საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 1991
‹ 1995 › | ||||
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები | ||||
26 მაისი 1991 | ||||
პრეზ. კანდიდატი | ზვიად გამსახურდია | ვალერიან ადვაძე | ||
პარტია | მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო | |||
მოსახლეობის ხმები | 2 565 362 | 240 243 | ||
პროცენტი | 86,14% | 8,07% | ||
მოქმედი პრეზიდენტი |
არჩეული პრეზიდენტი | |||
ზვიად გამსახურდია |
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 1991 — პირველი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. გაიმართა 1991 წლის 26 მაისს. არჩევნებში გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ დიდი უპირატესობით, ხმათა 86%-ით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობა შემოღებულ იქნა 1991 წლის 14 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ ზვიად გამსახურდიას მოთხოვნით. იმავე დღეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად ღია კენჭისყრით აირჩია გამსახურდია.
პირველი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა 1991 წლის 26 მაისს. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლებოდა თუ მასში მონაწილეობას მიიღებდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის უმრავლესობა. არჩეულად ჩაითვლებოდა ის კანდიდატი, რომელიც მიიღებდა არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტის მხარდაჭერას.
წინასაარჩევნო მზადება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1991 წლის 14 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაადგინა, რომ საქართველოს რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნები საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭსყრით დანიშნულიყო 1991 წლის 26 მაისს. იმავე დადგენილებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაევალა უზრუნველყო საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების ჩატარება[1].
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა არჩილ ჭირაქაძე, კომისიის მდივანი — ლ. მესხი.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის 1991 წლის 26 მაისის არჩევნების გრაფიკის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა შემდეგი:
- პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და ამომრჩეველთა ჯგუფების განცხადებანი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის შესახებ (პრეზიდენტობის კანდიდატების მხარდამჭერთა სიების შეგროვების უფლების მოპოვება) ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღოს არა უგვიანეს 1991 წლის 23 აპრილის 22 საათისა;
- ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პრეზიდენტობის კანდიდატების მხარდამჭერთა სიები წარედგინოს არა უგვიანეს 1991 წლის 2 მაისის 22 საათისა;
- შემოწმდეს პრეზიდენტობის კანდიდატების მხარდამჭერთა სიები და უზუსტობათა შემთხვევაში შესასწორებლად დაუბრუნდეს მათი წარდგენიდან 5 დღის განმავლობაში, მარა არა უგვიანეს 1991 წლის 7 მაისის 22 საათისა;
- პრეზიდენტობის კანდიდატების მხარდამჭერთა სიები ხელმეორედ წარედგინოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მის მიერ მხარდამჭერთა სიების დაბრუნებიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 1991 წლის 12 მაისის 22 საათისა;
- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაციის დამთავრება და მათთვის მოწმობების გადაცემა უზრუნველყოს მხარდამჭერთა სიების ხელმეორედ წარდგენიდან 3 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 1991 წლის 13 მაისის 22 საათისა;
- პრეზიდენტობის კანდიდატთა საარჩევნო კამპანია დაიწყოს 1991 წლის 14 მაისიდან და დამთავრდეს 1991 წლის 25 მაისის 24 საათამდე[2].
18 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის კან��ნი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევის შესახებ[3].
24 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამართულ თავის სხდომაზე პრეზიდენტობის კანდიდატებად გაატარა:
- ზვიად გამსახურდია — პოლიტიკური ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოსაგან“;
- ირაკლი შენგელაია — პოლიტიკური ბლოკი „თავისუფლებისაგან“;
- გიორგი ყორღანაშვილი — „საქართველოს კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტიისაგან“;
- როინ ლიპარტელიანი — „სრულიად საქართველოს მიწათმოქმედთა კავშირისაგან“;
- ჯიმი მიქელაძე — „საქართველოს დამოუკიდებელი კომპარტიისაგან“;
- ქართლოს ღარიბაშვილი — მოძრაობის „დემოკრატიული საქართველოს“ ამომრჩეველთა ჯგუფისაგან;
- ვალერიან ადვაძე — „საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირისაგან“;
- ნოდარ ნათაძე — საქართველოს სახალხო ფრონტის, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის, ამომრჩეველთა ჯგუფისაგან;
- თამაზ კვაჭანტირაძე — საქართველოს თავისუფალ დემოკრატთა კავშირისაგან“.
საქართველოს ყველა დასახელებულ პრეზიდენტობის კანდიდატს მინიჭებული ჰქონდა მხარდამჭერი ამომრჩევლების სიების შეგროვების უფლება. კანონის თანახმად, ეს სიები, რომლებშიც უნდა ყოფილიყო სულ ცოტა 10 000 ამომრჩევლის ხელმოწერა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციისათვის არჩევნებამდე უნდა წარედგინათ არაუგვიანეს 23 დღისა ანუ 1991 წლის 2 მაისის 22 საათისა.
როგორც კომისიის სხდომაზე აღინიშნა, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ჯაბა იოსელიანის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის შესახებ ამომრჩეველთა ჯგუფისაგან განცხადება არ იყო მიღებული, რადგან იგი შემოვიდა „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ კანონში ცვლილებათა შეტანის თაობაზე უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის შემდეგ. ამ ცვლილების თანახმად, არჩევნებში არ მონაწილეობდნენ ის პირები, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივ-საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით არჩეული იყო აღკვეთის ღონისძიება — პატიმრობა. ამის შესაბამისად, საინიციტიავო ჯგუფს, რომელმაც დაასახელა ეს კანდიდატურა, არ მიეცა მისის მხარდამჭერი ამომრჩევლების სიების შეგროვების უფლება[4].
26 აპრილს გაიმართა საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მორიგი სხდომა. კომისიამ განიხილა ჯაბა იოსელიანის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების საინიციატივო ჯგუფის განცხადება. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ თითქოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გადაიცა არასწორი ინფორმაცია ამ ჯგუფის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჭირო საბუთების წარდგენის ვადასთან დაკავშირებით, და კომისიამ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, რადგან „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ კანონში შესწორება შეტანილ იქნა კომისიაში განცხადების წარმოდგენის შემდეგ. ამასთან ჯგუფის აზრით, თვით ეს შესწორებაც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადასტურა მის მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და განმარტა, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ ჯაბა იოსელიანი პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის შესახებ განცხადება იმ ფორმით, რომელიც იძლეოდა მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების უფლებას, კომისიაში წარმოადგინეს მიმდინარე წლის 23 აპრილს დღის მეორე ნახევარში, ანუ მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა კანონი „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“. რაც შეეხება 22 აპრილს კომისიაში წარმოდგენილ დოკუმენტს, იგი არ იყო სრულყოფილი (აკლდა: კანდიდატის თანხმობა კენჭისყრაზე და მისი დაბადების ასლი). ამიტომ საარჩევნო კომისიამ ჯაბა იოსელიანის კანდიდატურა არ ცნო 22 აპრილს წარდგენილად, რის შესახებაც მაშინვე ეცნობა ამომრჩეველთა ჯგუფს[5].
პოლიტიკური პარტიებისაგან, საარჩევნო ბლოკებისა და ამომრჩეველთა ჯგუფებისაგან პრეზიდენტობის კანდიდატებად დასახელებული (ზვიად გამსახურდიას გარდა) რვა დანარჩენი პრეტენდენტიდან, პრეზიდენტობის კანდიდატურაზე კენჭის იყრიდა ხუთი კაცი, მათ მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიების კომისიაში შემოსვლის კვალობაზე. ესენი იყვნენ: ირაკლი შენგელაია, ჯიმი მიქელაძე, ვალერიან ადვაძე, თამაზ კვაჭანტირაძე და ნოდარ ნათაძე[6].
პრეზიდენტობის არჩევნების კანდიდატად რეგისტრაციის დასასრულს გამოიკვეთა 6 პრეტენდენტი: 1) ზვიად გამსახურდია, 2) ირაკლი შენგელაია, 3) ჯემალ მიქელაძე, 4) ვალერიან ადვაძე, 5) თამაზ კვაჭანტირაძე და 6) ნოდარ ნათაძე.
რეგისტრაციაზე უარი ეთქვა როინ ლიპარტელიანს, რადგან კანონით დადგენილ ვადაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილ იქნა 10 000-ზე ნაკლები მისი მხარდამჭერის ხელმოწერა.
გივი ყორღანაშვილმა მხარდამჭერთა ხელმოწერების წარმოდგენამდე მოხსნა თავისი კანდიდატურა.
ქართლოს ღარიბაშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ წარმოადგინა მხარდამჭერთა ხელმოწერები[7].
