაიქმნა ფილტვებად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნათაძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 215.