საქართველოს იმედი
საქართველოს იმედი — ხატი, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით სამი წლის განმავლობაში, 2009 წლიდან იქმნებოდა.[1]
შექმნის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ღვთის მადლით შექმნილია ხატი, რომელსაც ჩვენ სამი წელი ვაკეთებდით. ეს არის დიდი ხატი, მსგავსი ხახულის ღვთისმშობლის ხატისა. მასზე 400-ზე მეტი წმიდანის პატარა ხატია მოთავსებული. შემკულია მინანქრისა და ოქროს ფირფიტებისაგან. ხატი სასწაულთმოქმედია.“[2] — აღნიშნა უწმიდესმა და მას „ხელთუქმნელი“ უწოდა.[3]
2011 წლის 24 დეკემბერს დილის 11:00 საათზე საპატრიარქოს შენობიდან სიონის საკათედრო ტაძარში ხატის გადაბრძანებას უწმინდესი და უნეტარესი სამღვდელო და სამონაზვნო დასთან და მრევლთან ერთად წარუძღვა. მცირე პარაკლისის შემდეგ სიონის საკათედრო ტაძრიდან ხატი ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გადააბრძანეს, სადაც პარაკლისი შესრულდა.
ხატის შესაქმენლად შემოწირულობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სამი წლის განმავლობაში გროვდებოდა და მის შექმნაში თითოეულ ადამიანს შეეძლო მონაწილეობის მიღება.
ხატის აღწერილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ხატი კარედის სახისაა, სამკარიანია და მასზე გამოსახულია საქართველოს ყველა წმინდანი, იგი მსგავსია ხატისა „საქართველოს დიდება“. რა თქმა უნდა, არის განსხვავებებიც. კერძოდ, ხატის შუა ნაწილში გამოსახულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ხოლო მის მაღლა ყოვლადწმინდა სამება, ასევე ხატზე „საქართველოს იმედი“, წმინდა სიდონია დაჩოქილია კვართით, როდესაც იგი უფალს მეორედ მოსვლისას ეგებება. ხატზე გამოსახულია ჯვრებიც, რომლებშიც ჩაბრძანებულია წმინდა ნაწილები“ — აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.[4]
ჭედურობა შეასრულეს ბექა ვარდუკაძემ, დავით თევდორაშვილმა, ზაზა საღიანმა და ვიქტორ თოდუამ.
„საქართველოს იმედის“ ხატზე გამოსახულნი არიან: ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მის მაღლა ყოვლადწმინდა სამება. ღვთისმშობლის გარშემო მთავარანგელოზები — მიქაელი და გაბრიელი, ანდრია პირველწოდებული და წმინდა გიორგი. მეორე მხარეს კი წმინდა ნიკოლოზი და წმინდა ნინო. ასევე, მოწამე და მეომარი ქართველები, სასულიერო პირები. სულ ოთხასზე მეტი წმინდანი.