საქართველოს რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად რუსეთის ქალაქებში მოსკოვსა და ლენინგრადში შეიქმნა საარჩევნო უბნები[8].
არჩევნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საპრეზიდენტო არჩევნები დაუბრკოლებლად ჩატარდა აფხაზეთის ასსრ-შიც[9].
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე მოწვეულები იყვნენ საერთაშორისო მეთვალყურეები. მათი სიტყვებით „არჩევნებმა თავისუფალი ნება გამოხატა და დემოკრატიული არჩევნების საყოველთაოდ მიღებული ნორმების მიხედვით, წესისამებრ წარიმართა. ამომრჩევლებზე ზეგავლენის და საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლის შემთხვევები არ ყოფილა. რამდენიმე მეთვალყურემ უმნიშვნელო გადახრები შეამჩნია საარჩევნო პროცესთან დაკ���ვშირებით, იყო უმნიშვნელო დარღვევებიც, რომლებიც გავლენას ვერ მოახდენდა საარჩევნო პროცესზე, ხმის მიცემაზე ან კიდევ არჩევნების საბოლოო შედეგზე. საქართველოში დემოკრატიული არჩევნების მცირე გამოცდილების გათვალისწინებით არჩევნები ჩინებულად იყო ორგანიზებული[10].
შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეაჯამა 1991 წლის 26 მაისს ჩატარებული საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების შედეგები.
ქვემდგომი საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა:
- საქართველოს რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი — 3 594 810. არჩევნების მონაწილეთა რიცხვი — 2 978 247, კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვი — 2 968 945, ბათილად ცნობილი ბიულეტინების რიცხვი — 39 918;
- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატებისათვის მიცემული ხმების რაოდენობა: ზვიად გამსახურდია — 2 565 362, ირაკლი შენგელაია — 26 886, ჯემალ მიქელაძე — 51 717, ვალერიან ადვაძე — 240 243, თამაზ კვაჭანტირაძე — 8 553, ნოდარ ნათაძე — 36 266;
- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის 25-ე მუხლის თანახმად,
- ა) საქართველოს რესპუბლიკის არჩევნები ჩატარებულად იქნა ცნობილი;
- ბ) საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ზვიად გამსახურდია[11][12].
პრეზიდენტობის კანდიდატები | პარტია | ხმები | % |
---|---|---|---|
ზვიად გამსახურდია | მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო | 2 565 362 | 86,14 |
ვალერიან ადვაძე | საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირი | 240 243 | 8,07 |
ჯემალ მიქელაძე | საქართველოს დამოუკიდებელი კომუნისტური პარტია | 51 717 | 1,74 |
ნოდარ ნათაძე | საქართველოს სახალხო ფრონტი | 36 266 | 1,22 |
ირაკლი შენგელაია | ბლოკი „თავისუფლება“ | 26 886 | 0,9 |
თამაზ კვაჭანტირაძე | საქართველოს დემოკრატიული ბლოკი | 8 553 | 0,29 |
ყველას წინააღმდეგ | 9 302 | 0,31 | |
ბათილად ცნობილი ხმები | 39 918 | 1,34 | |
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა | 2 978 247 | 100,00 | |
აქტივობა | 2 978 247 | 82,85 | |
არ მივიდა არჩევნებზე | 616 563 | 17,15 | |
დარეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა/აქტივობა | 3 594 810 | 100,00 | |
წყარო: საქართველო - არჩევნების ისტორია 1990-2010[მკვდარი ბმული] |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 89, 218, ISBN 978-9941-0-5972-8.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №73 (93), 16 აპრილი, 1991
- ↑ გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №76 (96), 19 აპრილი, 1991
- ↑ გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №77 (97), 20 აპრილი, 1991
- ↑ გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №80 (100), 25 აპრილი, 1991
- ↑ გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №82 (102), 27 აპრილი, 1991
- ↑ გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №87 (107), 4 მაისი, 1991
- ↑ გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №94 (114), 15 მაისი, 1991
- ↑ გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №98 (118), 21 მაისი, 1991
- ↑ გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №94, 28 მაისი, 1991
- ↑ გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №108 (128), 30 მაისი, 1991
- ↑ გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №110 (130), 4 ივნისი, 1991
- ↑ გაზ. „ახალგაზრდა ივერიელი“, №65 (11698), 6 ივნისი, 1991
|