შინაარსზე გადასვლა

რომანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რომანი (მრავალმნიშვნელოვანი).

რომანი — დიდი მოცულობის თხრობითი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელსაც ახასიათებს რთული სიუჟეტი. მოთხრობისაგან განსხვავებით, რომანში ასახულია ცხოვრებისეული მოვლენების დიდი წრე, საინტერესო და მრავალმხრივი ცხოვრება ბევრი მოქმედი პირის, რომელთა ინტერესებიც გადახლართულია ერთმანეთში.

თემატიკის მიხედვით რომანი შეიძლება იყოს ისტორიული, სოციალური, ფილოსოფიური, საოჯახო-ყოფითი, სათავგადასავლო, ფანტასტიკური და ა.შ. ზოგჯერ ერთი რომანის გმირთა ცხოვრება მეორეშიც გრძელდება, ამგვარად, ეს ორი ნაწარმოები ერთიანდება დილოგიაში, სამი რომანი — ტრილოგიაში, ოთხი — ტეტრალოგიაში.

რომანში ძირითად მაორგანიზებელ როლს ასრულებს არა თხრობის მანერა, ქრონიკალური და აღწერითი ეპიზოდები, არამედ თავად სიუჟეტი, მოვლენათა ვრცელი დიაპაზონი. რომანს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თანამედროვე ლიტერატურაში, მაშინ, როდესაც ანტიკური ხანის ეპოქაში იგი ერთ-ერთი მეორეხარისხოვანი ჟანრთაგანი იყო. რომანის განვითარებისათვის განსაკუთრებით კეთილსასურველი პირობები შეიქმნა აღორძინების ეპოქაში, თუმცა მკვეთრი აღმავლობა მაინც XIX ს. მიეკუთვნება. დღეისათვის, სხვა სახეებთან ერთად, წარმატებით ვითარდება ფსიქოლოგიური რომანის ჟანრი.

ძირითადად რომანში მოთხრობილია მთავარი გმირის ცხოვრების და მისი პიროვნების განვითარების შესახებ მისი ცხოვრების კრიზისულ პერიოდში. თხრობის ვარიანტები, ძირითადად, შეიძლება შემდეგი სახის იყოს: